GE

„მცოცავი ოკუპაციის გავლენა მოსახლეობის დენადობაზე“ – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კვლევის პრეზენტაცია

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პროექტ „მცოცავი ოკუპაციის გავლენა მოსახლეობის დენადობაზე“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებულმა ქართულ-ოსურმა კონფლიქტმა საქართველოში რთული პოლიტიკურ-სოციალური პროცესები გამოიწვია. ერთი მხრივ, რუსეთის მიერ ოკუპირებულია ცხინვალის რეგიონი, ხოლო მეორე მხრივ, იმ მოსახლეობის  რთული მდგომარეობა, რომლებიც ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობენ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მთლიანად გამოაჩინა ამ კონფლიქტის სიმძიმე. კონფლიქტურმა პროცესებმა მოიცვა შიდა ქართლის ვრცელი ტერიტორია, რომელმაც, ეტაპობრივად, მცოცავი ოკუპაციის სახეც მიიღო.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები ორი წლის მანძილზე სწავლობდნენ ოკუპირებულ რეგიონთან მდებარე სოფლების მდგომარეობას. მათ საველე სამუშაოები 7 ასეთ სოფელში ჩაატარეს.

უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიას განცხადებით, კვლევის ჩატარების იდეა კსუ-ში გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე მცოცავი ოკუპაციის თემა ასეთ დონეზე გააქტიურდებოდა. მან კვლევის მიმდინარეობისას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას.

„ეს კვლევა უფრო ადრე იყო ჩაფიქრებული, ვიდრე ასე გააქტიურდებოდა მცოცავი ოკუპაციის საკითხი ქვეყანაში. სამუშაოები მეორე წელია მიმდინარეობს, ეს იყო უნივერსიტეტის შიდა გრანტი, კვლევა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს ჩვენმა წარმომადგენლებმა. შედეგების პრეზენტაცია დავამთხვიეთ „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს“ და ამ ღონსიძიების ფარგლებში წარმოგიდგენთ“,- განაცხადა კახაბერ კორძაიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელ სესილი გოგიბერიძის თქმით, ოკუპაციის თემაზე ხშირია პოლიტიკური განცხადებები  და სამოქალაქო აქტივობა, თუმცა მეცნიერულ დონეზე ჩატარებული გამოკვლევები ნაკლებად არსებობს.

„ოკუპაციაზე უფრო მეტი საუბრები მიმდინარეობს პოლიტიკურ ჭრილში, არის სამოქალაქო აქტივობა ამ მიმართულებით, მაგრამ კვლევების კუთხით ბევრი არაფერია გაკეთებული. ჩვენს უნივერსიტეტს ჰქვია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჩვენ დაინტერესებულები ვართ კავკასიური კვლევებით, თანაც უნივერსიტეტში თავი მოიყარა მეცნიერების, დოქტორანტების ერთმა ჯგუფმა რომლებიც სწორედ ამ კონფლიქტის ზონებიდან არიან და ცხადია, რომ ეს ინტერესი უფრო ბუნებრივად დაიბადა ჩვენს უნივერსიტეტში. ამ კვლევით უკვე დაინტერესდნენ უცხოეთის სამეცნიერო წრეებში და სურთ, რომ შემოგვიერთდნენ. უნივერსიტეტი აპირებს, რომ კიდევ გააგრძელოს ამ კვლევის დაფინანსება – აცხადებს სესილი გოგიბერიძე EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

კვლევის ავტორი  კსუ-ის პროფესორი ნინო მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ კონფლიქტურ რეგიონში მუშაობა მარტივი არ იყო, ერთ-ერთ სოფელში უსაფრთხოების საკითხების გამო, შესვლაც კი ვერ შეძლეს.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოცხადდა მცირე სამეცნიერო გრანტების კონკურსი. წარვადგინეთ ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მოვიპოვეთ დაფინანსება. ეს არის მცოცავი ოკუპაციის გავლენა მოსახლეობის დენადობაზე, ეს არის რა თქმა უნდა დღევანდელი საქართველოს ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემა. თავიდანვე შევთანხმდით, რომ კვლევაში უნდა ჩაგვერთო სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. ჩვენს სამუშაოებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში,  ჩართულები იყვნენ ასევე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

„საველე სამუშაოები ჩავატარეთ შვიდ სოფელში, მათგან ერთადერთი სოფელი იყო დვანი, სადაც შესვლა ვერ მოვახერხეთ, ჩვენმა სამართალდამცავებმა არ გაგვატარეს. არ ვიცი რატომ, იმედი მაქვს ჩვენი უსაფრთხოებისთვის მოხდა ეს ყველაფერი.  დანარჩენ სოფლებში შევედით, მთავარი კითხვა რაც ჩვენ გვაინტერესებდა იყო, თუ რა ახდენს გავლენას მოსახლეობის დენადობაზე. ძალიან რთული მდგომარეობაა ამ მხრივ. სოფლები თითქმის დაცარიელდა და ჩვენ ამ საკითხზე მთელი რიგი რეკომენდაციები გვაქვს წარმოდგენილი“,- ამბობს ნინო მინდიაშვილი

„ძალინ მნიშვნელოვანი კვლევაა, ჩვენ შემოგვაქვს აქცენტი იმაზე, იქ როგორ ცხოვრობენ, რა საჭიროებები აქვთ და არა იმაზე, კაბინეტიდან რა ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საჭიროებების კვლევა კონფლიქტის შემდგომი მოგვარების დაწყებისთვის. ჯერ ამ კონფლიქტის გადაჭრისგან ძალიან შორს ვართ. უნდა მოხდეს ნდობის აღდგენა. სამი კომპონენტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგომარეობა და მძიმე  სოციალური ფონი,ეს ყველაფერი თუ არ შეიცვალა, პროცესი ვერ გაგრძელდება. კვლევის დაწყებისას ავიღეთ თეორიული წანამძღვრები, რაც ჩვენამდე არსებობდა, გამოკვლევები, რომლებსაც ვაღიარებთ.  დანარჩენი ჩვენი აქცენტი გადის იმაზე,როგორ ხედავენ ისინი ამ პროცესს“,- აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ინიციატორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი არიანა თავაქარაშვილი.

კვლევის პრეზენტაციას, სამთავრობო, არასამთავრობო სტრუქტურების და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი იყო ფართო საზოგადოებას გაეცნო კსუ-ის „მცირე სამეცნიერო გრანტის“ ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგები. კვლევა  მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ შვიდ სოფელში, ანონიმური კითხვარის საშუალებით, განხორციელდა. საველე სამუშაოების მიმდინარეობისას დაგროვდა ფოტო-ვიდეო მასალა, შეიქმნა კლიპი, რომელიც ასახავს, ერთი მხრივ, დაზარალებული სოფლების პრობლემებს, ხოლო მეორე მხრივ, დენადობის გამომწვევ მიზეზებს, ასევე სამუშაო პროცესს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური