GE

მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს შეფასებების ნახვა უკვე შეუძლიათ, ვის მოუწევს სკოლაში ვიზიტი

მეთორმეტეკლასელი მოსწავლეებისთვის სკოლის ბოლო ზარი, სულ რამდენიმე დღის წინ, 19 მაისს დაირეკა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მოსწავლეობის 12 წლიანი პერიოდი დაასრულდა.

ახლა მათი მთავარი კითხვებია: როდის ეცოდინებათ ნიშნები და კიდევ რამდენჯერ ან რისთვის მოუწევთ სკოლაში ვიზიტი.

როგორც კლასის დამრიგებლები გვიყვებიან, ამ საკითხებით მშობლებიც არანაკლებ არიან დაინტერესებულნი და მათი ინფორმირებისთვის, დამრიგებელი, ირმა მესხორაძე EDU.ARIS.GE -სთან განმარტავს, რომ მოსწავლეებს თავიანთი შეფასებების ნახვა უკვე შეუძლიათ, როგორც ციფრულ, ისე ხელნაწერ ჟურნალში.

„ეს ნამდვილად აქტუალური საკითხია და არა მარტო მოსწავლეებს, მათ მშობლებსაც აინტერესებთ. მოგეხსენებათ, მე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი შეწყდა 19 მაისს. საბოლოო შეფასებები ხელნაწერ ჟურნალებში, ისე ციფრულში 21 რიცხვამდე აღირიცხა. მოსწავლეებს შეფასებების ნახვა უკვე შეუძლიათ. აქვე ავღნიშნავ, რომ თუ რომელიმე საგნის პედაგოგს არ აღურიცხავს ნიშანი ელექტრონულ ჟურნალში, დრო 23 მაიასამდე აქვს“, – ამბობს კლასის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება კითხვას, კიდევ რამდენჯერ და რა კონკრეტული პროცედურებისთვის მოუწევთ სკოლაში ვიზიტი მოსწავლეებს, დამრიგებელი ამბობს, რომ  სკოლაში მოსვლის ვალდებულება მათ უკვე აღარ აქვთ, მაგრამ არსებობს კონკრეტული გარემოებები:

„სკოლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს აღარ უწევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსვლა, გარდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევისა: პირველი, თუ მოსწავლემ წიგნები არ ჩააბარა; მეორე, გაცდენების გამო, რადგან აქვს  ე.წ ექსტერნი ჩასაბარებელი. მესამე, აქვს საშემოდგომო გამოცდა ჩასაბარებელი“.

ასევე იხილეთ:

„თქვენ კიდევ ონლაინ სწავლა და კომპიუტერი გინდოდათ?!“ – რა ფრაზები დაამახსოვრდათ 12 წლის შემდეგ სკოლადამთავრებულებს

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური