GE

„მათემატიკის ტესტზე მუშაობის პროცესში გააკეთეთ შესვენებები“ – პრაქტიკული წინასაგამოცდო მითითებები აბიტურიენტებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 12 ივლისს, მათემატიკის გამოცდით გრძელდება და ორ სესიად ჩატარდება. მათემატიკის არჩევით საგანს წელს 17 000 აბიტურიენტი აბარებს, ის არჩევითი საგნების სტატისტიკით, ისტორიის შემდეგ მეორე ადგილზეა.

მათემატიკის საგამოცდო ტესტი შედგენილია  41 დავალებისაგან. 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის ტესტის მაქსიმალური ქულაა 51, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 3 საათი.

მათემატიკის საგნის სპეციალისტი, კომაროვის შაბათის სკოლის ახალგაზრდა მათემატიკის მასწავლებელი, თაზო ლოლიშვილი აპლიკანტებს წინასაგამოცდო რჩევას EDU.ARIS.GE-ს დახმარებით აძლევს და პუნქტებად გვიყალიბებს, რა უნდა გაითვალისწინონ იმ აბიტურიენტებმა, რომლებსაც ეს გამოცდა განსაკუთრებით აშინებთ:

1. იყავით თანმიმდევრულნი – თანმიმდევრობით მიყევით ამოცანებს, რიგითობის მიხედვით, თუ რომელიმეში გაიჭედებით, დიდი დრო და ენერგია არ დახარჯოთ, გადადით შემდეგ ამოცანებზე, ამით გონება მოეჩვევა კომპლექსურ აზროვნებას და საერთოდაც მომდევნო გამოცდილებები შეიძლება დაგეხმაროთ გაუკეთებელი ამოცანის ამოხსნაში

2. ტესტზე მუშაობის პროცესში გააკეთეთ შესვენებები ყოველ ნახევარ საათში ან 40 წუთში ერთხელ. გონებას აქვს ბაზისური ენერგია, რომელიც ამოწურვადია, ადრენალინის და საგამოცდო სტრესის გამო, გვგონია, რომ არ დავღლილვართ, თუმცა ეს მოჩვენებითია, გონებას დასვენება სჭირდება.

3. დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი გამოფხიზლების მიზნით. ჩვენი ორგანიზმის უმეტესი ნაწილი სწორედ წყლისგან შედგება, ამიტომ, ბიოლოგიურ დონეზე, აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხე, გამოცდის დროს კი ორგანიზმს ვაფხიზლებთ წყლის მიწოდებით.

4. თუ დროზე ადრე დაასრულებთ, არ გამოხვიდეთ სესიიდან, დამშვიდდით, დაისვენეთ და  გადაამოწმეთ ამოცანები, უკვე ამოხსნილ და მარტივ ამოცანებში მექანიკური შეცდომის დაშვება უფრო მტკივნეულია, ვიდრე ამოუხსნელ ამოცანებში ქულის დაკლება.

5. გწამდეთ თქვენი თავის.  თქვენ შეგიძლიათ საუკეთესო შედეგის დადება, ამისთვის ბევრი იშრომეთ და მზად ხართ! არ უსმინოთ სხვებს, განსაკუთრებუთ გამოცდიდან რომ გამოხვალთ, პასუხების გადამოწმება და თქვენი თავის დასტრესვა საჭირო არაა, მოგვიანებით, მშვიდი გონებით შეამოწმეთ თქვენი ნამუშევარი.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ მათემატიკის ტესტი 41 დავალებისგან შედგება, რომელთაგან 37 დახურული და 4 ღია დავალებაა. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური