პრემიერ-მინისტრისა და განათლების მინისტრის სურვილები სკოლადამთავრებულებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე მე-12 კლასის კურსდამთავრებულებს ულოცავენ:
“ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება.
წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია. მჯერა, რომ თქვენი ნიჭითა და შრომით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. თქვენმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.
გისურვებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას!”, – წერს მილოცვაში ირაკლი კობახიძე.
განათლების მინისტრი კი კურსდამთავრებულებს მიმართავს, რომ ახსოვდეთ, ცოდნა ფასობს მაშინ, როდესაც ის ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება.
„დღეს სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ბოლო ზარი დაირეკება.
ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენთვის ერთი დიდი თავგადასავალი სრულდება, თუმცა წინ ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო ეტაპი გელოდებათ. სევდიანია, როდესაც ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, მაგრამ არანაკლებ სასიხარულოა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა.
ეს თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისია. დარწმუნებული ვარ, თქვენი მასწავლებლები, მშობლები, მეგობრები და ახლობლები ამაყობენ თქვენით. მეც მათ შორის ვარ და ძალიან მეამაყება, რომ ჩვენს სამშობლოს ასეთი ღირსეული, მართლაც გამორჩეული ახალგაზრდობა ჰყავს.
სკოლა არის ადგილი, სადაც იქმნება ქვეყნის მომავალი. ცხოვრების გზაზე ყოველთვის გემახსოვრებათ მასწავლებლების დარიგება, პირველი მეგობრები, თანაკლასელებთან ერთად გატარებული წუთები – ეს პატარა სამყარო თქვენთვის ყოველთვის საუკეთესო მოგონებად დარჩება.
მჯერა, სკოლაში მიღებულ განათლებას კიდევ უფრო დიდ გასაქანს მისცემთ ცხოვრების გზაზე. ჩვენი ვალია, შეგიქმნათ ისეთი გარემო, სადაც თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და თვითრეალიზებას შეძლებთ. დაისახეთ დიადი მიზნები, არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების“, – აღნიშნავს გივი მიქანაძე.
-
400 ათასი ლარი გელათის მეცნიერებათა აკადემიას, 350 ათასი ლარი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტს – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო