GE

მეორადი ჩარიცხვები დღეს მეორედ გამოცხადდა – „აბიტურიენტის ცნობარი 2026-ის“ მესამე ვარიანტი დაიდო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ დღეს, 2 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა.

NAEC-ის ცნობით, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:

1. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;

2. 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

პროგრამების არჩევის წესის, ასევე, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ელექტრონულ ბუკლეტს – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.

საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები

პროგრამების არჩევისას ელექტრონული ბუკლეტში – „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“ აპლიკანტებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ:

  • პროგრამის ტიპს – საბაკალავროა, თუ პროფესიული;
  • სწავლის საფასურს;
  • ქალაქს, სადაც პროგრამა ხორციელდება;
  • პროგრამაზე არსებული თავისუფალი ადგილების რაოდენობას.

„აბიტურიენტებმა აგრეთვე ყურადღებით უნდა შეამოწმონ ცნობარში, ხომ არ არის კონკრეტულ პროგრამაზე გაზრდილი საგნის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. გასათვალისწინებელია, რომ თუ კონკრეტულ პროგრამაზე რომელიმე საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილია და აბიტურიენტი დადგენილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, აღნიშნულ პროგრამაზე მისი ჩარიცხვა ვერ განხორციელდება.

პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ მათ მიერ ჩაბარებულ საგნებში მიღებული შედეგები და კონკრეტულ პროგრამაზე ამ საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტები. კოეფიციენტი გავლენას ახდენს საკონკურსო ქულის განსაზღვრაზე.

თუ აბიტურიენტს რომელიმე საგანში მაღალი შედეგი აქვს მიღებული, მისთვის უფრო ხელსაყრელი შეიძლება იყოს ისეთი პროგრამის არჩევა, რომლის შემთხვევაში ამ საგანს მაღალი კოეფიციენტი აქვს მინიჭებული.

პროგრამის არჩევისას მნიშვნელოვანია კონკურსის შესახებ ინფორმაციის გაცნობაც. სარეგისტრაციო გვერდზე აბიტურიენტებს შეუძლიათ გაეცნონ პროგრამებზე არსებულ კონკურსს. მონაცემები 24 საათში ერთხელ ახლდება.

მეორადი ჩარიცხვის პროცესში რეკომენდებულია, აბიტურიენტმა რაც შეიძლება მეტი მისთვის მისაღები პროგრამა გააზრებულად აირჩიოს, რათა გაზარდოს ჩარიცხვის შესაძლებლობა.

არჩეული პროგრამების რაოდენობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მათი თანმიმდევრობის სწორად განსაზღვრაც. პირველ ადგილზე უნდა მიუთითონ ის პროგრამა, რომელზე ჩარიცხვაც ყველაზე მეტად სურთ, შემდეგ კი სხვა პროგრამები, პრიორიტეტულობის მიხედვით.

ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, არ გადადონ არჩევანის გაკეთება ბოლო წუთისთვის. პროგრამების არჩევის შემდეგ კი, აუცილებლად გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ გაკეთებული არჩევანი სისტემაში შენახულია“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიაში, მეორადი ჩარიცხვები ერთ წელს ორჯერ აქამდე არავის გამოუცხადებია, ღირდა თუ არა ეროვნული გამოცდების იმიჯის ასეთი სახით წარმოჩენა საზოგადოების წინაშე, დასკვნები მკითხველისთვის მიგვინდია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური