GE

მინისტრის მოადგილე: 55-ე საჯარო სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები დილით არ გამოცხადდნენ და დამრიგებელმა მშობლებს აცნობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეეები, რომლებსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყათ, დღეს დილით სკოლაში არ გამოცხადდნენ და ამის შესახებ მათ მშობლებს ინფორმაცია კლასის დამრიგებელმა მიაწოდა.

„55-ე საჯარო სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე და რეგულაციის მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი, როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში, ამ რეგულაციის დაცვით, შესაბამისად, მან აცნობა მშობელს, რომ ბავშვები არ იყვნენ და არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს. ინფორმირება ჩვენი მხრიდან დამრიგებელმა განახორციელა“, – განუცხადა კლინიკასთან ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე, აკისრებს თუ არა ამ შემთხვევაში სამინისტრო პასუხისმგებლობას დამრიგებელს, თამარ მახარაშვილმა ასეთი პასუხი გასცა: ის ვალდებულება, რომელიც აქვს სკოლას, როდესაც ბავშვი არ ცხადდება საგაკვეთილო პროცესზე, დამრიგებელმა ეს ვალდებულება შეასრულა, შეატყობინა მშობლებს საერთო ჩატით. მშობლები უკვე ინფორმირებული იყვნენ ამის შესახებ, რომ ბავშვები არ გამოცხადდნენ საგაკვეთილო პროცესზე.

ჟურნალისტებთან კომენტარი დღის მეორე ნახევარში გააკეთა 55-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია აბრამიძემ და თქვა, რომ დღეს 8 ბ კლასიდან სკოლაში მხოლოდ სამი მოსწავლე გამოცხადდა:

„მოსწავლეების ნაწილი არ გამოცხადდა სკოლაში. რომ არ გამოცხადდნენ, დამრიგებელმა მშობლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ ბავშვები არ იმყოფებოდნენ სკოლაში და გადასცა, რომ გთხოვთ, მოიძიოთ თქვენი შვილების ადგილსამყოფელი. ამის შემდეგ, ნაწილი მოსწავლეების იყვნენ კლასში, ნაწილი არ გამოცხადდა. ეს ბავშვები სკოლაში არ ყოფილან, დილიდან არ გამოცხადებულან. სამი მოსწავლე იყო კლასში. სკოლას აკონტროლებენ მანდატურები, დარაჯები… ისინი გადიან მხოლოდ მასწავლებლის ნებართვით და გავლის საკითხი მშობლებთან შეთანხმებულია ხოლმე“.

დღეს, ახლად რეაბილიტირებული ვაკის პარკის შადრევანში კლასელებს ბურთი ჩაუვარდათ. მის ამოსაღებად თავდაპირველად შადრევანში 13 წლის ბიჭი ჩავიდა, რომელსაც დენმა დაარტყა. შადრევანში მის დასახმარებლად ჯერ თანაკლასელი ბიჭი, შემდეგ კი, ორივეს დასახმარებლად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა და მასაც, თანაკლასელებთან ერთად დენმა დაარტყა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვები წყლიდან დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელმა ამოიყვანა და ადგილზე მყოფმა ადამიანებმა სასწრაფოს მოსვლამდე დახმარება აღმოუჩინეს. გოგონა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ის გულის გაჩერებით შეიყვანეს და რეანიმაციული ჩარევები უშედეგო აღმოჩნდა. კიდევ ერთი მოზარდის მდგომარეობა, რომელიც ასევე კლინიკაში იმყოფება, საყურადღებოა და კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ შესაბამის მკურნალობას გადის, მესამე მოზარდი კი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე იხილეთ:

განათლების მინისტრი ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოსწავლის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური