GE

მე–11 კლასის საატესტატო გამოცდები გეოგრაფიით დაიწყო – „საერთო ჯამში, რთული ნამდვილად არ იყო“

2018 წლის მე-11 კლასელების საატესტატო გამოცდები დღეს გეოგრაფიით დაიწყო და მომდევნო სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც მოსწავლეები EDU.ARIS.GE-სთან აღნიშნავენ, ნერვიულობის ფონი საკმაოდ მაღალია და საკითხების გასაგებად სკოლებში, სადაც გამოცდა უნდა ჩააბარონ იმაზე გაცილებით ადრე მიდიან, ვიდრე გამოცდა აქვთ.

წელს საატესტატო გამოცდები მე-11 კლასელებისთვისაც შეცვლილი ფორმატით ტარდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ტესტი ქულით არ შეფასდება და მოსწავლეებს მხოლოდ იმის გაგება შეეძლებათ ტესტი წარმატებით ჩააბარეს თუ არა.

როგორც მოსწავლეების ნაწილი სიახლესთან დაკავშირებით აცხადებს, ქულების გაუქმებას მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი ის არის, ტესტი წარმატებით ჩააბარონ, თუმცა ნაწილისთვის ქულის არსებობა კარგი საშუალებაა იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად იციან საგანი და რამდენად შეესაბამება ტესტირებაზე მიღებული შედეგები მასწავლებლის მიერ დაწერილ ქულებს.

„ქულას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია წარმატებით ჩავაბარო და ქულებს ეროვნულ გამოცდებზეც ვნახავ“, – ამბობს მარიამ აფციაური.

„რა თქმა უნდა, ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი შედეგია, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა გვენახა, რა დონეზე ვართ და როგორ ვიცით საგანი“, – გვითხრა გიორგი სეფიაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ გამოცდას, როგორც მოსწავლეები ამბობენ, იმაზე მარტივია, ვიდრე ელოდნენ.

„ნამდვილად მარტივი იყო. მაგალითად შემხვდა მასშტაბის გამოთვლა, მდინარეების ადგილმდებარეობა. ასევე, ქალაქის მასშტაბები უნდა გამოგეთვალა, სავარაუდო პასუხებიდან აგერჩია რომელი მთა იყო დასავლეთ ნახევარსფეროში. გეკითხებოდნენ  აზოტსა და შავ ზღვას შორის რომელი სრუტე იყო. მოკლედ, რთული ნამდვილად არ იყო“, – გვითხრა რუსუდან კუპრაძემ.

„წიაღისეულის შესახებ შემხვდა კითხვები, კიდევ მასშტაბები იყო გამოსათვლელი. ბევრი კითხვა ისეთი იყო, რომელიც რუკის დახმარებით უნდა გაგეკეთებინა. საერთო ჯამში, რთული ნამდვილად არ იყო“,– გვიამბო მარიამ გიორგაძემ.

მე–11 კლასის საატესტატო გამოცდების განრიგი

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური