მისაღები გამოცდებისთვის ქიმიის ტესტში დავალებების რაოდენობა შემცირდა – დეტალები სიახლის შესახებ
2021 წლის ეროვნული გამოცდებისთვის, ქიმიის ტესტში აპლიკანტებს ნაკლები დავალების შესრულება მოუწევთ, რადგან შემცირდა როგორც ღია, ისე დახურული ტიპის დავალებების რაოდენობა. შესაბამისად, შემცირდა გამოცდისთვის განკუთვნილი დროც და 3 საათისა და 40 წუთის ნაცვლად, აპლიკანტებს ტესტის დასაძლევად მხოლოდ 3 საათი ექნებათ. შემცირდა მაქსიმალური ქულაც, თუმცა უცვლელი დარჩა ბარიერი – იგი კვლავ 25%-ს შეადგენს.
ცვლილებების მიზეზებზე საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აბიტურიენტის მომზადების დონის გაგება ნაკლები დავალებითაც შესაძლებელია.
აღნიშნული ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, თავად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა, თუმცა გავრცელებული მწირი ინფორმაცია მხოლოდ იმას იტყობინებოდა, რომ საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულა შემცირდა. რის ხარჯზე – ეს უკვე აღარ ჩანდა. ამან დაბნეულობა გამოიწვია აბიტურიენტებშიც და რეპეტიტორებშიც, რომლებიც მიიჩნევდნენ რომ სიახლე რომელიმე საკითხის სრულად ამოღებას, ან მნიშვნელოვან სახეცვლილებას არ უნდა შეხებოდა, რადგან საგამოცდო პროგრამა ამ ვარაუდის საშუალებას არ იძლეოდა.
პედაგოგები, რომელთაც EDU.ARIS.GE ესაუბრა, იმასაც იმედოვნებდნენ, რომ დროისა და მაქსიმალური ქულის შემცირება ტესტის გამარტივების საფუძველზე არ მოხდებოდა, ვინაიდან ისინი მიიჩნევდნენ, რომ ტესტის ისედაც საშუალო სირთულის იყო და მისი კიდევ უფრო გამარტივება გონივრული არ იქნებოდა.
„როგორც პედაგოგი, ტესტის გამარტივებას არ მივესალმები. უფრო რთული ტესტებიც ყოფილა ადრე. ან გამარტივება რანაირად იქნება, თუკი ბარიერი ისევ 25 პროცენტია. დღევანდელი პირობების გათვალისწინებით, როცა ონლაინ პლატფორმაზე ვართ გადასულები, ტესტის შეკვეცა მისაღებია, მაგრამ ქიმიის და ფიზიკის გამოცდის ჩამბარებელთა რაოდენობა ყველაფერზე მეტყველებს. ეროვნულ გამოცდებს ამ საგნებით სულ უფრო მცირე რაოდენობის აბიტურიენტი აბარებს. ვისურვებდი რომ ღია ტიპის დავალებები მეტი იყოს, დახურულბოლოიანი – ნაკლები, რადგან ღია ტიპის დავალებებში ბავშვის აზროვნება უფრო კარგად ჩანს“, – ამ მოსაზრებას ჩვენთან საუბარში ქიმიის პედაგოგი ლუსი ლომაია აფიქსირებს, რომლებიც აბიტურიენტებს მისაღები გამოცდებისთვის კერძოდაც ამეცადინებს.
ტესტის საშუალო სირთულეზე საუბრობს კიდევ ერთი პედაგოგი ვერიკო ვარდიშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ტესტის სტრუქტურა, საკითხები, თანმიმდევრული და აბსოლუტურად მისაღები იყო. შესაბამისად, მისაღები იყო ის დროც, რაც ტესტს ეთმობოდა – 3 საათი და 40 წუთი. ცვლილებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არც მისთვის იყო ცნობილი, თუმცა გაიოლებას არც ის მიესალმება.
„სიმართლე გითხრათ, ტესტში ყველაფერი კარგად იყო დალაგებული. დახურული კითხვები 30 კი იყო, მაგრამ მუშაობასაც მოითხოვდა, აბიტურიენტი პასუხს პირდაპირ ვერ გასცემს თუ არ დაწერა, თუ არ გამოთვალა. ღია კითხვებიც კონკრეტულ სამუშაოს მოითხოვს. ასე რომ, ეს 3 საათი და 40 წუთი მისაღები დრო იყო. წესით, ეს დრო უნდა გეყოს, კარგად იყო განაწილებული. ტესტი ისედაც არ არის ძნელი. ბარიერი დაბალია და ტესტი ისეთი სირთულის არ არის, რომ მინიმალური ზღვარი ვერ გადალახო. თუ ეგეც ვერ გადალახა ვინმემ, ე.ი. იმან რომც ჩააბაროს, ქიმიას ვერ ისწავლის. თუ ამ ბარიერს ვერ გადალახავს, იქ უმაღლეს ქიმიას როგორ ისწავლის?
„თუ ტესტში იმგვარი ცვლილებები შევიდა, რაც ბავშვების გადაღლის თვალსაზრისით შეღავათს გასწევს, მაშინ ეს მისაღებია. განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ წლევანდელ აბიტურიენტებსაც ონლაინ სწავლება უწევთ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბავშვების უჩვეულო მდგომარეობისა და სტრესის მხედველობაში მიღება და ტესტის შემსუბუქება, გამართლებულია“, – მიიჩნევს ქიმიკოსი.
ბუნებრივია, EDU.ARIS.GE დაინტერესდა რა კონკრეტული ცვლილებები დახვდებათ აბიტურიენტებს გამოცდაზე და კითხვებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქიმიის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელს, გია ხატისაშვილს მიმართა. როგორც მან განგვიმარტა, ტესტში დავალებების რაოდენობის შემცირება იმ პრინციპით მოხდება, რომ საგამოცდო დრო სავსებით საკმარისი იყოს ტესტის შესასრულებლად და, ამასთანავე, შენარჩუნებული იყოს ტესტის სირთულის დონე. ასევე უცვლელი დარჩება დავალებათა ტიპები, თუმცა მათი რაოდენობა შემცირდება. საგამოცდო პროგრამაში შემავალი საკითხები კი არ შეიცვლება.
„შემცირდება როგორც არჩევითპასუხებიანი, ასევე ღია დავალებების რაოდენობა. მაგალითად, თუ 75-ქულიან ტესტში იყო 30 არჩევითპასუხებიანი დავალება, 63-ქულიან ტესტში მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 24 ან 25 იქნება. პროპორციულად შემცირდება ღია დავალებების რაოდენობაც. ტესტის სირთულის შეცვლა არ იგეგმება“, – განგვიცხადა გია ხატისაშვილმა.
რაც შეეხება გამსვლელ ბარიერს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბარიერი დარჩება 25%-იანი, თუმცა მაქსიმალური ქულის შემცირებასთან ერთად დაიწევს მინიმალური ქულების რაოდენობაც. კერძოდ, ბარიერის გადასალახად საჭირო იქნება მინიმუმ 16 ქულის დაგროვება. ხატისაშვილის განცხადებით, მაქსიმალური ქულები მტკიცდება სამინისტროს მიერ, ამიტომ ეს პირველადი ინფორმაციაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ უფლება, თავად დააწესონ უფრო მაღალი ბარიერი.
2020 წლის მისაღები გამოცდების დასრულების შემდეგ, ქიმიის გამოცდაში მიღებული შედეგებით არაერთი აბიტურიენტი დარჩა უკმაყოფილო. მათმა ნაწილმა განათლების სამინისტროსთან აქციაც კი გამართა ბარიერის დაწევის მოთხოვნით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ირწმუნებიან, რომ გამოცდაში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილებას საერთო არაფერი აქვს ზემოთხსენებულ მოვლენებთან და რომ 2020 წელს ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტის ექსპერტულმა ანალიზმა ტესტის საშუალო სირთულე აჩვენა.
„განვლილი წლების მანძილზე გამოყენებული ტესტების ფსიქომეტრულმა და ექსპერტულმა ანალიზმა აჩვენა, რომ შედარებით ნაკლები დავალებით შესაძლებელია საგამოცდო პროგრამის სრულად დაფარვა და ამასთან, არსებულ დავალებათა ტიპების შენარჩუნება. ასეთი ცვლილებით, ვფიქრობთ, გამოცდა ნაკლებად დამღლელი იქნება და აბიტურიენტები თავისი ცოდნის უფრო ეფექტურად გამომჟღავნებას შეძლებენ“, – აღნიშნავს გია ხატისაშვილი.
ჩვენს კითხვაზე მიაჩნია თუ არა, რომ პანდემია წლევანდელ აბიტურიენტებს გარკვეულ წინაღობას უქმნის გამოცდებისთვის სრულფასოვნად მომზადებაში და ამის ფონზე, ტესტის ზოგადი სირთულის შედარებით გამარტივება უპრიანი იქნებოდა, იგი გვპასუხობს, რომ ვინაიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები არის სასელექციო და არა სასერტიფიკაციო გამოცდა (გულისხმობს, რომ აბიტურიენტები ერთმანეთს ეჯიბრებიან) ტესტის ცოტათი გამარტივებას, ან გართულებას აბიტურიენტთა ჩარიცხვაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს. თითოეული აბიტურიენტი თანაბარ პირობებშია.
„აქ შეიძლება საუბარი იყოს მხოლოდ მინიმალურ ბარიერზე, რომელიც, მოგეხსენებათ, ისედაც საკმაოდ დაბალია. გარდა ამისა, ეროვნულ სასწავლო გეგმას ადგენს განათლების სამინისტრო, ჩვენ კი ამის მიხედვით თითოეული საგნისთვის საგამოცდო პროგრამას ვქმნით, რომელსაც ასევე ამტკიცებს განათლების სამინისტრო. უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები ითვალისწინებს იმის შემოწმებას, რამდენად აითვისა მოსწავლემ სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა, ანუ რამდენად არის იგი მზად, განაგრძოს ამა თუ იმ სფეროს (ვთქვათ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) უფრო ღრმად შესწავლა უნივერსიტეტში.
“უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა გარკვეულ მომზადებას მოითხოვს და ჩვენი გამოცდებიც სწორედ იმას აფასებს, რამდენად არის აბიტურიენტი მზად, რომ ამა თუ იმ მიმართულებით სწავლა განაგრძოს. ერთი რამ კი მაინც შეიძლება გარკვევით ითქვას, რომ ქიმიის საგამოცდო დავალებებიც ამოწმებს სწავლების შედეგს და არა მასალის დაზეპირების უნარს. ამდენად, აბიტურიენტს საშუალებას ვაძლევთ, გამოიყენოს დამხმარე მასალა (ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი, ხსნადობის ცხრილი და მეტალთა ძაბვის ელექტროქიმიური ცხრილი) და გამოავლინოს ამ მასალაში მოცემული ინფორმაციის გამოყენების უნარი. გვინდა აბიტურიენტები დავარწმუნოთ, რომ ყველა პირობას შევუქმნით, რათა საკუთარი ცოდნა და უნარები სრულფასოვნად გამოავლინონ. ყველას წარმატებას ვუსურვებთ!“, – დასძენს ქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, რომ ქიმიის გამოცდის მსგავსად, ცვლილებები შეეხო ფიზიკისა და მათემატიკის გამოცდებსაც – მათი ხანგრძლივობაცა და მაქსიმალური ქულაც შემცირდა.
ამავე თემაზე:
თითქმის ყველა კითხვა და ყველა პასუხი 2021 წლის აბიტურიენტებისთვის
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება