GE

მე-10 და მე-12 კლასების ინგლისური ენის სახელმძღვანელოების შესაძენად 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მე-10 – მე-12 კლასების მოსწავლეების ინგლისური ენის სახელმძღვანელოების და მოსწავლის რვეულების შესაძენად 4 მილიონ ლარზე მეტს გადაიხდის. შესაბამისი შესყიდვის უფლების მოპოვების მიზნით უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავს.

„სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“. პროგრამით დაგეგმილი აქტივობის განხორციელებისათვის, ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე გამომცემლობისგან, შპს „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენი“, საჭიროა X-XII კლასის ინგლისური ენის 68 600 ცალი სახელმძღვანელოს და 127 400 ცალი რვეულის შესყიდვა, რომლის ჯამური ღირებულება 2021 წელს ჩატარებული ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით შეადგენს 4 840 650 ლარს (მათ შორის სახელმძღვანელოების ღირებულება – 1 700 650 ლარი, ხოლო რვეულების ღირებულება – 3 140 000 ლარი)“, – ნათქვამია სააგენტოს წერილში.

შპს ,,ინგლიშ ბუქ ედუქეიშენი” არის გამომცემლობების Macmillan Education-ის, OXFORD University Press და Pearson-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2021 წლის 18 თებერვლის N131168 წერილით ირკვევა, რომ გრიფირება არ გამოცხადებულა და გრიფი არ მიუღია პირველი უცხოური ენის ინგლისურის X-XII კლასების სახელმძღვანელოებს. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს პირველი უცხოური ენის ინგლისურის X-XII კლასების ახლადგრიფირებული სახელმძღვანელოები, გრიფის მოქმედების ვადა გაუხანგრძლივდათ და შესაბამისად, სასწავლო პროცესში კვლავ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის N375 ბრძანებით გრიფირებული პირველი უცხოური ენის ინგლისურის X-XII კლასების სახელმძღვანელოები გამოიყენება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური