მე თუ არ ვეყვარები მოსწავლეს, მას საგანს ვერ შევაყვარებ! – პედაგოგი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულიდან
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ წლევანდელი კონკურსით გამოვლენილი საუკეთესო მასწავლებლების სიას კიდევ ათი მასწავლებელი შეემატა. EDU.ARIS.GE განაგრძობს მათი საქმიანობის წარმოჩენას. საინტერესოა როგორ მიიღეს გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღოთ ამ კონკურსში და რა გზა გაიარეს გამარჯვებამდე.
“მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს“ პროექტს დაარსების დღიდან გვერდში უდგას გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, სადაც მიაჩნიათ, რომ ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან ერთ-ერთი პირველი და წარმატებული პროექტი, სწორედ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოა. ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ მასწავლებლის ჯილდოს ორგანიზატორები არ ჩერდებიან და ყოველ წელს ხვეწენ და აუმჯობესებენ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს და მიდგომებს, ითვალისწინებენ გარემოც ცვალებადობასაც.
„უსასრულოდ შეიძლება საუბარი, თუ რა მნიშვნელოვანი როლი აქვს წარმატებულ მასწავლებელს ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაში და რა როლს ასრულებს იგი მომავალი თაობების აღზრდაში. ყოველ წელს ახალი სახეების, საინტერესო პედაგოგების, საკუთარ საქმეზე უანგაროდ შეყვარებული პროფესიონალების გაცნობის საშუალება გვეძლევა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არ ჩერდებიან, ვითარდებიან და ზრდიან მომავალ წარმატებულ მოქალაქეებს. კონკურის საშუალებით საინტერესო მასწავლებლების წარმოჩენა, მათი დაფასება, წახალისება და ზოგადად ამ პროფესიის პოპულარიზაცია, საუკეთესო საშუალებაა გავუჩინოთ მოტივაცია მომავალ თაობებსაც, რომ აირჩიონ ეს პროფესია და იყვნენ გამორჩეულები საკუთარ საქმიანობაში.
“წელსაც მცირედი სიახლეა პროექტში და ეს დისტანციური სწავლების მიმართულებასაც ასახავს. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა თუ კონკურსის პირობებში სიახლეებისა, გვიხარია, რომ წლევანდელი კონკურსი კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანია. საგულისხმოა ისიც, რომ, წელს ყველაზე დიდი რაოდენობის განაცხადი შემოვიდა. მომავალში, ვფიქრობთ, პროექტის ორგანიზატორები კიდევ უფრო მეტი სიახლეს შემოგვთავაზებენ, რომ კიდევ უფრო საინტერესო მასწავლებლები აღმოვაჩინოთ, მივცეთ მათ საშუალება ახლებურად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, იყვნენ გამორჩეულები და მისაბაძები, როგორც კოლეგების, ისე მოსწავლეებისთვის”, – აცხადებს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.
ათეულის წევრია თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლებისა და მე და საზოგადოების მასწავლებელი სოფიო ბაჩილავა. ის გვიყვება იმ ემოციების შესახებ, რომელიც თავისი სახელის გამოცხადებისას დაეუფლა.
„მიუხედავად იმისა, რომ კონკურში ვიღებდი მონაწილეობას და ასეთ დროს, ბუნებრივია, იცი, რომ შეიძლება სწორედ შენ მოხვდე ათეულში, მაინც ძალიან მოულოდნელი იყო. გამოცხადების დღეს, სანამ 15:00 საათი მოვიდა, მივხვდი, რომ ავღელდი, გული ამიჩქარდა. სახლში მარტო ვიყავი და ვიდეოს დადების შემდეგ ტელეფონში ოჯახის წევრების კონტაქტების მოძებნა გამიჭირდა, მათთვისაც რომ მეხარებინა. ახლა უდიდეს სიხარულს და პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვფიქრობ, ჟიურიმ ჩემი გულწრფელობის და მოსწავლეებთან გამოყენებული მიდგომების გამო ამარჩია. ათეულის ჯგუფის წევრად დასახელებამდე, კონკურსზე მეგობრის მიერ ჩემი წარდგენის შემდეგ შევავსე განაცხადი. შემდეგ გავიარე გასაუბრება და ბოლოს დადგა ეს დღეც. ბევრი რამის თქმა შეიძლება ამ ჯილდოზე და ზოგადად ამ პროცესის მნიშვნელობაზე, თუმცა, ერთი, ალბათ რაც ყველაზე უფრო დასაფასებელია, არის ის, რომ პედაგოგებს საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ, საკუთარი საუკეთესო პრაქტიკის საზოგადოებისთვის გაზიარება. ათეულის ყველა მონაწილეს გულით ვუსურვებ წარმატებას!“, – ამბობს სოფო ბაჩილავა.
საუკეთესო მასწავლებლების ათეულში მოხვდა თბილისის N10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი ქეთევან სეფიაშვილი. როგორც ის აღნიშნავს, კონკურსში მონაწილეობა, მეგობრების და კოლეგების რჩევით გადაწყვიტა.
„არ ველოდი ათეულში მოხვედრას, იმიტომ რომ ბევრი კარგი მასწავლებელი ჰყავს ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩემი კოლეგების, ირა გოჩიტაშვილის და ნინო ლომიძის, დამსახურება. მათ მიბიძგეს განაცხადის შევსებისკენ. ასევე ფეისბუკ ჯგუფების, Physics teachers და ასევე დაწყებითების ჯგუფის „პირველ მასწავლებლების“, მათ გადამაწყვეტინეს, რომ ამ კონკურსში ჩემი თავი წარმომეჩინა.
რაც პანდემია დაიწყო, მასწავლებლების ფეისბუკ ჯგუფი შევქმენი Physics teachers, რომელმაც იმუშავა ძალიან კარგად. მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები. როგორც იმ ჯგუფის ადმინისტრატორი, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მასწავლებლები ერთმანეთთან დამეკავშირებინა, ტრენინგებსაც ვატარებდი, ვასწავლიდი რესურსების შექმნას. ამან გამოიწვია ის, რომ ჟიურის წევრებმა კარგი კუთხით დაინახეს ჩემი საქმიანობა.
„ახალი სკოლის მოდელის“ ქოუჩებმა, ქეთი სანდრაძემ და მაია მერაბიშვლმა ძალიან კარგი რეკომენდაცია დამიწერეს და ამით სხვა კუთხით დაანახეს, ალბათ, ჟიურის ჩემი თავი.
ათეულში მოხვედრა უკვე გამარჯვებაა, იმიტომ რომ მეძლევა საშუალება, კიდევ უფრო მეტი კარგი გავაკეთო მასწავლებლებისთვის და ზოგადად, ჩემი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ქეთევან სეფიაშვილმა.
წლევანდელი „მასწავლებლის ჯილდოს“ ათეულის კიდევ ერთი წევრი თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს“ გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მარინა ხარიტონაშვილია. იგი 24 წელია, სკოლაში ასწავლის. ბევრ პროექტშია ჩართული და როგორც თავად ამბობს, ცდილობს, მოსწავლეებში სწავლების მოტივაცია სხვადასხვა აქტივობებით აამაღლოს. იგი მოგების შემთხვევაში საზაფხულო ბანაკის შექმნას აპირებს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. მარინა ხარიტონაშვილი საუბრობს იმ პროექტებზე, რომელიც თავად განახორციელა და რამაც მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.
„ჩემი დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი იყო მარიკა ვართუმაშვილი, შარშანდელი “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ხუთეულის წევრი. მან მიბიძგა კონკურსში მონაწილეობისკენ. ბევრ პროექტში ვარ ჩართული, თუმცა არ მქონია შეხება რეგიონის მოსწავლეებთან.
გადავწყვიტე ორი სოციალური პროექტი გამეხორციელებინა: ერთი- „მეგობრობის ხიდი“ და მეორე – „საქართველოს ღირსშესანიშნაობანი“. განსხვავებული თემატიკის პროექტებია, საქართველოს მასშტაბით ასეთი რამ არ გაკეთებულა არასდროს.
საქართველოს ღირსშესანიშნაობანი იყო ერთთვიანი პროექტი, სადაც ყოველი კვირის განმავლობაში მინიშნებებს ვაძლევდით ბავშვებს და ისინიც ხალისით ერთვებოდნენ აქტივობებში. იმერეთი იყო ჩართული, რაჭიდან – სოფლები გლოვა და ღები, ასევე ვანის მუნიციპალიტეტი, ქვემო ქართლი, კახეთი. ძალიან აქტიურად მიიღეს მონაწილეობა მოსწავლეებმა. ბოლოს შემაჯამებელი კონფერენციაც გვქონდა ზუმის ფორმატში. მე თვითონ სკოლაში „ეკო კლუბიც“ მაქვს დაარსებული და დაჯილდოების ცერემონიისთვის სერტიფიკატებიც დავამზადე. ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ ამ ერთი თვის მანძილზე ძალიან ბევრი რამ ისწავლეს. ჩვენც იმისთვის გავაკეთეთ ეს პროექტი, რომ გეოგრაფიის სწავლის ინტერესი აგვემაღლებინა მოსწავლეებში.
მეორე პროექტი „მეგობრობის ხიდი“ მოვიფიქრე შარშან, როდესაც ჩავიკეტე სახლში დისტანციური სწავლების დროს. ეს დიდი დისკომფორტი იყო ჩემთვის, რადგან ბუნებაში ხშირად ვატარებ ხოლმე გაკვეთილებს. ასეთი რამ მოვიფიქრე: კორპუსის ბოლოს სართულზე ვცხოვრობ, ავედი სახურავზე და გადავიღე 8 წუთიანი გაკვეთილი. ამას არაჩვეულებრივი ეფექტი ჰქონდა. გაკვეთილში რასაც ვყვებოდი, ეს ყველაფერი კონტურულ რუკაზე უნდა გადაეტანათ მოსწავლეებს. ერთი კვირის შემდეგ მოსწავლეებმა მითხრეს, კიდევ რამე სიურპრიზი გამეკეთებინა. შემდეგ ავედი თბილისის ზღვაზე და იქ ჩავწერე გაკვეთილი.
მთავარი ფინალი იყო – რეგიონების სკოლები შემოვიკრიბე და ყველამ საინტერესო სიუჟეტები მოამზადა თავიანთ კუთხეებზე. 15 სკოლა შემოგვიერთდა „მეგობრობის ხიდში“. ზუმში გვქონდა შეხვედრები და ვუზიარებდით ერთმანეთს ფილმებს.
საგნების სწავლების მოტივაცია ძალიან დაბალია მოსწავლეებში. მინდა, ჩემს ბევრ კოლეგასთან მქონდეს კომუნიკაცია, რომ მათთან ერთად ბევრი აქტივობა დავგეგმოთ. ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვთანამშრომლობ, ბევრ საერთაშორისო პროექტში ვარ ჩართული. ჩემი სკოლის მოსწავლეებს ურთიერთობა აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსწავლეებთან და მინდა, რომ ეს სხვა სკოლების მოსწავლეებმაც შეძლონ“, – ამბობს მარინა ხარიტონაშვილი.
თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი მაკა ხელაძე ყოფილი მოსწავლის მშობელმა წარადგინა ჯილდოზე. როგორც თავად ამბობს, ასევე წინა კონკურსის მონაწილეებმა ხათუნა რაზმაძემ და ხატია ჯამბაზიშვილმა დაბეჯითებით სთხოვეს, უარი არ ეთქვა კონკურსში მონაწილეობაზე, როდესაც მეილზე აპლიკაციის შესავსები ფორმა მიუვიდა. მაკა ხელაძის თქმით, მასზე რომ არ შეეჩერებინათ არჩევანი, მაინც კმაყოფილი იქნებოდა ამ პროცესებში მონაწილეობით, ვინაიდან ძალიან საინტერესო გამოცდილება მიიღო.
„ძალიან მრავალფეროვანი მეთოდები დავაგროვე ჩემი 16-წლიანი მუშაობის განმავლობაში. მომიწია ბევრ სემინარსა და ტრენინგზე დასწრებამ, მეც ვატარებდი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის ტრენინგებს. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა.
მიმაჩნია, რომ ეს კონკურსი ყველა მასწავლებლისთვის არის ძალიან საინტერესო გამოწვევა. ყველას ვურჩევ, მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში და გამოცადოს საკუთარი ძალები. ამ კონკურსმა საფუძვლიანად გადამახედა ჩემს 16-წლიან პრაქტიკას. საინტერესოდ შემაფასებინა ჩემი ყველა ნაბიჯი, გამახსენა საქმიანობები, რომელიც მივიწყებული მქონდა. წარსულთან კარგი ჩაღრმავება იყო. ჩემი მიზანი იყო, მესწავლა მეტი. ჯილდო, რა თქმა უნდა, კარგია, სასურველია, თუ ასე მოხდება, მაგრამ მე ვთვლი, რომ უკვე გამარჯვებული ვარ, რადგან აქამდე მოვიდა ჩემი სახელი და გვარი!“, – ამბობს მაკა ხელაძე.
მას, მოგების შემთხვევაში, გადაწყვეტილი აქვს, საზაფხულო სკოლა შექმნას ახალგაზრდებისთვის.
„სოფელში, სადაც მე ჩავდივარ და ხშირად მაქვს კონტაქტი ახალგაზრდებთან, ვცხოვრობ სკოლასთან ახლოს და ვარ ამ სკოლის ხშირი სტუმარი, ვხედავ, რომ ამ ახლგაზრდებს ძალიან ცოტა აქვთ ფერადი დღეები. დავინახე, რომ მათ უნდათ სიახლე სასკოლო და თინეიჯერულ ცხოვრებაში. მინდა, მათთვის შევქმნა საზაფხულო სკოლა, სადაც იქნება პატარა სამკითხველო კლუბი და წიგნებით იქნებიან უზრუნველყოფილი, რომ გვქონდეს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრის საშუალება. ისინი ამ ეტაპზე ამას მოკლებულები არიან. ჩემი დიდი სურვილია, ეს წამოწყება რეალობად ვაქციო“, – აღნიშნავს პედაგოგი.
აზა ხანგოშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელია. ის ფიქრობს, რომ ჟიური საუკეთესო მასწავლებლების ათეულში იმიტომ დაასახელა, რომ ცდილობს, ძალიან რთული საგანი ფიზიკა მარტივად მიიტანოს ბავშვებამდე.
„ბევრი დროს ვანდომებ იმას, რომ თითოეულ თემას შევურჩიო ექსპერიმენტი. ასევე მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ რესურსებს, ან თვითონ ამზადებენ რესურსს და საგაკვეთილო პროცესში წარმოადგენენ ხოლმე.
ვატარებ ასევე საუკეთესო დემონსტრანტის გამოსავლენად კონკურსს და ვაჯილდოვებ მოსწავლეებს. ასე მათ მოტივაცია უმაღლდებათ. თითქმის ყოველი გაკვეთილი ახალ-ახალ რესურსის დემონსტრაციით იწყება. დროგამოშვებით შავი ყუთი შემაქვს და ვუსვამ შეკითხვებს, რა დევს შავ ყუთში და მიმანიშნებელ კითხვებზეც მპასუხობენ“, – გვიყვება აზა ხანგოშვილი.
მე ვარ სამ ენაზე მოსაუბრე მასწავლებელი, რუსულ სექტორზეც ვმუშაობ და 22 წელი ვიმუშავე რუსულ სექტორზე, ერთ გაკვეთილს რომ ვატარებ ქართულად, მეორე გაკვეთილს სხვა კლასში აბსოლუტურად სხვა თემაზე რუსულად, შემდეგ ისევ ქართულად გადასვლა მიწევს მეწარმეობაზე და ისევ – რუსულად. ეს მარტივი არ არის, მაგრამ მე ამ პროცესს წლების განმავლობაში შევეგუე. საინტერესოც არის და სახალისოც.
„მეწარმეობა“ მე შევიტანე სკოლაში და ახლა ტრენინგებსაც ვატარებ ამ საგანში. „ეკო კლუბი“ გვაქვს სკოლაში და ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში შემოგვიერთდნენ სხვა მოსწავლეები. ნიკო კეცხოველის პრემიის პირველადგილოსანი სკოლა გავხდით. ბაღის აღსაზრდელებთან ხშირად დავდივართ. პირველ ტრენინგზე ხელების დაბანა ვასწავლეთ პატარებს პანდემიის დროს. თემში ქალთა ჯგუფი ჩამოვაყალიბე, სადაც გაერთიანდნენ აქტიური ქალები. ერთმა ქალმა ნაადრევ ქორწინებაზე მეზობელ სოფელში ტრენინგი ჩაატარა“, – გვიყვება აზა ხანგოშვილი თავისი საქმიანობის შესახებ.
მისი თქმით, მასწავლებლის საქმიანობა ყველაზე საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ მასწავლებელს დაეკისრა ფუნქცია, არამარტო საგანი ასწავლოს მოსწავლეს, არამედ დაეხმაროს პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
„რა თქმა უნდა, ამ თვისებებით მე თვითონ უნდა ვიყო დაჯილდოებული, რომ სხვას ვასწავლო. ბავშვმა შეიძლება საგანი ძალიან კარგად ისწავლოს, მაგრამ ის არ იყოს დადებითი თვისებების მატარებელი. მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ პირველ რიგში, რომ მოსწავლეებთან შეძლონ დაახლოება. უნდა შეძლონ, რომ საგანსა და მოსწავლეს შორის იყოს ხიდი გადებული. მე თუ არ ვეყვარები მოსწავლეს, მას საგანს ვერ შევაყვარებ. მე ყველა მოსწავლესთან, მშობელთან დაახლოებული ვიყავი, შემდეგ უკვე ჩემი მეთოდები მივიტანე სწავლის პროცესში მოსწავლეებთან. აუცილებელია მოსწავლესთან პიროვნული დაახლოება, ახალ-ახალი მეთოდების შემუშავება, ახალ-ახალი დაგეგმარება გაკვეთილის და ყველა გაკვეთილის შემდეგ რეფლექსია, რა გამოვიდა კარგად, რა არ გამოვიდა. მე ამის დახვეწა რომ დავიწყე, უფრო წინ წავედი“, – ამბობს აზა ხანგოშვილი.
„ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში დუისის საჯარო სკოლის მასწავლებლის სურვილებიც საკუთარ მოსწავლეებს უკავშირდება.
„მინდა ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვიმოგზაურო რეგიონებში და ისინი სხვებს გავაცნო. სვანეთი ვანახო. ბევრი მოსწავლე თბილისშიც არ არის ნამყოფი. მთაწმინდა არ უნახავთ. ისინი მინდა, რომ გავიყვანო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მინდა, სხვებსაც დავანახო, რომ ეს არის მასწავლებელ-მოსწავლეებს შორის საუკეთესო ურთიერთობა!“, -ამბობს აზა ხანგოშვილი.
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
„ამ ჯილდომ ხუთი სეზონის განმალობაში უკვე 50 შესანიშნავი ფინალისტი გამოავლინა. ისინი მუდმივად ყურადღების ცენტრში არიან, უზიარებენ თავიანთ მიდგომებს და გამოცდილებას თავიანთ კოლეგებს. ესეც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ამ ჯილდოსი, რომ მოხდეს ცოდნის გაზიარება. საერთო ჯამში ეს პროექტი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება და მისი მხარდაჭერით ჩვენი მცირედი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში“, – აცხადებს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.
-
„მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა
by ARIS.GE-განათლება
-
„ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში
by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
-
ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“
by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
