მეცადინეობის რა მოდელზე გადავიდნენ აბიტურიენტები და რეპეტიტორები და როგორია ეპიდემიოლოგის რეკომენდაციები მათთვის
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავებამ 2020-2021 სასწავლო წლის აბიტურიენტებსაც ახალი რეალობა შეუქმნა, რომელსაც ისინიც და მათი პედაგოგებიც ნაბიჯ-ნაბიჯ, სიტუაციიდან გამომდინარე, ერგებიან. წლევანდელი აბიტურიენტები, წინამორბედებისგან განსხვავებით, უჩვეულო გამოწვევების წინაშე სასწავლო წლის დასაწყისიდანვე აღმოჩნდნენ. მათთვის გართულებულია (ბევრი მათგანისთვის კი შეუძლებელი) სკოლაში სიარული და, შესაბამისად, გართულებულია გამოცდებისთვის კერძო მასწავლებლებთან მომზადებაც.
სიტუაცია განსაკუთრებით რთული დიდ ქალაქებშია, სადაც მეთორმეტე კლასელები სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან გადასული. საკლასო ოთახებში სწავლება შეწყვეტილია არაერთ რაიონსა და სოფელშიც. შესაბამისად, მოსწავლეებისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ნორმალური გაკვეთილები“ სკოლაშიც არ უტარდებათ. ეს კი, თუ გავითვალისწინებთ, რომ წელს ისინი მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან, დიდი პრობლემაა. ისინი გვიყვებიან, რომ ზოგიერთმა კორონავირუსის გამო, რეპეტიტორთან სიარულზე უარი თქვა, ზოგმა აქაც დისტანციურ რეჟიმს მიმართა, ზოგი კი, ჯერ კიდევ ბედავს პედაგოგთან სახლში, ან მოსამზადებელ ცენტრში სიარულს, თუმცა, როგორც გაირკვა, მეცადინეობა პირბადეებით, დამცავი ფარებითა და გაძლიერებული დეზინფექციით უწევთ.
აბიტურიენტების იძულებითი არჩევანი
თამარ ლაღიძე გორის სასულიერო გიმნაზიის მეთორმეტე კლასელია და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად სამი საგნის რეპეტიტორთან სახლში დადიოდა. ერთი კვირის წინ ის ორ საგანში დისტანციურ გაკვეთილებზე გადავიდა, მესამე საგანში კი – ინგლისურში სამეცადინოდ, მასწავლებელს ისევ სახლში აკითხავს. ამბობს, რომ პედაგოგი ყველანაირ წესს იცავს – გაკვეთილზე ისიც, თამარიცა და მისი მეგობარიც, ვისთან ერთადაც ინგლისურს მეცადინეობს, პირბადეებით სხედან და მუდმივად დეზინფექციას უკეთებენ პირად ნივთებს, იმუშავებენ ხელებს. თამარი ამბობს, რომ ამ ყველაფრის გამო თავს დაცულად გრძნობს და პირადად მისთვის არც პირბადით ხანგრძლივად მეცადინეობაა პრობლემა.
“იმ ორ საგანზე კი ჯგუფში ბევრნი ვიყავით, ამიტომ რისკი მეტი იყო და სიარულის შეწყვეტა გადავწყვიტეთ. ტრადიციულ გაკვეთილებს არაფერი სჯობს, მეტი მოტივაცია გვქონდა, მეტად მობილიზიებულებიც ვიყავით, მაგრამ ახლა უბრალოდ სხვა გზა არ არის და სულ არაფერს ონლაინ გაკვეთილები ხომ ჯობია. სკოლაშიც დისტანციურ მეცადინეობაზე გადავედით, რადგან ჩემს კლასელს კორონა დაუდგინდა და სკოლაც დაიხურა. ჯერ არ ვიცით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადმინისტრაცია და როდიდან განახლდება სწავლა. ბევრ მშობელს ეშინია და შვილების სკოლაში გაშვებაზე უარს ამბობენ“, – ამბობს თამარი.
ყველა იმ სირთულის მიუხედავად, რომლებთან გამკლავებაც შარშანდელი აბიტურიენტების არ იყოს, წლევანდელ აბიტურიენტებსაც უწევთ, თამარი თავს დათრგუნულად არ გრძნობს, არც მოტივაცია დაუკარგავს და არც დანებებას აპირებს. ამბობს, რომ ბევრი მოსწავლე კერძოდ მომზადებას საერთოდ ვერ ახერხებს, მაგრამ მაინც კარგ შედეგს დებს. სწორედ ამიტომ, – „ჩვენ საწუწუნო არაფერი გვაქვს“, – ასეთი განწყობით უყურებს იგი არსებულ მდგომარეობას.
„სიმართლე რომ გითხრათ, წინა წლებში უფრო ვნერვიულობდი გამოცდების გამო, ვიდრე ახლა. ამ ყველაფერს გაგებით შევხვდი და წინა წლიდან უკვე ფსიქოლოგიურად მომზადებული ვიყავი. რა აზრი აქვს ნერვიულობას, როცა ვიცი, რომ შემდეგ წელს აუცილებლად უნივერსიტეტში ვიქნები და დღევანდელთან შედარებით ათჯერ მეტი მეცადინეობა და შრომა მომიწევს“, – ამბობს თამარი.
მონდომება და ოპტიმიზმი არც ჩვენს შემდეგ რესპონდენტს, ცოტნე გოგრიჭიანს აკლია, რომელიც ორ საგანში – მათემატიკასა და უცხო ენაში რეპეტიტორთან მეცადინეობს. ორივე საგანში გაძლიერებული წესით მომზადება აგვისტოს ბოლოდან დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისამდე პედაგოგები მასთან გაკვეთილის პირისპირ ჩატარებას ახერხებდნენ. მას შემდეგ კი, ცოტნეს ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ბიჭის მასწავლებლებთან სახლში სიარული სარისკო იყო როგორც მათი, ისე პედაგოგების ოჯახებისთვის და დისტანციურ მეთოდს მიმართეს.
„სახლში მოხუცი ბებია მყავს. ძალიან გვეშინოდა მისთვის არაფერი მომეტანა, ამიტომ ასე ვამჯობინეთ. ქართულშიც მინდოდა მომზადება, მაგრამ მირჩევნია ცოტა სიტუაცია ჩაწყნარდეს და მერე დავიწყო. გაკვეთილის ონლაინ მოსმენა ბევრად რთულია. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლიდან, ასე თუ ისე, მიჩვეული ვიყავი, მაინც გამიჭირდა. სკოლის გაკვეთილს სხვანაირად უსმენ, უფრო თავისუფლად ხარ, მხოლოდ შენ არ გელაპარაკება მასწავლებელი და ზოგჯერ შეგიძლია ყურადღება მოადუნო, კამერაც კი გათიშო. რამეს თუ ვერ გაიგებ უცებ, არც მაგაზე ნერვიულობ, კლასელს კითხავა და ა.შ. აქ ბევრად დაძაბული ვარ. მასწავლებლის მთელი ყურადღება ჩემზეა და მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყო. ინგლისურის გაკვეთილებზე კი მთელი სმენა უნდა დაძაბო რომ სიტყვები სწორად გაიგო. აქ თითოეულ ასოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და თუ ახალი სიტყვა ოდნავ მაინც განსხვავებულად გაიგე და ჩაიწერე, გამოვა, რომ არასწორად ისწავლი. მოკლედ, ადვილი ნამდვილად არ არის“, – ამბობს ცოტნე.
რა გამოსავალი იპოვეს რეპეტიტორმა მასწავლებლებმა
ადვილი, როგორც აღმოჩნდა, არც პედაგოგებისთვისაა. მათთვისაც კი, ვისაც რეპეტიტორობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ნინო ცხვიტავა ინგლისურ ენაში აბიტურიენტებს მას შემდეგ ამეცადინებს, რაც თავად დაასრულა უნივერსიტეტი. 2020 წელი, მისთვისაც, ისევე როგორც სხვა პედაგოგებისა თუ მოსწავლეებისათვის, სრულიად უჩვეულოა, რადგან ისეთ გამოწვევებთან გამკლავება უწევს, რაზეც აქამდე არავის უფიქრია.
ნინოს პატარა მოსამზადებელი ცენტრი აქვს, სადაც წლებია მოსწავლეებს, აბიტურიენტებს იღებს. ცენტრის დახურვა 2020 წლის მარტიდან მოუწია და გახსნა ვერც სექტემბერში შეძლო, რადგან ამის საშუალებას არც ცენტრის ფართი იძლეოდა და რეგულაციების დაცვაც, რასაც კანონი ავალებდა, საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამიტომ, მოსწავლეებს, რომელთაც ადგილები ზაფხულშივე შეავსეს, საკუთარ სახლში იღებდა. მას შემდეგ კი, რაც ეპიდემიამ სულ უფრო და უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო, ნინომაც ონლაინ რეჟიმზე გადასვლა ამჯობინა. ამბობს, რომ პირბადეებითა და დამცავი ფარებით მუშაობა წარმოუდგენელია, ბავშვებს სუნთქვა უჭირდათ, ბგერების სწორად გაგებაც გართულდა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება საუკეთესო გამოსავლად მიიჩნია. ახლა კი ნინო უმკლავდება თვალებისა და ყელის ტკივილს, რომელსაც ადრე დილიდან გვიან საღამომდე უწყვეტი საგაკვეთილო პროცესი იწვევს და ამბობს, რომ ვითარების გამოსწორებამდე უნდა გაუძლონ.
„მათი სახლში მოყვანა და საფრთხეში ჩაგდება, ვფიქრობ, გაუმართლებელია. პირბადით თავს ბოლომდე ვერ დაიცავ და თანაც იმდენად დიდი დისკომფორტია, რომ სწავლების ხარისხზე ნეგატიურად მოქმედებს. დისტანციური სწავლება კი სავსებით შესაძლებელია, მაგრამ მასწავლებლის მხრიდან სამმაგ დატვირთვას მოითხოვს. ვცვლით მასალებს, ნაწერებს და ჯგუფურად ვამოწმებთ, რაც აღქმას აადვილებს. ერთმანეთი შეცდომებით უფრო ადვილად სწავლობენ. თუმცა მასწავლებლები სამმაგ დატვირთვას რამდენად გავუძლებთ, ალბათ, დრო გვიჩვენებს.
„მე პატარა ასაკის მოსწავლეებთანაც ვმუშაობ და მათთან უფრო რთულია. მართალია, ალღო აუღეს, მაგრამ კონცენტრირება მაინც უჭირთ, ადვილად იღლებიან. აბიტურიენტებს კი მეტი ნებისყოფა აქვთ და მითითებებს ზედმიწევნით ასრულებენ. თუმცა, გაკვეთილის ბოლოს ყველა უზომო დაღლილობას ვგრძნობთ, რაც გამოსხივების ბრალი უნდა იყოს. სხვა მხრივ კი, აღქმის, ან გაგების პრობლემა არ დგას. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტებთან საკმაოდ რთულ პროგრამას გავდივართ, ყველაფერს იგებენ. ერთადერთი, უცხო სიტყვების ცოდნის შემოწმებას ვერ ვახერხებ და მათი კეთილსინდისიერების იმედზე ვარ. აქტიურად ვიყენებთ „ჩატსაც“ და თუ რომელიმე გრამატიკული ფორმისთვის მაგალითები დამჭირდება, იქ ვუწერ. მოკლედ, დიდებთან პრობლემა ნამდვილად არ მექმნება. დამღლელი რომ არ იყოს, ვიტყოდი, რომ უკეთესიცაა“, – მიიჩნევს ნინო ცხვიტავა.
მარინა მოსიაშვილი გორის მეცხრე საჯარო სკოლასა და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგია და უკვე მრავალი წელია აბიტურიენტებს გამოცდებისთვის დამატებითაც ამეცადინებს. ეპიდსიტუაცია გორშიც საკმაოდ გამწვავებულია და ამის გამო, პედაგოგის თქმით, მასთან კერძო გაკვეთილებზე სიარული რამდენიმე მოსწავლემ შეწყვიტა, თუმცა არა აბიტურიენტებმა, რადგან აბიტურიენტებს, როგორც ქალბატონი მარინა ამბობს, დასაკარგი დრო არ აქვთ. ამიტომ, მეცადინეობას ტრადიციული ფორმით აგრძელებენ. ზოგიერთთან კი დისტანციურ სწავლებაზე დროებით გადასვლაც მოუწია, მოსწავლეთა თვითიზოლაციის გამო.
„მეცადინეობისას რეგულაციებს, რა თქმა უნდა, ვიცავთ. ჯგუფებში მოსწავლეთა რაოდენობაც შევამცირე. პირბადის გარეშე არავის ვუშვებ, დეზინფექციაც – აუცილებლად. მოსწავლეებსაც ურჩევნიათ პირადი მეცადინეობა და მეც. მათემატიკა ისეთი სპეციფიკურია, დისტანციურად ბევრი რამ გამოგრჩება. პირადი კონტაქტისას ბავშვის თვალები მეუბნება რამდენად გასაგებია მისთვის საკითხი. ზოგი ისეთია, შეიძლება კითხვა არ დასვას, მაგრამ რომ შევხედავ, ჩემთვის ყველაფერი ცხადია. პირბადით არ გვიჭირს, უკვე მივეჩვიეთ. თუ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, სრულად დისტანციურზე გადასვლა მოგვიწევს. გასულ გაზაფხულზე სწორედ ასე ვმეცადინეობდით“, – ამბობს მარინა მოსიაშვილი.
რა რეკომენდაციები აქვთ ეპიდემიოლოგებს
ეპიდემიოლოგები კი ამბობენ, რომ რისკი ყოველთვისაა – მაშინაც, როცა საკლასო ოთახში 30-40 ბავშვი ზის და მაშინაც, როცა რეპეტიტორი 1-2 მოსწავლეს ამეცადინებს. შესაბამისად, წესების დაცვას აქაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ეპიდემიოლოგის ნანა დიდიძის თქმით, საქმე მარტივად დგას – თუკი პედაგოგი მოახერხებს, რომ მოსწავლეები 2-მეტრიანი დისტანციით დასვას, ან გამოიყენებს პლასტიკის დამცავ ბარიერს, სწორად გაიკეთებს პირბადეს და მოსწავლეებისაგანაც იმავეს მოითხოვს, რეგულარულად დაამუშავებს ზედაპირებს და გაანიავებს სამეცადინო ოთახს, მაშინ მას თავისუფლად შეუძლია აბიტურიენტების სახლში, თუ სხვა სამუშაო სივრცეში მიღება. თუ ამ ყველაფერს ფართის, ან სხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს, მაშინ სპეციალისტი დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაციას იძლევა.
„რისკი ყოველთვის არის, რადგან დისტანცირებას ვერ ახერხებენ. თანაც, როგორც წესი, მეცადინეობისას ნიღაბი არ უკეთიათ. უმრავლესობა არც ატარებს ნიღაბს ისე, როგორც საჭიროა – ცხვირზე ჩამოწეული აქვთ. მხოლოდ მოსწავლეებს კი არა, თქვენ წარმოიდგინეთ, სამედიცინო დაწესებულებებშიც კი უჭირთ ნიღბის სწორად გამოყენება. ამიტომ, ყველაფერი ადამიანების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. თუკი პედაგოგები შეძლებენ მათ ისე დასმას, რომ მაგიდებს შორის ორ მეტრიანი დაშორება იყოს, რატომაც არა, მაგრამ ამას დიდი ფართი უნდა. თუ დისტანციას ვერ დაიცავენ, მაშინ ონლაინსწავლება სჯობია.
„თუკი პედაგოგი პლასტიკის ბარიერს გააკეთებს მასა და მოსწავლეს შორის, მაშინ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ რამდენიმე მოსწავლე ერთად უზის, მაშინ მათ შორის ჩნდება გადადების რისკი. როგორც წესი, მოსწავლეები ახლოს სხედან, საუბრობენ, ერთმანეთის რვეულსა და წიგნში იყურებიან. თუ მათ აქვთ ის პასუხისმგებლობა, რომ ერთმანეთს არაფერი გადასდონ და ნიღაბს ნორმალურად მოირგებენ, მაშინ საფრთხეც ნაკლებია. დარწმუნებული იყავით, ვინც ნიღაბს სწორად ატარებს, იმას არაფერი გადაედება. არაა აუცილებელ ნიღაბი 2 საათში მოიხსნა, თუ მაინცდამიანც კოვიდის კერაში არ ხარ, 4 საათიც შეიძლება. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ სადეზინფექციო საშუალება, რომ ხელები გაისუფთავონ. პედაგოგმა 3 საათში ერთხელ უნდა გაწმინდოს ზედაპირები, განსაკუთრებით მაგიდის ზედაპირი, სახელურები, იატაკი და გაანიავოს ოთახი. თუ ეს ყველაფერი დაცული იქნება, თუ ერთ სივრცეში ბევრ აბიტურიენტს არ დასვამთ, რა თქმა უნდა, პირდაპირი სწავლება შესაძლებელია. ზოგადად კი, ონლაინ სწავლება მშვენიერი მოგონებაა. მე ძალიან მომწონს. ალბათ, საგნებიც უნდა გაიმიჯნოს – სადაც ონლაინ სწავლება შესაძლებელია, და სადაც პირდაპირ სწავლება ჯობს. ალბათ, არის საგნები, რომლებიც დისტანციურ სწავლებას არ ექვემდებარება“, – ამბობს ნანა დიდიძე.
არც მსოფლიოში და არც საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ჯერჯერობით, კორონავირუსის გავრცელების არეალიცა და შემთხვევათა რაოდენობაც მხოლოდ იზრდება. შესაბამისად, აბიტურიენტებს, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს მოუწევთ მეცადინეობისას იმ რეგულაციების გათვალისწინება, რომლებზეც ეპიდემიოლოგი EDU.ARIS.GE-ს ესაუბრა.
რა ფაკულტეტზე რომელი საგნებით შეძლებენ ჩაბარებას 2021 წლის აბიტურიენტები – სია
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება