GE

მათი სტაბილური დასაქმების გარანტორი რკინიგზაა – კოლეჯი, რომელიც კადრებს ქვეყნის უმსხვილესი კომპანიისათვის ამზადებს

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი, ერთადერთი სასწავლებელი საქართველოში, რომელიც ყველაზე სტაბილური, უმსხვილესი კომპანიისთვის ამზადებს  პროფესიულ სტუდენტებს გარანტირებული სამუშაო ადგილებით, სტაბილური შემოსავლით, კარიერული წინსვლის უზარმაზარი პერსპექტივით, ინდივიდუალური სასწავლო გეგმითა და სამომავლო ჯანმრთელობის დაზღვევით. საშემოდგომო მიღებაზე კოლეჯი 222 პროფესიულ სტუდენტს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 222-ვემ რომ წარმატებით დაასრულოს კოლეჯი, ყველა დასაქმდება, რადგან თითოეული ადგილი შეთანხმებულია სს საქართველოს რკინიგზასთან. საქართველოს რკინიგზის გარდა კოლეჯის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს მარაბდა-კარწახის რკინიგზაზე, კერძო ჩიხებსა და მეტროპოლიტენებში.

“პროფესიულ სტუდენტს, კოლეჯსა და რკინიგზას შორის სამმხრივი ხელშეკრულება ფორმდება და სტუდენტები რკინიგზაში დასაქმდებიან. ანუ, ჩვენს მიერ გამოცხადებული თითოეული ადგილის უკან რეალური სამუშაო ადგილი დგას  სარკინიგზო სფეროში”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

კოლეჯი განახლებული სახით სულ ცოტა ხნის წინ ამოქმედდა და ხუთსართულიან, აბსოლუტურად კეთილმოწყობილ და აღჭურვილ შენობაშია განთავსებული, რომელიც  800 პროფესიულ სტუდენტს იტევს. შენობა, მისი თითოეული წერტილი ადაპტირებულია. სტუდენტები საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ ლაბორატორია-სახელოსნოებსა და სიმულატორებით სწავლობენ და სწავლის დასრულების შემდეგ გარანტირებულად საქმდებიან.

ხარისხის მართვის მენეჯერი, მანანა მოისწრაფიშვილი EDU.ARIS.GE-სთან იმ პროგრამებზე საუბრობს, რომლებიც კოლეჯში მოქმედებს და ამბობს, რომ სასწავლო პროცესი, გეგმა და გრაფიკი მორგებულია თითოეული სტუდენტის ინტერესებზე. შესაბამისად, უკვე დასაქმებულ სტუდენტებს არ უწევთ არჩევანის გაკეთება სწავლასა და სამსახურს შორის.

მანანა მოისწრაფიშვილი: საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტისათვის ტექნიკური სპეციალისტების მომზადება რკინიგზის გახსნიდან 3 წელიწადში დაიწყო და იგი წარმატებით ფუნქციონირებდა 90-იან წლებამდე. ცნობილი მოვლენების დროს კოლეჯი ინსტიტუტად გადაკეთდა, მოგვიანებით კი ტექნიკურ უნივერსიტეტს შეერწყა. იმ ფაქტმა, რომ სარკინიგზო დარგებისათვის ტექნიკური სპეციალისტები ვერ მზადდებოდა წარმოების მოთხოვნების შესაბამისად, ან მზადდებოდა, მაგრამ ძალიან ცოტა, რამაც რკინიგზაში კადრების სერიოზული დეფიციტი გამოიწვია.

2015 წელს საქართველოს რკინიგზამ მოიწვია კომპანია და ჩაატარებინა კვლევა, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ რკინიგზაში ტექნიკური პერსონალის საშუალო ასაკი 48 წელი იყო, რაც საგანგაშოა. შესაბამისად, დაუდგა საჭიროება, რომ კადრების მოსამზადებლად რაიმე ეღონათ. წარმოების მაშინდელმა მენეჯმენტმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად გადაწყვიტა ახალი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაეფუძნებინათ. შესაბამისად, კოლეჯის დამფუძნებლები არიან საქართველოს რკინიგზა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

იხილეთ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის პროგრამები

შენობა, სადაც კოლეჯია განთავსებული, თავის დროზეც სასწავლო მიზნებისათვის იყო აშენებული. მას ჩაუტარდა საფუძვლიანი რეაბილიტაცია და აღიჭურვა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ასევე, მომზადდა განახლებული სასწავლო პროგრამები, სასწავლო-მეთოდური ლიტერატურა და გადამზადდა პროფესიული მასწავლებლები. ფინანსურად აღნიშნულში დაგვეხმარა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლის კონტრიბუციამ შეადგინა 2 542 296 ლარი, სს საქართველოს რკინიგზა 2 477 539 ლარით და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგრანტო დაფინანსება 2 291 900 აშშ დოლარით. ეს დაფინანსება სრულიად საკმარისი აღმოჩნდა თანამედროვე, სრულიად აღჭურვილი შენობის კეთილმოსაწყობად.

ასევე, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ 8 პროგრამისათვის თანამედროვე, დუალური სწავლების მეთოდოლოგიაში 70-მდე პედაგოგი გადაგვემზადებინა. პარტნიორები იყვნენ გერმანიის რკინიგზა, რომელიც დუალური სწავლების განხორციელებაში ერთ-ერთი წარმატებულია, მათ მიერ რევიზირებული იქნა რვავე საგანმანათლებლო პროგრამა, ყველა სასწავლო და საგამოცდო მასალა და აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სწავლების კუთხით. ასევე, არ შეიძლება არ იქნას აღნიშნული ის არაფინანსური და არამატერიალური დახმარება, რომელიც მივიღეთ კოლეჯის რეაბილიტაციისა და პროფესიული სტუდენტების მიღების მომზადებისთვის რჩევების, კონსულტაციებისა და ინსტიტუციური მხარდაჭერის სახით საქართველოს რკინიგზისგან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან და სხვა ორგანიზაციებისგან.

–რა პროგრამები მოქმედებს ამ ეტაპზე კოლეჯში?

–პროგრამების დამატება ორ ეტაპად მოხდა. სამი პროგრამა – რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი და ელექტრომომარაგების  მეურნეობის პროგრამა მიმდინარე წლის მარტში ამოქმედდა. ორი ჯგუფი დაკომპლექტდა. შემოდგომისთვის დაემატება 5 პროგრამა – ლოკომოტივის მემანქანის, რკინიგზის ტრანსპორტზე სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების, სავაგონო მეურნეობის, სარკინიგზო გადაზიდვებისა და რკინიგზის ელექტრომოძრავი შემადგენლობის მექანიკოსის პროგრამები. ჯამში სულ რვა პროგრამა გამოვა და სრულად მოიცავს საქართველოს რკინიგზის საჭიროებებს ტექნიკურ პერსონალზე. პროგრამების ხანგრძლივობა 17-დან 23 თვემდეა. სწავლების ბოლოს საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება.

–სამომავლოდ პროგრამების დამატებას აღარ უნდა ველოდოთ?

–უნდა ველოდოთ, თუმცა ეს დამატება მოხდება მხოლოდ საქართველოს რკინიგზის საჭიროებებიდან გამომდინარე, მასთან შეთანხმებით, ვინაიდან დამფუძნებელი და ძირითადი დამსაქმებელიც რკინიგზაა. ჩვენი მთავარი პრინციპია საქართველოს რკინიგზაში არსებულ ვაკანსიებზე დაფუძნებით გამოცხადებული მისაღების კონტიგენტის დაგეგმვა. როგორც უკვე აღვნიშნე, ვახორციელებთ, სამუშაოზე დაფუძნებულ (დუალურ) სწავლებას. სტუდენტს, კოლეჯსა და რკინიგზას შორის სამმხრივი ხელშეკრულება ფორმდება და სტუდენტები რკინიგზაში მუშაობის პროცესში ეუფლებიან პროფესიას.

–რამდენად შეძლებს საქართველოს რკინიგზა ყოველწლიურად ყველა კურსდამთავრებულის დასაქმებას? და სხვაგან თუ შეუძლიათ მათ სადმე მუშაობის დაწყება?

–წელს 222 სტუდენტზე გვაქვს გამოცხადებული მიღება. ეს იმას ნიშნავს, რომ 222-ვემ რომ წარმატებით დაასრულოს კოლეჯი, ყველა დასაქმდება, რადგან რკინიგზაში ამდენი ვაკანსია არსებობს. ასევე მომდევნო წელსაც, რადგან კონტიგენტს ისე დავგეგმავთ და იმდენ ადგილს გამოვაცხადებთ, რამდენი ვაკანსიაც იქნება მოსალოდნელი საქართველოს რკინიგზაში.

თუმცა, საქართველოს რკინიგზის გარდა ჩვენი დამსაქმებელია მარაბდა-კარწახის რკინიგზა, კერძო ჩიხები, მეტროპოლიტენი. გარდა ამისა, ჩვენს კურსდამთავრებულს თვითდასაქმების ძალიან მაღალი შანსი აქვს, ვინაიდან მაგალითად რკინიგზის ელექტრომეურნეობის პროგრამა არის ელექტროობის ჩარჩო-დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროგრამა. ელექტროობის ჩარჩო დოკუმენტში კი არის დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტროობა და რკინიგზის ელექტრომომარაგება. რკინიგზის ელექტრომომარაგება რომ ისწავლო, დაბალი ძაბვაც გავლილი უნდა გქონდეს და მაღალი ძაბვაც. შესაბამისად, რკინიგზის პროგრამები თავის თავში სხვა პროგრამებსაც მოიცავს. ანუ, ჩვენი რკინიგზის ელექტრომომარაგების კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს დაბალი და მაღალი ძაბვის ელექტრიკოსებად ნებისმიერ წარმოებასა და მშენებლობებზე. იგივეს თქმა შეიძლება სხვა პროგრამებზეც. ანუ, სარკინიგზო სპეციალობის განათლება დაფუძნებულია ჩვეულებრივი მექანიკოსის, ელექტრიკოსის, მშენებლობის საბაზო ცოდნაზე და ამას ემატება სპეციფიური ცოდნა. რაც შეეხება მემანქანეს, მას დასაქმების ყველაზე მაღალი პოტენციალი აქვს. გარდა საქართველოს რკინიგზის, მეტროპოლიტენისა და კერძო ჩიხებისა, მას მუშაობის დაწყება შეუძლია მსოფლიოს მასშტაბით ყველგან, რადგან მატარებელი ისე იმართება მთელს მსოფლიოში, როგორც ამას ჩვენი მემანქანეები სწავლობენ.

–როგორი ანაზღაურებაა ამ სფეროში?

–ტექნიკური პერსონალის ხელფასი 700-დან 1500 ლარამდეა. სამუშაო სტაბილურია. არაფერი რომ არ მუშაობდა 90-იანი წლების პერიოდში, საქართველოს რკინიგზა ერთადერთი თუ არა,  ერთ-ერთი იყო იმ რამდენიმე კომპანიას შორის, რომელიც არ გაჩერებულა. ასე რომ, ის სტაბილური დასაქმების გარანტორია. რკინიგზით მთელი საქართველოა დაქსელილი და არის რეგიონები, სადაც რკინიგზის გარდა ფაქტობრივად არაფერი მუშაობს და იგი ერთადერთი დამსაქმებელია. ამ რეგიონებში თაობები იზრდებიან რკინიგზაში – ჯერ ბაბუები მუშაობდნენ, მერე მამები და ახლა შვილები.

–ვინაიდან სწავლება დუალურია, იგულისხმება, რომ პრაქტიკა სასწავლო კურსის საკმაოდ დიდ ნაწილს მოიცავს. დაახლოებით როგორ ნაწილდება?

–პრაქტიკული კომპონენტი 50%-ზე მეტს მოიცას. 60-65-70 % პრაქტიკაა უშუალოდ საქართველოს რკინიგზაში. სასწავლო გეგმის მიხედვით მინიმუმ 20, მაქსიმუმ კი 27 კვირა სტუდენტი ამ სივრცეში სწავლითაა დაკავებული. ამის შემდეგ კი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაზე გადადიან. პირველი 10-15 კვირის განმავლობაში კვირაში 2-ჯერ დადიან კოლეჯში და 4-ჯერ სამსახურში, ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით. შემდეგ უკვე კოლეჯში კვირაში ერთხელ მოდიან თეორიული ნაწილის გასავლელად, 5  დღე კი წარმოებაში მუშაობენ.  დუალური მეთოდი რომ ყველაზე წარმატებულია, ამაზე აღარავინ დაობს. მისი პლუსია ისიც, რომ სტუდენტს უკვე როგორც თანამშრომელს იცნობენ კომპანიაში, იციან მისი შესაძლებლობები და საბოლოოდ სამუშაო ადგილიც მოაზრებული აქვთ მათთვის.

–გარდა იმისა, რომ სწავლა უფასოა, სთავაზობს თუ არა კოლეჯი სტუდენტებს დამატებით შეღავათებს?

–დიახ, სწავლა პროფესიული სტუდენტისთვის უფასოა, ვინაიდან იგი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ ვაუჩერული წესით. ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს რკინიგზასთან პროფესიული სტუდენტებისთვის უფასო მგზავრობითა და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფისთვის. კოლეჯი ორიენტირებულია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის მეტი შეღავათის დაწესებაზეც. ყველანაირად ვცდილობთ მოვიპოვოთ ახალი საგრანტო დაფინანსება კამპუსის მშენებლობისათვის, რომელიც ძალიან გვჭირდება, რადგან რეგიონის მოსახლეობისათვის ბინის ქირის გადახდა სერიოზული პრობლემაა.

–უკვე დასაქმებული სტუდენტებისთვის რა შეთავაზება გაქვთ, რომ მათ შეძლონ სწავლაც და მუშაობაც?

–ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას ვთავაზობთ. ჩვენი სტუდენტების ნაწილი დასაქმებულია და მათთვის სპეციალური გრაფიკი არსებობს. ცხრილი ყოველ კვირას ახლდება, რომელიც ყველა მონაწილე მხარესთან შეთანხმებულია.

–გოგონები თუ არიან თქვენს სტუდენტებს შორის და ზოგადად რამდენად საინტერესოა ეს სფერო მათთვის? ასევე, თავად ეს სფერო რამდენად ღიაა ქალებისათვის?

–მე გახლავართ რკინიგზის მშენებელ-ინჟინერი, პროფესორი. თავად ვარ მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გახდე წარმატებული რკინიგზელი ქალი. გულწრფელად გეტყვით, ამაყი ვარ იმით, რომ საქართველო სქესის ნიშნით არ არჩევს პროფესიაში წარმატებულ ადამიანებს. ჩვენ უკვე გვყავს სტუდენტი გოგონა, რომელიც რკინიგზის ელექტრომომარაგების სპეციალობაზე სწავლობს და ძალიან მოტივირებულია. მისთვის პროგრამის ხელმძღვანელს უკვე მოაზრებული აქვს სამუშაო პოზიცია. მე გოგონებს მოვუწოდებ გახდნენ რკინიგზელი ქალები, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათ განსაკუთრებულ სასათბურე პირობებს შევუქმნით, მაგრამ აუცილებლად ექნებათ ძალიან მაღალი ხარისხის პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის სერვისი.

აღნიშნული სტატია მომზადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (www.mcc.gov) მიერ. ინფორმაცია, რომელიც მოცემულია აღნიშნულ გამოცემაში არ წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პოზიციას.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური