თითქმის ყველა კითხვა და ყველა პასუხი 2021 წლის აბიტურიენტებისთვის
მე-12 კლასელები 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აქტიურად ემზადებიან. მათი ინტერესის საგანს ტრადიციულად გამოცდებთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.
რა ცვლილებებია წელს ტესტებთან დაკავშირებით? გამოცდისთვის რეგისტრაცია როდის დაიწყება? რა ხდება იმ პროგრამებზე, რომლებზეც შემოქმედებითი ტური ბარდება? როგორ მოხდება გრანტის გაცემა და ა.შ. – ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შემოგვთავაზა.
იხილეთ 2021 ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ აბიტურიენტების მიერ ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები.
1. რა ცვლილებებია წელს ტესტებთან დაკავშირებით?
2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამები და დავალებათა ტიპები უცვლელი რჩება. რამდენიმე საგანში მხოლოდ გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა შემცირდება. ეს ცვლილება შეეხება მათემატიკის, ქიმიისა და ფიზიკის ტესტებს.
მათემატიკა – 2021 წლის მათემატიკის ტესტში იქნება 35 (27 დახურული და 8 ღია ტიპის) დავალება, მაქსიმალური ქულა კი – 51.
ღია დავალებები შედგენილი იქნება ორი ორქულიანი, ოთხი სამქულიანი და ორი ოთხქულიანი დავალებისაგან. ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო იქნება 3 სთ, მინიმალური ბარიერი კი – არანაკლებ 11 ქულისა (უმაღლეს სასწავლებლებს უფლება აქვთ უფრო მაღალი ბარიერი დააწესონ).
ფიზიკა და ქიმია – ფიზიკისა და ქიმიის ტესტებზე სამუშაოდ გამოყოფილი იქნება 3 საათი, ხოლო მაქსიმალური ქულა – 63.
2. მათემატიკის ტესტი წელს გართულდა თუ პირიქით, გამარტივდა ამ ცვლილებების შედეგად?
მათემატიკის ტესტის სირთულე არ შეცვლილა, რადგან დავალებების შემცირების პროპორციულად შემცირდა საგამოცდო დროც. ვეცადეთ, გადაღლის ფაქტორი ყოფილიყო ნაკლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათემატიკის ტესტი იქნება უფრო ადვილი, ვიდრე გასულ წლებში იყო.
3. რეგისტრაცია როდის დაიწყება და როგორ გავიარო?
რეგისტრაცია, სავარაუდოდ, მარტში დაიწყება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე. ვადებთან დაკავშირებით დეტალები ყოველ წელს დაახლოებით მარტის პირველ რიცხვებში ქვეყნდება.
4. ქიმიის გამოცდაზე ცხრილები დაგვირიგდება?
დიახ, გამოცდაზე დაგირიგდებათ პერიოდულობისა და ხსნადობის ცხრილები. ასევე მეტალთა აქტიურობის მწკრივი.
5. ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტიდან ესე ამოიღეს?
არა, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს წელს არანაირი ცვლილება არ შეხებია.
6. სად მოვძებნო უმაღლესი სასწავლებლებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალი?
რეგისტრაციის დაწყებისთანავე ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება „ცნობარი აბიტურიენტებისათვის”, რომელშიც მითითებულია ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი და სხვა დეტალური ინფორმაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნოს თითოეული აბიტურიენტი. პროგრამების პირველადი ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
7. როგორც ცნობილია, ზოგიერთ პროგრამაზე ისევ ოთხი საგანი ბარდება, რომელი საგნები იგულისხმება?
უმაღლესმა სასწავლებლებმა (რომლებსაც ამის სურვილი ჰქონდათ) უკვე განსაზღვრეს, საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, სავარაუდო დამატებითი საგამოცდო საგნები შემდეგი ჩამონათვალიდან: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნებულია ცენტრის ვებგვერდზე, თუმცა დეკემბრის ბოლომდე უმაღლეს დაწესებულებებს უფლება აქვთ ამ ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანონ. პირველადი ინფორმაცია კი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
8. ჯანდაცვის მიმართულებით ნებისმიერ შემთხვევაში ოთხი საგნის ჩაბარება მოუწევს აბიტურიენტს?
ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ბიოლოგია; 4. მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.
9. რა ხდება იმ პროგრამებზე, რომლებზეც შემოქმედებითი ტური ბარდება?
რაც შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს, მათზე ჩასარიცხად აბიტურიენტმა სავალდებულოა შემოქმედებით ტურთან ერთად ჩააბაროს ქართული ენა და ლიტერატურა და უცხოური ენა, გრანტის მოსაპოვებლად კი დამატებით – მათემატიკა ან ისტორია.
10. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ისევ ზოგადი უნარების გამოცდა იქნება ჩასაბარებელი?
დიახ, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არსებული ფორმატით გაგრძელდება.
11. როგორ მოხდება გრანტის გაცემა?
გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა, თუმცა, თუ უმაღლესი სასწავლებელი მოითხოვს მეოთხე საგნის ჩაბარებასაც, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა – ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ერთი კონკურსის ფარგლებში აბსოლუტური (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგ საგნებში მიღებული შედეგების შესაბამისად: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. ისტორია ან მათემატიკა (მესამე საგანი). მეორე კონკურსისას აბსოლუტური ქულის გამოთვლისას გათვალისწინებული იქნება შემდეგ საგნებში მიღებული შეფასებები: 1. ქართული ენა და ლიტერატურა; 2. უცხოური ენა; 3. უმაღლესი დაწესებულების მიერ განსაზღვრული მეოთხე საგანი. აბიტურიენტი დაფინანსებას მიიღებს იმ საგნის გამოცდის შედეგის მიხედვით, რომლის საფუძველზეც იგი აკადემიური პროგრამისთვის გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.
12. ჩასაბარებელი საგნებიდან რომელს მიენიჭება პრიორიტეტი გრანტის განაწილებისას?
მაღალი კოეფიციენტი (1.5) მიენიჭება ყველა საგანს, გარდა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, უცხოური ენებისა, რომელთა კოეფიციენტი იქნება 1.
13. თუ რომელიმე დამატებით საგანში (მაგალითად, ფიზიკის გამოცდაში) ჩავიჭერი, გრანტის აღების უფლება მაინც მექნება?
დიახ, ისტორიით ან მათემატიკით შეძლებთ გრანტის აღებას და ჩარიცხვების კონკურსშიც იმ სამი საგნით მიიღებთ მონაწილეობას, რომლებიც წარმატებით გექნებათ ჩაბარებული (ცხადია, მხოლოდ იმ პროგრამებზე განიხილება ჩარიცხვის საკითხი, რომლებზეც თქვენ მიერ ჩაბარებული 3 საგანია სავალდებულო).
14. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტმა მათემატიკის გამოცდაც ჩააბარა და ისტორიისაც სხვა ძირითად საგნებთან ერთად?
ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ჩარიცხვებსა და საგრანტო კონკურსში მონაწილეობს იმ საგნის ქულით (მათემატიკა/ისტორია), რომელშიც უკეთეს შედეგს მიიღებს/რომლის საფუძველზეც იგი გრანტის მეტ ოდენობას მოიპოვებს.
15. თუ აბიტურიენტი ჩააბარებს დამატებით გამოცდას (მაგალითად, ქიმიას) და ჩაირიცხება იმ პროგრამაზე, რომელზეც ქიმია არ ბარდება, გამოადგება თუ არა მას ამ საგანში მიღებული ქულა?
თუ პროგრამა, რომელზეც აბიტურიენტი ჩაირიცხება, არ ითხოვს იმ დამატებით საგანს, რომელიც მან ჩააბარა, ამ საგნის შედეგს იგი ვერ გამოიყენებს ვერც ჩარიცხვისას და ვერც გრანტის მისაღებად.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება