მინისტრი: „გვყავს 40–ათასზე მეტი უატესტატო ახალგაზრდა და მათ მივცემთ საშუალებას გაიარონ ეს პროგრამები“
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უწყებაში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ქვეყანაში 40–ათასზე მეტ ახალგაზრდას საშუალო სკოლის ატესტატი არ აქვს. ესენი გახლავთ პირები, რომლებიც სხვადასხვა წელს CAT-ის გამოცდებში ჩაიჭრნენ. სამინისტრო გეგმავს აღნიშნულ ახალგაზარდებს პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირების საშუალება მისცეს.
„ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გვაწუხებდა და რომელიც საგამოცდო სისტემას ეხებოდა. ჩვენი ამოცანაა, ამ ახალგაზარდებს ყველანაირად დავეხმაროთ, რომ როგორმე მოხვდნენ პროფესიაში. ამ კუთხით მათ უკვე გაუჩნდებათ არჩევანი პროფესიულ პროგრამებზე ჩააბარონ და პროფესია ჰქონდეთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მარტიდან დაიწყება და ყოველთვე ახალი პროგრამები დაემატება, იქნება მოკლე გადამზადების პროგრამები, რომ რაც შეიძლება მეტ, ასობით და ათასობით ახალგაზრდას მიეცეს შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ. ისინი ამ წლების განმავლობაში იყვნენ რეალურად სისტემიდან ამოვარდნილები, გვინდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დარეგისტრირდნენ, გაიარონ ეს პროგრამები და რაც მთავარია დასაქმდნენ ბაზარზე“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.
რაც შეეხება პროცედურებს, მინისტრის განმარტებით, ინსტრუქცია უკვე სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და თუ პირს სკოლის პროგრამა გავლილი აქვს, პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირების შესძლებლობა მიეცემა.
„პროცედურა უკვე განსაზღვრულია, საკმაოდ ბევრ მუხლს მოიცავს, რომელიც უკვე წარმოდგენილია ვებ-გვერდზე. არიან ბავშვები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს CAT- ის გამოცდები და არ ჩაეთვალათ სკოლის დასრულება. ყველა ინსტრუქცია წარმოდგენილია უკვე თუ როგორ უნდა მოიქცნენ. ანუ სკოლის კომპონენტი თუ შესრულებული აქვს, ყველა ასეთ ბავშვს მივცემთ შესაძლებლობას გადამზადების თუ პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხონ. მთავარია ეს ბავშვები დავიბრუნოთ და მივცეთ პროფესია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხვდნენ ბაზარზე და იყვნენ წარმატებულები“, – ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება