მეტაფორა და შედარება – მაგალითები და სავარჯიშო მეცადინეობისთვის
ავტორი: დოდო კობიაშვილი, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის სოფ. ოზნის კონსულტანტ-მასწავლებელი.
მეტაფორა
მეტაფორა მხატვრული აზროვნების ერთ-ერთი, ყველაზე გამორჩეული და რთული სახეა, რომელიც ნიშნავს სიტყვის, გამოთქმის, წინადადების, აზრის გადატანითი მნიშვნელობით ხმარებას. ემყარება შედარებას, ანალოგიას ასოციაციას, მწერლის აღქმას. იგი უნდა გავშიფროთ, რომ მივხვდეთ, რას გულისხმობს მწერალი მეტაფორით გადმოცემულ მხატვრულ სახეში, მაგ. „ქალი (თინათინი) სტირს და ცრემლსა აფრქვევს, ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა“, ცხადია, „ყორნის ბოლო ფრთათა“- ში თინათინის ყორანივით შავი წამწამები იგულისხმება.
„აწ საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი, მტირალი,
მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის ალი,
წიგნი დაწერა მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი“.
მოცემულ საანალიზო მასალაში ყველაზე მარტივი მეტაფორაა „ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი“, სადაც ვარდი ბაგეების მეტაფორაა, ბროლი კი – კბილების. ორივე მეტაფორა შედარებას ემყარება.
აქვე მინდა მოვიყვანო შედარება ხალხური „ეთერიდან“, სადაც მთქმელი ასე ახასიათებს ეთერის გარეგნობას:
„ცხვირი – სტვირი, კბილი – მძივი,
ბაგე ხახვის ფურცელია“..
რომელი სჯობია, „ვადი გააპის“, თუ „ბაგე ხახვის ფუცელია“?
ზოგჯერ ძალზე რთულია მეტაფორის შინაარსის გაგება და მხოლოდ მიხვედრა არაა საკმარისი, გარკვეულ ცოდნას მიოთხოვს, მაგ. ავიღოთ ვაჟას „სტუმარ-მასპინძელი“: „მოუკლავთ ზვიადაური, ცით ჩამოსული სვეტადა“.
„ცით ჩამოსული სვეტადა“ მეტაფორაა და ნიშნავს, რომ ზვიადაურმა არსებობის ფორმა შეიცვალა და უკვე ხვთისშვილია, უკვდავია. ხვთისშვილები, ქართული წარმართული რელიგიის მიხედვით, ღვთის ნასახები, ნახევრად ღმერთები იყვნენ და სააქაოს სვეტით, შიბით უკავშირდებოდნენ.
განვიხილოთ რამდენიმე მეტაფორა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან:
„დაღამდა… წვრილნი ვარსკვლავნი
აყვავდენ, დასხდენ ცაზედა;
მთვარე კი ჯერ არსადა სჩანს,
არ დაგვნათოის თავზედა,
ჯერ თუ არ გაუღვიძნია,
ისევ თუ სძინავს მკლავზედა!
ჯერ გამარჯობა არ უთქვამს
შემომჯდარს გორის ფხაზედა,
სხივნი არ დაუგზავნია
პირის საბანად წყალზედა“.
მოყვანილი მაგალითი არის ღამის მეტაფორული გააზრება, რომელიც ეყრდნობა გაპიროვნებას. იგივე შეიძლება ითქვას შემდეგზეც: გაღამდა. მთებმა დახუჭეს თვალები“.
შედარება
შინაარსობრივი თვალსაზრისით, შედარება მეტაფორისგან განსხვავებით, ადვილად გამოსაცნობია. შედარებისას ერთი საგანი ან მოვლენა გარკვეული ნიშნის მიხედვით ედრება მეორეს. გამოიყენება თანდებულები: ვით, ებრ, ფერი, მსგავსი, კავშირი – როგორც, ისე…როგორც, მაგ. „… ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა“, „ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირსპასალარისა, საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა“.
ზოგჯერ შდარება მთელ წინადადებაშია ჩახლართული: „როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნათელი, ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში“- (გალაკტიონი. „ლურჯა ცხენები“) ნაპირი შედარებულია ნისლის ნამქერთან. საერთოდაც კი, აქ მთლიანად „სამუდამო მხარის“ მეტაფორული გააზრებაა.
„როგორც პეპლები მშვიდი და ფრთხილი, შემდეგ აშლილი და აფრენილი, გადაცვენილი ატმის ყვავილი იყო დაღლილი და მოწყენილი.“ (გალაკტიონი. „ატმის ყვავილები“)გადაცვენილი ატმის ყვავილი შედარებულია აშლილ და აფრენილ პეპლებთან.
ამოიწერეთ შედარებისა და მეტაფორის მაგალითები:
1. მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
2. … და იგი მათს ბედს ისე განაგებს, ვითა ამღერდეს იგი კამათლებს.
3. მთაწმინდა ჩაფიქრებულა,შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა.
4. ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გევხარ ზღვას.
5. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.
6. მთებს აუხსნიათ პირბადე შვილებით, შვილი-შვილითა.
7. ეთერში გაიქნენ რძისფერ ცის კიდეებზე აზიდული მთები თრიალეთისა.
8. ნუ გეშინია.. როგორც ერთი კაცი, ისეა სოფელი.
9. სულს ისე მოსწყურდა, ვით ირმების გუნდს წყარო, ანკარა.
10. ყანა ისე ღელავდა, როგორც ზღვა.
ასევე იხილეთ:
- სავარჯიშოები და განმარტება მძიმის სწორად გამოყენებისთვის – მძიმე განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებთან, შერწყმულ და რთულ წინადადებაში by გრამატიკული ცნობარი
- პუნქტუაცია – გზამკვლევი სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებისათვის (ნაწილი – I) by გრამატიკული ცნობარი
- რატომ არის სწორი ფორმა „დრამული“ და „დრამატული“ – რა უნდა ვიცოდეთ ზოგიერთი ზედსართავი სახელის შესახებ by გრამატიკული ცნობარი