„მინდა მოვუწოდო აბიტურიენტებს, მეორე სესიაზე ასევე დროულად გამოცხადდნენ“ – გზავნილები აბიტურიენტებს
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნინო წერეთელი თბილისის 147 საჯარო სკოლაში აკვირდებიან, სადაც ისინი რეგისტრაციის დაწყებისთვის მივიდნენ.
მინისტრმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და საგამოცდო პროცესი შეაფასა. მისი თქმით, წელს გამოცდებზე 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის მსგავსი რაოდენობაა. ამილახვარის განმარტებით, საქართველოში უმაღლეს განათლებაზე ინტერესი მაღალია და ახალგაზრდების დიდი რაოდენობაც ამითაა განპირობებული. მან აქვე დასძინა, რომ ყველა საგამოცდო ცენტრი და მთლიანად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულად მზადაა, რათა ეროვნული გამოცდები უხარვეზოდ ჩატარდეს.
“დღეს ჩვენი აბიტურიენტებისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება – ეროვნული გამოცდები. ქვეყნის 12 ქალაქში სრულად გაშლილია და მომზადებულია 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ყველა ინვენტარით, გაგრილების სისტემით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც საჭიროა, რომ ჩვენმა აბიტურიენტებმა თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი მშვიდ გარემოში გამოავლინონ და უმაღლესი ქულები მიიღონ. თითოეულ აბიტურიენტს მინდა წარმატება და იმ უნივერსიტეტში მოხვედრა ვუსურვო, რომელიც არჩეული აქვს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან გიორგი ამილახვარმა.
EDU.ARIS.GE – ს კითხვაზე, რომელი წლიდან შეიძლება ველოდოთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცვლილებას, იგეგმება თუ არა ეს 2027 წლისთვის, როგორც ეს აქამდე ითქვა და რა ფორმატზე აქვს მუშაობა დაწყებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მინისტრი გვპასუხობს, რომ სისტემაში რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით მიდის, მათ შორის, ეროვნულ შეფასებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა და უახლოეს წლებში გამოცდებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ იგეგმება.
” პარალელურ რეჟიმში, მომდევნო წლებში, დაიწყება პილოტირება და მხოლოდ პილოტის შედეგების მიხედვით გვეცოდინება, თუ როდის რა ცვლილება იქნება შესაძლებელი, თუმცა ახლო წლებში მსგავსი ცვლილებები არ იგეგმება”, – გვიპასუხა გიორგი ამილახვარმა.
რეგისტრაციის დასრულებისთანავე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა, ქვეყნის მასშტაბით არსებული მდგომარეობა შეაფასა. აღნიშნა, რომ რეგისტრაციის პროცესი ყველა საგამოცდო ცენტრში “მშვიდ გარემოში” მიმდინარეობს და გამოცდაც, აგრეთვე, “მშვიდ გარემოში” დაიწყო.
“მიხარია, რომ ამ წუთის მდგომარეობით დაგვიანების შემთხვევა, 147-ე სკოლაში, არ არის და, სხვათაშორის, არც ერთ ცენტრში, ჯერჯერობით რა ინფორმაციაც გვაქვს. მინდა მოვუწოდო აბიტურიენტებს, მეორე სესიაზე ასევე დროულად გამოცხადდნენ – რეგისტრაციის დაწყებისას, 14:00 საათზე. გაითვალისწინონ, რომ არ დაიგვიანონ”, – განაცხადა წერეთელმა.
საგამოცდო პროცესი დღეს ისევ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაგრძელდება.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება