რას გულისხმობს პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“, რომლის ფარგლებშიც მე-4 და მე-6 კლასის მოსწავლეებს ტესტირება ჩაუტარდებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას პროექტის შესახებ, რომელზეც ჯერ კიდევ გუშინ სამინისტრო ამბობდა, რომ მასზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდა და მალე პრეზენტაციაც უნდა გამართულიყო. გამოცდების ცენტრის ამ ინფორმაციის თანახმად კი პროექტზე მუშაობა “იწყება”. “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ახალ პროექტს იწყებს”, – წერია ინფორმაციაში.
რაც შეეხება სხვა ცნობებს პროექტის შესახებ და მის შინაარსობრივ მხარეს, “ნაეკის” ცნობით, „შეფასება განვითარებისთვის“ გულისხმობს მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება) და მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება).
“სპეციალურად პროექტისათვის იქმნება სასკოლო შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მოხდება როგორც მოსწავლეთა რეგისტრაცია, ასევე მათი ტესტირება. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია სასწავლო საჭიროებების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს, როგორც ცალკეული კლასის, ასევე ზოგადად, სკოლის დონეზე. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული შეფასება მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება”, – აცხადებენ გამოცდების ცენტრში.
მათი თქმით, 2020 წლის დასაწყისში მოხდება ელექტრონული პლატფორმის გამოცდა, გაზაფხულზე კი დაიწყება პროექტის პილოტირება – პირველ ეტაპზე მასში 200-მდე სკოლის მე-4 და მე-6 კლასელი მოსწავლეები ჩაერთვებიან და მომავალში ამ პროექტში მე-10 კლასელების ჩართვაც იგეგმება.
რას მოიცავს პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“:
მოსწავლეების ტესტირებას ელექტრონული ფორმატის საშუალებით – მოსწავლეები წინასწარ დარეგისტრირდებიან და ტესტირებას გაივლიან ელექტრონულად;
შეფასების შედეგების ასახვას – მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მშობელს საკუთარი მომხმარებლის სახელი ექნება, რომლითაც შეძლებს სისტემაში შესვლას.
შედეგების ანალიზი საშუალებას მისცემს:
მასწავლებლებს – დააკვირდნენ ამა თუ იმ მოსწავლის განვითარებას და გაიგონ, რა პრობლემები აქვს მას სწავლის დროს; ასევე, დააკვირდნენ კლასში გამოკვეთილ ტენდენციებს; დაგეგმონ შესაბამისი ინტერვენციები როგორც კონკრეტული მოსწავლის, ასევე საკლასო დონეზე;
მშობლებს – დააკვირდნენ შვილის პროგრესს და ჩართულნი იყვნენ სასწავლო პროცესში;
სკოლებს – შეფასებებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დაამუშაონ და შეადგინონ სკოლის განვითარების სტრატეგია.
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება