GE

მე-4 და მე-6 კლასის გამოცდები შესაძლოა, სრულად ელექტრონული ფორმატით ჩატარდეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ მე-4 და მე-6 კლასების განმავითარებელი შეფასების დროს, საგნის ცოდნასთან ერთად, ისიც გაირკვევა თუ რამდენად ფლობენ მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიებს, რადგან გამოცდას ელექტრონული სახე ექნება.

„ჩვენ გვსურს, რომ შეფასებებს, რომლებსაც სკოლაში დავიწყებთ მე-4 მე-6 კლასებში, იყოს ელექტრონული ფორმატის. ჩატარდება სკოლებში. ტესტირება, გვინდა, რომ იყოს სრულად კომპიუტერზე, პასუხების ფურცელიც რომ არ ჰქონდეთ და მოსწავლეებმა  ყველაფერი გააკეთონ კომპიუტერთან. იყოს არამხოლოდ მოსანიშნი დავალებები, არამედ  რაღაცის ჩაწერაც შეეძლოს ბავშვს. უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ფლობის უნარები გააჩნდეს მოსწავლეს და გარკვეულწილად, აქ ამასაც გამოვცდით. როდესაც მოლოდინი ექნებათ სკოლებს, რომ ამ მიმართულებით მივდივართ, იმედი მაქვს, უფრო აქტიურად გამოიყენებენ  ბუკებს, რომლებიც სკოლებს ურიგდებათ და უფრო აქტიურად იმუშავებენ ტექნოლოგიების მიმართულებით“, – ამბობს სოფიო გორგოძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, პროექტ „შეფასება განვითარებისთვის“ საპილოტე ვერსია 200-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდება. მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეები ტესტებს ქართულსა და მათემატიკაში ჩააბარებენ. მომდევნო სასწავლო წლიდან პროექტის განხორციელება ყველა სკოლაში იგეგმება, ხოლო მე-10 კლასელების ნაწილი, ამავე პროექტის ფარგლებში, მომდევნოს სასწავლო წელს საპილოტე ტესტებს გაივლის.

რას გულისხმობს პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“, რომლის ფარგლებშიც მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდებათ

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური