GE

მედიაციის საუნივერსიტეტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება GRUNI-ში და რექტორის უპრეცედენტო გადაწყვეტილება უფროსკლასელებისთვის

„დაუვიწყარი დღე“ – ასეთ შეფასებას აკეთებდა 30 მარტს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გამართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელთა მედიაციის საუნივერსიტეტო კონკურსის ყველა მონაწილე – ჟიურის წევრები, პროექტის ხელმძღვანელები, გრუნის წარმომადგენლები, სტუდენტები და რაც მთავარია, ფინალში გასული მოსწავლეებიც.

ღონისძიებაზე, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა, 8 უფროსკლასელმა ფინალისტმა მედიატორის როლი წარმატებით მოირგო და ჟიურისა და მეგობრების წინაშე საინტერესო ქეისები წარადგინა. კონკურსში მონაწილეთა პრეზენტაციები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ 7-კაციან ჟიურის გამარჯვებულის გამოვლენა საკმაოდ გაუჭირდა, უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ კი, პრიზებთან დაკავშირებით, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით…

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სკოლების გაძლიერების აქტიური მხარდამჭერია, ამ მიზნით გრუნიში არაერთი პროექტი ხორციელდება მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, დირექტორებისთვის. მედიაციის კონკურსი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია, ამიტომაც წელს მან გაცილებით მასშტაბური სახე მიიღო და რეგიონის სკოლების უფროსკლასელებიც აქტიურად ჩაერთვნენ. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა შორის, სამართლის გარდა, იყვნენ სტომატოლოგიის, ბიზნესის, ჟურნალისტიკის, ფსიქოლოგიისა და საჯარო მმართველობის სპეციალობით დაინტერესებული ახალგაზრდებიც.

მონაწილეთა მენტორი-სტუდენტებიც სხვადასხვა ფაკულტეტიდან შეირჩა. კონკურსს ორგანიზებას უწევდა გრუნის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრის ხელმძღვანელი ნინა გერსამია. წელს პროექტში იმდენად აქტიური და ნიჭიერი მონაწილეები ჩაერთვნენ, რომ მათ შორის გამორჩეული და აქტიური მოსწავლეების შერჩევა გართულდა და დაგეგმილი 6 ფინალისტის ნაცვლად, ფინალში 8 მოსწავლე ვიხილეთ. შეიცვალა გამარჯვებულთა რაოდენობაც და პრიზებიც – ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად ერთის ნაცვლად სამი მოსწავლე: ნუცა მარგიანი (თბილისის მწვანე სკოლა), სალომე ხურცილავა (რუსთავის მე-18 სკოლა) და ონისე ფიცხელაური (დუშეთის პირველი სკოლა) დასახელდნენ. რექტორ მამუკა თავხელიძის პირადი გადაწყვეტილებით კი, სამივე მათგანს სერტიფიკატთან და პრიზებთან ერთად, 100%-იანი საუნივერსიტეტო გრანტი გადაეცათ.

„ფინალისტრების გამოსვლებმა ცნობილი ფრაზა გამახსენა და ჩემი ინტერპრეტაციით გავიმეორებ – აჩვენეთ ეს ნიჭიერი, ჭკვიანი, თავისუფალი ბავშვები მსოფლიოს და ომი ნამდვილად აღარ იქნება! დღეს, მსოფლიოში მედიაციის, კომპრომისის, შერიგების უნარების გამომუშავება გარდაუვალი აუცილებლობაა და მისი მეცნიერული და პრაქტიკული შესწავლა, ახალგაზრდების პროფესიულ დაოსტატებას, ამასთანავე, მედიაციის იდეის გავრცელებასა და დანერგვას დაეხმარება. სწორედ ამიტომ მიიღო თავის დროზე უნივერსიტეტმა ახალგაზრდებში დავის რეგულირების ახალი მექანიზმის პოპულარიზაციის გადაწყვეტილება. წლიდან წლამდე პროექტი უფრო მასშტაბური ხდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი მატულობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი დღე საქართველოში ბევრად უკეთესი და ჰუმანური იქნება“, – განაცხადა მამუკა თავხელიძემ და კიდევ ერთი, ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილება გამოაცხადა – დარჩენილ 5 ფინალისტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 50-50%-იანი საუნივერსიტეტო გრანტი ექნება.

რექტორს არც ის მოსწავლეები დარჩენია უყურადღებოდ, ვინც ფინალისტებს მედიაციის იმიტირებულ პროცესში დაეხმარა და მხარეების როლი მოირგო – მამუკა თავხელიძემ მათ ამერიკელი ენის ექსპერტის – მაიკ მენსფილდის, პრაქტიკული ინგლისურის კურსი შესთავაზა.

მედიაციის კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გრუნის პროფესორმა, ჟიურის წევრმა ირაკლი ყანდაშვილმა: „მოხარული ვარ, რომ გრუნი, საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, მედიაციის ერთ-ერთი უმთავრესი კერაა. მედიაცია ცხოვრების წესია, ამდენად, მნიშვნელობა არ აქვს ეს მოსწავლეები რა პროფესიას აირჩევენ. ის უნარები, რაც მედიატორს გააჩნია და რაზეც დგას მედიაცია – მიმღებლობა, შემწყნარებლობა, მოსმენის კულტურა, შეთანხმების უნარი… ამ ახალგაზრდებსაც გამოადგებათ ცხოვრებაში“. მისივე გადაწყვეტილებით, პროექტში ჩართულ სამ სტუდენტ – მენტორს ირაკლი ყანდაშვილის სახელობის სტიპენდია გადაეცა.

ჟიურის წევრის, გრუნის რექტორის მოადგილის, ბიზნესის სკოლის დეკანის, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, მედიაციის ცენტრის დამსახურებაა, რომ კონკურსის არცერთ ფინალისტს ჩავარდნა არ ჰქონია და თითოეული მათგანი ჟიურის წინაშე ღირსეულად წარდგა. მეტიც, მისი შეფასებით, მოსწავლე-მედიატორები მენტორ-სტუდენტებსაც კი არ ჩამოუვარდებოდნენ.

ვახტანგ ჭარაიას თქმით, მედიაციის კონკურსის ფინალი იმის დასტურია, რომ „გრუნი ჭკვიან და ნიჭიერ ახალგაზრდებს ყოველთვის მხარს უჭერს და მათ განვითარებაში, სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება“.

ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, გრუნის პრორექტორმა გიორგი მირიანაშვილმა კი, მედიაციასა და პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას მადლობა გრუნის იმ ტუდენტებს გადაუხადა, რომლებიც პროექტში ჩაერთვნენ:

„მადლობა ჩვენს უნიჭიერეს სტუდენტებს, რომლებიც ლექციების შემდეგ რჩებოდნენ მოსწავლეებთან და ტრენინგებს უტარებდნენ. დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გრუნის საუკეთესო სტუდენტები ჰყავს. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ისეთი აქტიური და ნიჭიერი ახალგაზრდები გააკეთებენ არჩევანს ჩვენი უნივერსიტეტის სასარგებლოდ, როგორებიც დღეს აქ, ფინალში ვიხილეთ“.

შვიდკაციანი ჟიურის შემადგენლობაში, გრუნის წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენელი ნინო ქაშაკაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პროფესორი მერაბ ტურავა და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი. თითოეულმა მათგანმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტს იმის გამო, რომ სასწავლებელი წლებია ხელს უწყობს მედიაციის განვითარებას, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების ძიებასა და პოპულარიზაციას, პროექტი მოსწავლეებისთვის არის თვითგანვითარების, პროფესიის არჩევისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის ერთგვარი სტიმული.

პრიზებისა და 100%-იანი გრანტის გარდა, რა მისცა მედიაციის პროექტმა მონაწილე უფროსკლასელებს? – ამ კითხვაზე ფინალში სამივე გამარჯებულს თითქმის იდენტური პასუხი აქვს. EDU.ARIS.GE-სთან საუბარში, ნუცა მარგიანი, სალომე ხურცილავა და ონისე ფიცხელაური მოულოდნელი პრიზების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავენ, კონკურსის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ აუმაღლდათ ცნობიერება მედიაციის და დავების გადაჭრის შესახებ; მიხვდნენ, რომ პრობლემის მოგვარება ჰუმანურ, ადამიანურ თვისებებზეა დამოკიდებული; დღეს შედარებით უკეთ ხვდებიან სად, რომელ პროფესიაში ხედავენ თავს; მეტად ირწმუნეს საკუთარი შესაძლებლობების; მეტად თავდაჯერებულები გახდნენ და რაც მთავარია – დაიჯერეს, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ!

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური