ათეულის წევრი: მიხარია, რომ მასწავლებლებს გვაქვს შესაძლებლობა, დავამტკიცოთ, რომ ჩვენი პროფესია არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო!
კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოში უკვე მეხუთედ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი ჩატარდა და 15 ივნისს ათეულის წევრებიც გამოვლინდნენ.
როგორც კოალიიცის დირექტორი გიორგი ჭანტურია ამბობს, წლევანდელი ათეული, გარკვეულწილად, გამორჩეული და განსაკუთრებულია, რადგან მათ სწორედ ამ უცნაურ პერიოდში (პანდემიისას) მოუწიათ ჟიურის შეფასების გავლა.
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია
„2021 წელს ჯილდო უკვე მეხუთედ ტარდება, შესაბამისად ჩვენთვის გარკვეულწილად სიმბოლური ხასიათიც ჰქონდა. გარდა ამისა, პანდემიის გათვალისწინებით, ისევე როგორც ყველას, ჩვენც უამრავი რაღაცის ცვლილება მოგვიწია. მაგალითად, აღარ გვქონდა გასვლითი შეხვედრები მასწავლებლებთან, პირისპირ საკონსულტაციო შეხვედრები და ა.შ.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ რომ საკომუნიკაციო კამპანიამ საკმაოდ კარგად ჩაიარა. წელსაც 100-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ. რაც მთავარია, ძალიან ღირსეულმა მასწავლებლებმა მიიღეს მონაწილეობა და ჟიურის საკმაოდ გაუჭირდა გადაწყვეტილებას მიღება საუკეთესო ათეულთან დაკავშირებით. თანაც, წინა წლებისაგან განსხვავებით, გვქონდა შეცვლილი სააპლიკაციო განაცხადი, განახლებული კრიტერიუმები და შეფასების პროცესი. მაგალითად, ვითვალისწინებდით თუ როგორ მოახერხა მასწავლებელმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რა წვლილი შეიტანა კოლეგების განვითარებასა და ხელშეწყობაში და ა.შ. ათეულის თითოეული წევრი ძალიან კარგი მასწავლებელია. მოხარულები ვართ, რომ სწორედ ისინი შემოუერთდნენ ჩვენს კამპანიას და საუკეთესო ათეულთა კლუბთან ერთად, რომელიც ყოველი წლის ათეულებს აერთიანებს, უამრავ სასიკეთო საქმეს გააკეთებენ! მსურს წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. ჯილდოს ფარგლებში, მათთვის ყველაფერი ახლა იწყება“, – აღნიშნა გიორგი ჭანტურიამ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
როგორც ცნობილია, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში პედაგოგების წარდგენა წინა წლების ათეულის წევრებს, სკოლას, დირექტორს, კოლეგებს, მშობლებს შეუძლიათ, ხოლო სააპლიკაციო განაცხადის შევსება თავად წარდგენილ მასწავლებლებს უწევთ, სადაც ასახავენ საკუთარი საქმიანობის შედეგებს. ამ ყველაფერს განიხილავს ჟიური და შემდეგ ტარდება შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
საინტერესოა რა ასახეს მასწავლებლებმა ანკეტაში, რატომ გამოარჩია ისინი ჟიურიმ, რას ფიქრობენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსზე, როგორ შეხვდნენ ამ გამარჯვებას – ამ კითხვებით ჩვენ ათეულში მოხვედრილ მასწავლებლებს მივმართეთ.
როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, ჩვენი საქართველოს და ქართულის მასწავლებელი გიორგი ტერუნაშვილი ფიქრობს, ჟიურიმ ათეულის წევრად ის სავარაუდოდ პროექტული სწავლების გამო შეარჩია:
„კონკურსზე წარმადგინა სკოლამ და ქალბატონმა თამარ ადამიამ, რომელიც 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრია. ასევე რეკომენდაცია გამეწია გიორგი ჭაუჭიძისგან, რომელიც 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია. ძალიან სასიხარულოა, რომ ცოდნა და მასწავლებლის შრომა ფასდება. ეს არამარტო ჩემთვის, არამედ ბევრისთვისაა მნიშვნელოვანი.
ეს ჯილდო ყველა მასწავლებლისთვის სტიმულის მომცემია. მე 2009 წლიდან ვარ პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე. რომელიც მაღალმთიან რეგიონებში აგზავნის პროფესიონალ მასწავლებლებს. ამ პროგრამას ერთ-ერთი წევრი მაინც ასახელებს ხოლმე. პირველად ჩვენი პროგრამიდან ნინო ჭიჭინაძე და ლელა კოტორაშვილი იყვნენ ჯილდოს ათეულის წევრები, შემდეგ თამარ ადამია, შარშან ვანო დიდებელი, ძალიან სასიამოვნოა, რომ მეც ვასახელე პროგრამა. კალის სკოლაში, სადაც მე ვასწავლი, ჩემი ეს გამარჯვება ძალიან გაუხარდათ მასწავლებლებსა და ბავშვებს. მხარს მიჭერდნენ, განსაკუთრებით, ჩემი მოსწავლეები, იმიტომ რომ მართლაც ბევრს ვაკეთებთ ერთად. ჟიურიმ, ალბათ, გაითვალისწინა, რომ პროექტებით ვასწავლი. მოსწავლეთა ინტერესებს ვითვალისწინებ გაკვეთილების დაგეგმვისას, ვითვალისწინებ მათ კოგნიტურ უნარებს, განწყობებს. თემიც გვყავს ჩართული პროექტებში, რესპონდენტების სახით არიან წარმოდგენილი ადგილობრივები. მოსწავლეები ატარებენ კვლევებს იმ ხარისხში, როგორც მათ ასაკს და შესაძლებლობებს შეესაბამება.
„მასწავლებლის ჯილდოს“ ათეულის წევრობა ჩემს პასუხისმგებლობას უფრო მეტად გაზრდის. შევეცდები ონლაინ სივრცეში ჩემი სწავლების მეთოდები და გამოცდილება სხვა მასწავლებლებსაც გავუზიარო“, – აღნიშნა გიორგი ტერუნაშვილმა.
წლევანდელი „მასწავლებლის ჯილდოს“ ათეულის კიდევ ერთი წევრი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლამარა ბოლქვაძე ამბობს, რომ ჯილდოზე არ არის ორიენტირებული, მაგრამ თუკი გაიმარჯვებს, ამ წარმატებას იმ იდეის განხორციელებისთვის გამოიყენებს, რომელზეც დიდი ხანია, ოცნებობს:
„არ ველოდი ათეულის წევრობას. ზღვა ემოცია იყო, ძალიან გამიხარდა. ეს საშუალებას მომცემს ჩემი იდეები განვახორციელო და უფრო ბევრი კარგი და სასიკეთო საქმე გავაკეთო.
მეგობრები როცა მთხოვდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, ცივ უარს ვამბობდი. წელს წარმადგინა ციცინო გობაძემ, შარშანდელმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრმა და ია ფუტკარაძემ. მათ დამარწმუნეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მონაწილეობას მივიღებდი.
ბევრ პროექტს ახლაც ვახორციელებ: აპლიკაციაში ჩავწერე, რომ კინოკლუბი, დებატების კლუბი, მკითხველთა, მოქალაქეობის პასუხისმგებლობის კლუბები გვაქვს, რომელიც მოსწავლეებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ. გვაქვს ასევე მეწარმეობის კლუბიც. სათბურიც ჩამოვაყალიბეთ. იქ ყვავილები და ბოსტნეული მოგვყავს. პლუს ამას საქველმოქმედო ფესტივალი დავაფუძნეთ, რომელსაც გაზაფხულსა და შემოდგომით ვატარებთ. ფესტივალზე ვყიდით ჩვენს ყვავილებს, ხელნაკეთ ნივთებს, მეორეული ნივთებისგან დამზადებულ ახალ ნივთებს. სხვათა შორის მარნეულის ტელევიზიაც გვიჭერს ხოლმე მხარს და შუქდება მისი ეთერის საშუალებით. აღებულ თანხას მთლიანად ქველმოქმედებაში ვხარჯავთ: ვეხმარებით ლეიკემიით დაავადებულებს, მიუსაფარ მოხუცებს და ავადმყოფებს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება ექიმთან მივიდნენ. მარტო შარშან მთელი წლის განმავლობაში 2 000 ლარი დავხარჯეთ ქველმოქმედებაში. ახლაც 1 500 ლარი შევაგროვეთ და გადავეცით ლეიკემიით დაავადებულ ადამიანს.
თუ გავიმარჯვებ და მოვიგებ ჯილდოს, იმ თანხით ვაპირებ კაფე-ორანჟერეა გავხსნა, რომ ის იყოს დასვენების, შეკრებების, მულტიფუნქციური დანიშნულების მქონე ადგილი. გვაქვს სადემონსტრაციო ნაკვეთი, რომელიც ეკო კლუბის და მეწარმე ქალების საკუთრებაა, სადაც გვაქვს ისეთი მცენარეები გამოყვანილი, რომელთა სახელები ზოგჯერ ხალხს გაგონილიც კი არ აქვს.
მთელი სოფელი დავაკავშირეთ სხვადასხვა ორგანიზაციებს და ეს კაფე ორანჟერეაც გვინდა იყოს ადგილი სოფელ მარადისში, სადაც ადამიანები მოვლენ, დაისვენებენ, გამოფენას გააკეთებენ, ან შეხვედრებს გამართავენ. სათბურიც შეუძლიათ ნახონ, მეწარმე ქალებს გაეცნონ. საკუთარი ფინანსებიც რომ დამჭირდეს, ამის გაკეთება ძალიან მინდა. მე ვთვლი, რომ ვარ ერთი პატარა რგოლი გარე სამყაროსა და სოფელს შორის“, -გვითხრა ლამარა ბოლქვაძემ.
წლევანდელი ათეულის ჯილდოს წევრია თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი გიტა თვალაბეიშვილი. მან ჟიურის წევრების ყურადღება ინტეგრირებული სწავლებით მიიქცია.
„ადამიანი ვინც ამ კონკურსში მონაწილეობა გადამაწყვეტინა იყო ანა კინწურაშვილი, 2020 წლის ხუთეულის წევრი. ალბათ, ჟიურიმ შემარჩია ჩემი სიახლეების სურვილის გამო, უფრო აღმოჩენებით სწავლება მაინტერესებს. ამის შესახებ სტატიებსაც ვწერ, რომელიც mastsavlebeli.ge-ზე ქვეყნდება. იქ საგანთა შორის კავშირებზე ვსაუბრობ. მაქვს პროექტი ჩრდილების თეატრი. ეს არავის უკვირს, მაგრამ მედიაწიგნიერების, ბუნების, ქართული ენის და ლიტერატურის კუთხით წარმოდგენილი ჩრდილების თეატრი ძალიან საინტერესოა. ჯიპრაიდის მასალებსაც ხშირად ვიყენებ, ოღონდ ვარგებ ჩემი მოსწავლეების საჭიროებებს. მხოლოდ მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მოსწავლეები პატარა ადამინები არიან, ვეკითხები მათ, ვთავაზობთ და შემდეგ უკვე მივდივართ მთავარ გადაწყვეტილებამდე.
არ ვფიქრობ, რომ მოვიგებ კონკურსს, მაგრამ, ალბათ, ყველა მასწავლებელი შეეცდება მოგებული თანხა საგანმანათლებლო მიზნებს მოახმაროს.
ძალიან მომწონს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი. ბევრი საინტერესო მასწავლებელი აღმოაჩინა ამ კონკურსმა. მასწავლებლები ერთმანეთს უფრო მეტად დააკავშირა. სწორედ ეს ადამიანები არიან მიმართულების მიმცემი ამ პროფესიაში, – აღნიშნა გიტა თვალაბეიშვილმა.
როგორც კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველოს“ დირექტორმა ჩვენთან საუბარში განმარტა, კონკურსის პროცესში ერთ-ერთი შესარჩევი კრიტერიუმი იყო, თუ როგორ მოახერხა მასწავლებელმა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა და რა წვლილი შეიტანა კოლეგების განვითარებასა და ხელშეწყობაში. ათეულის კიდევ ერთი წევრი თელავის N5 საჯარო სკოლის მე და საზოგადოების და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ზეინაბ კაკალაშვილი ამბობს, რომ ის ამავდროულად სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კახეთის რეგიონის საბჭოს თავმჯდომარეა და პედაგოგებისთვის ახორციელებს პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგებს, იკვლევს მათ საჭიროებებს და შესაბამისად, ეხმარება პროფესიულ წინსვლაში. ზეინაბ კაკალაშვილის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის ათეულის წევრად აარჩიეს, ესეც იყო.
„ამ ჯილდოზე ყოფილმა მოსწავლემ წარმადგინა, რომელიც ამჟამად უკვე პედაგოგია. ერთ-ერთი რეკომენდატორიც მოსწავლე მყავდა. უამრავი პროექტი მქონდა განხორციელებული მოსწავლეთა ინიციატივით. არამხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ძალიან ბევრი მოგებული პროექტიც გვქონდა. ასევე უამრავი ჯილდო როგორც ჩემი, ასევე მოსწავლეების. ერთია – როცა ასწავლო და მეორეა, რომ ეს პრაქტიკულად გამოიყენოს მოსწავლემ და სხვადასხვა აქტივობებში და კონკურსებში გამოავლინოს თავისი ცოდნა.
თუ გავიმარჯვებ ამ კონკურსში, ისევ და ისევ მოსწავლეების წინსვლაში ჩავდებ ამ თანხას. მე რომელ სკოლაშიც ვასწავლი, მცირეკონტინგენტიანი სკოლაა და შედარებით შეჭირვებული ოჯახებიდან გვყავს მოსწავლეები. არიან ძალიან წარმატებული მოსწავლეები და მათ წინსვლას შევუწყობდი ხელს“, – გვითხრა ზეინაბ კაკალაშვილმა.
კონკურსის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კიდევ ერთი ათეულის წევრი თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გვიზიარებს თავის ემოციებს გამარჯვებასთან დაკავშირებით:
„მართლა საოცარი განცდაა. განათლება და წარმატება მომავალშია და რეალურად ჩვენი მომავალი დამოკიდებულია სწორ სვლებზე განათლების სისტემაში. მართლა მიხარია, რომ მასწავლებლებს გვაქვს შესაძლებლობა, დავამტკიცოთ, რომ ეს პროფესია არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჩვენ ვზრდით მომავალ თაობას და მათთან ერთად ვიზრდებით. მართლა საოცარი განცდაა და საამაყო, რომ ათეულში მეც მოვხვდი.
მიხარია, რომ მათემატიკის კუთხით ვარ ამ კონკურსში დარეგისტრირებული, იმიტომ რომ მინდა მათემატიკა გახდეს ძალიან მნიშვნელოვანი, საჭირო საგანი ყველა ბავშვისთვის და ყველა ადამიანისთვის და მინდა, რომ მათემატიკა დავანახო როგორც მრავალფეროვანი სამყარო ჩემს მოსწავლეებს.
ძალიან მიმზიდველია ბავშვებისთვის, როცა მათემატიკას ხედავენ ყველგან, ყველაფერში. ამასთანავე არის ძალიან დატვირთული თავგადასავლებით, საინტერესო ამბებით, მედიაწიგნიერების ელემენტებით. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვები ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ მათემატიკა შეიყვარონ, გააცნობიერონ და განწყობით შეუდგნენ ამ საგნის სწავლას. რაც მთავარია, თვითონ არიან ყველაფრის მონაწილეები, იმიტომ რომ ვქმნით ყოველდღე პატარ-პატარა თავგადასავლებს საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში.
მიხარია, რომ ეს კონკურსი არსებობს. ამით შესაძლებელია, რომ ახალგაზრდებს გაუჩნდეთ პროფესიის მიმართ ინტერესი და მოტივაცია. მასწავლებლობა ნამდვილად დასაფასებელი, მნიშვნელოვანი, საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიაა!“- აღნიშნავს ხათუნა რაზმაძე.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლიდან ტარდება საქართველოში. წლევანდელი ათეულის წევრები ასევე არიან:
სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი; ქეთევან სეფიაშვილი – თბილისის N10 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი; აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი; მარინა ხარიტონაშვილი – თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის გეოგრაფიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი; მაკა ხელაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი. EDU.ARIS.GE მათთან გასაუბრებასაც გეგმავს და ასევე შემოგთავაზებთ მათი საქმიანობის შესახებ სტატიას.
2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გამოვლინდება, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
- „მოსწავლეს მრავალფეროვანი გაკვეთილები სჭირდება – ისინი რომ არა, მე მასწავლებელი ვერ ვიქნებოდი“ – ნათია უჩავა by ARIS.GE-განათლება
- „ბევრ ფიქრს, ბედნიერებას, სიხარულსა და სიამაყეს იტევს ეს ემოცია” – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი 4 ოქტომბრის მოლოდინში by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”
- ირინა ხანთაძე: „ჩვენი ვეფხისტყაოსნის“ ფინალისტების პრეზენტაციებმა დაგვარწმუნა, რომ ამ პრემიის დაწესება ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ by კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველო”