მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტების რჩევები ახალი სასწავლო წლისთვის – The Guardian
ახალი კორონავირუსის გლობალური ეპიდაფეთქების შემდეგ მსოფლიოში სასწავლო პროცესმა რადიკალური ცვლილება განიცადა. იუნესკოს მონაცემებით, ასზე მეტმა სახელმწიფომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის ყველა სკოლა დახურა. ამგვარად მსოფლიოს მოსწავლეების საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს შინ დარჩენა და ახალი რეალობის წინაშე აღმოჩენა მოუწია.
სასწავლო პროცესის განახლება ეტაპობრივად იმ ქვეყნებმა დაიწყეს, სადაც ახალ ინფიცირებულთა რიცხვმა კლება დაიწყო. სასწავლო დაწესებულებები ვირუსისგან დაცვის მრავალ ხერხს მიმართავენ, ჰიგიენის ნორმებით დაწყებული და სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვით დამთავრებული.
ჯერჯერობით უცნობია რა ზომებს გამოიყენებენ ქვეყნები, სადაც სასწავლო პროცესი სექტემბრიდან განახლდება. ამ საკითხთან დაკავშირებით მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტებმა დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრს მიმართეს. მათი აზრით, ვირუსით გამოწვეულმა თავდაცვის ნორმებმა, განსაკუთრებით კი იზოლაციამ და სოციალურმა დისტანციამ ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე შეიძლება რადიკალური გავლენა მოახდინოს და მათ დიდი ემოციური ზარალი მიაყენოს.
სწორედ ამიტომ, ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტები მთავრობის წევრებს დაჟინებით მოუწოდებენ, სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ პირველხარისხოვანი ყურადღება ბავშვების თამაშსა და მათ მეგობრებთან სოციალიზაციას დაუთმონ. ექსპერტების აზრით, ფორმალური გაკვეთილების ჩატარება, აკადემიურ პროგრესზე ორიენტირება და გამოტოვებული მასალის ანაზღაურება ამ დროს მიზანშეწონილი არ არის.
ექსპერტების თქმით, დიდხნიანმა იზოლაციამ და თანატოლებთან პირისპირ თამაშის აკრძალვამ ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ პატარებისთვის ახლო, სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე, ურთიერთობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ფსიქოლოგების აზრით, სახლში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ სკოლაში დაბრუნება ბავშვებისთვის რთული ამოცანა იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ მეგობრებისგან ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ. სწორედ ამიტომ, ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ხუთ უნივერსიტეტს, მათ შორის კემბრიჯსა და სასექსს წარმოადგენს, ბავშვებისთვის სტრესისა და შფოთვის შესამსუბუქებლად თამაშს გვთავაზობს. ისინი ასევე ხაზს უსვამენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება სამიდან თერთმეტ წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა დაეთმოს.
ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტები განმარტავენ, რომ იმ დროს, როდესაც მშობლებისა და მასწავლებლების უმრავლესობა განათლების პროგრესსა და ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული, მთავრობის გზავნილმა ჯანდაცვის სფეროში ხაზი უნდა გაუსვას თამაშის სოციალურ და ემოციონალურ უპირატესობასა და თანატოლებთან ურთიერთობის მნიშვნელობას.
წყარო: theguardian
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის შემადგენლობა – სია by ARIS.GE-განათლება
- XI მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს by ARIS.GE-განათლება
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი