GE

ეპითეტი – მაგალითები და სავარჯიშო მეცადინეობისთვის

ავტორი: დოდო კობიაშვილი, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის სოფ. ოზნის კონსულტანტ-მასწავლებელი.

ტროპული მეტყველება, სიტყვის ესთეტიკური, ემოციური და ექსპრესიული ფუნქცია

ტროპი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს შებრუნებას, სიტყვის ან წინადადების გადატანითი მნიშვნელობით თქმას. ტროპულ ანუ მხატვრულ მეტყველებაში სიტყვას ესთეტიკური, ემოციური და ექსპრესიული ფუნქციები აქვს, რაც გულისხმობს აზრის იმდაგვარად გამოხატვას, რომ მკითხველს განაცდევინოს ესთეტიკური სიამოვნება, გამოიწვიოს მასში გარკვეული ემოცია და აგრძნობინოს სიტყვის, შესიტყვების სიღრმე, ძალა. მწერლები ამას სხვადასხვა ლიტერატურული ხერხით, ტროპული მეტყველებით აღწევენ.

ტროპის ძირითადი სახეებია: შედარება, ეპითეტი, მეტაფორა, ჰიპერბოლა, მეტონომია, ლიტოტესი, გაპიროვნება, ალეგორია, ირონია, სიმბოლო.

ეპითეტი

ეპითეტი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს დამატებულს. ეპითეტი მხატვრული განსაზღვრებაა, საგნის ან მოვლენის პოეტური განმარტება. განსაზღვრება კი ორგვარია- ლოგიკური და მხატვრული. ლოგიკურია განსაზღვრება, რომელიც საგანს ან მოვლენას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ნიშნის/თვისების მიხედვით, ან იმ ნიშნის მიხედვით, რომელიც მას კონკრეტულ სიტუაციაში რეალურად აქვს, მაგალითად, ბნელი ღამე, მშვიდი კაცი, თეთრი ვარდი… ბნელი, მშვიდი და თეთრი ლოგიკური განსაზღვრებებია. მხატვრული, განსაზღვრება ლოგიკურისგან განსხვავებით, ეყრდნობა მწერლის აღქმას, შედარებასა და მეტაფორულ გააზრებას, რათა ნათქვამი თუ ნააზრევი უფრო ემოციური და შთამბეჭდავი (ექსპრესიული)გახადოს, გარკვეული ემოცია გამოიწვიოს მკითხველში.

მაგალითად: „ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი“(გალაკტიონი). მოყვანილ მაგალითში წყნარი ეპითეტია, მხატვრული განსაზღვრებაა, რადგან არ შეიძლება მთვარეს ჰქონდეს ადამიანისათვის დამახასიათებელი თვისება, თუმცა კონკრეტულ სიტუაციაში ასე აღიქვა პოეტმა, პოეტური აღქმის ნაყოფია.

„ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს“ – ცისფერი ეპითეტია, რომელიც პოეტის აღქმით, შედარებას ეყრდნობა, მაგრამ „ცისფერი ლანდები“ მეტაფორული გააზრებაა, რადგან ამ შესიტყვებაში პოეტი მთაწმინდაზე დავანებულებს გულისხმობს.

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი: „მირბის, მიმაფრენს უზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის ავბედითი შავი ყორანი“ (ბარათაშვილი). აქ ეპითეტებია ავბედითი და შავი. ერთი შეხედვით შავი თითქოს ლოგიკური განსაზღვრებაა, რადგან ყორანი ჩვეულებრივ შავი ფერისაა, მაგრამ არ არის ლოგიკური განსაზღვრება, პოეტურია, ეპითეტია, რადგან შავი ასოცირდება ცუდ მოვლენასთან, ტრაგიზმთან და პოეტი ამ ეპითეტით ხაზს უსვამს საკუთარ ცხოვრებისეულ ტრაგიზმს. ამ თვალსაზრისით შავი მეტაფორაცაა, რაც სათქმელს ხდის ემოციურსა და ექსპრესიულს, ანუ ანიჭებს სიმძაფრეს (ექსპრესიულობა – სიტყვის, წინადადების ძალა, სიმძაფრე).

უნდა გვახსოვდეს, რომ ლოგიკურიც და მხატვრული განსაზღვრებაც შესიტყვებებია, ანუ აუცილებლად მოიაზრება მსაზღვრელ – საზღვრული. ეპითეტი, როგორც მსაზღვრელი, გადმოიცემა ზედსართავი სახელით (ჭაღარა თბილისი), მიმღეობით (მოდუდუნე მტკვარი), არსებითი სახელით (ცეცხლის მზე, მხეცი ბატონი).

სავარჯიშო

ამოიწერეთ და ცალ-ცალკე და დააჯგუფეთ ლოგიკური და მხატვრული (ეპითეტები) განსაზღვრებები:

  1. ჰაერი მწიფე ხილის სურნელით იყო გაჟღენთილი.
  2. დილ-დილაობით ტბას თეთრი, მშვიდი ბურუსი აწევს.
  3. საღამოს კი ცეცხლი უნთია პაწაწინა ქოხის წინ.
  4. ის თოვლის ფიფქები, ის სევდიანი მთა, ის შეჭაღარავებული ტყე და კვამლის საბელით ჩამოკიდებული სახლი ეჩვენებოდა უჩვეულოდ ლამაზად.
  5. მელია იყო, თავისი გრძელი კუდით, წვეტიანი ცხვირითა და აცქვეტილი ყურებით.
  6. მაინც რა არის ჩვენი ყოფა, წუთისოფელი, თუ არაოდენ საწყაული აღუვსებელი…
  7. ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა ჭაღარა გულის ზმანება ავი..
  8. ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო, ლურჯად ნახავერდები.
  9. გულო, შავგულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები..
  10. ვინცა ისმინოს დაეცეს ლახვარი, გულსახეული.

ასევე იხილეთ:

სიტყვათშეხამება წინადადებაში

როგორ ვწეროთ და წარმოვთქვათ ადამიანისა და გეოგრაფიული სახელები სწორად (სავარჯიშოები მეცადინეობისათვის)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური