GE

ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე თავისუფალ უნივერსიტეტში

პარასკევს, 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე თავისუფალ უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებს შეხვდება, ჩვენი კურსდამთავრებული, წარმატებული ბიზნესმენი, მიხეილ ლომთაძე. მიხეილ ლომთაძის შესახებ მიხეილ ლომთაძე დაიბადა 1975 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში. არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) ბაკალავრი. შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.

მან ბიზნესმოღვაწეობა საქართველოში დაიწყო, სადაც კონსალტინგური კომპანია „ჯი-სი-ჯი აუდიტი“ დააფუძნა და მისი ხელმძღვანელობა ითავა. 2002 წელს კი ეს კომპანია „ერსტ ენდ იანგის“ შემადგენელი ნაწილი გახდა. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული აუდიტორული და კონსალტინგური კომპანიაა.

2002 წლიდან მიხეილ ლომთაძემ რუსეთში, „ბეარინგ ვოსტოკ კეპიტალ პარტნერსში“ დაიწყო საქმიანობა, სადაც საინვესტიციო პროექტების მენეჯერის პოსტი დაიკავა, 2004 წლიდან კი ამ კომპანიის პარტნიორიც გახდა. 2003-2005 წლებში იყო ვენჩურული ინვესტირების რუსული ასოციაციის თავმჯდომარე. 2003 წლიდან ლომთაძე რუსეთის წამყვანი ლიზინგური კომპანია, „ეუროპლანის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, მოგვიანებით კი მისი თავმჯდომარე გახდა, ხოლო 2005 წლიდან – საბანკო პროგრამული მოწყობილობის წამყვანი კომპანია, „ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

„ბეარინგ ვოსტოკ კეპიტალ პარტნერსი“ დსთ-ის სივრცესა და რუსეთში საკმაოდ ცნობილი კომპანიაა, რომელიც პირდაპირი ინვესტიციების მართვის სფეროში მოღვაწეობს. ამ კომპანიის კაპიტალი 400 მილიონამდე დოლარია. თავის დროზე ლომთაძე იყო „ბეარინგ ვოსტოკის“ მიერ მართული ორი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი. „ბეარინგ ვოსტოკი“ ჯგუფ „ბეარინგ პრაივიტ ექუითი ინტერნეიშნლის“ შემადგენელი ნაწილია. ეს უკანასკნელი ბოლო პერიოდამდე 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების პირდაპირ აქტივებს მართავდა აზიასა და დსთ-ის ქვეყნებში.

ამჟამად ლომთაძე ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის – „კასპი ბანკის“ მმართველობის ხელმძღვანელია. საინტერესოა, რომ მისი ერთ-ერთი მოადგილეც – მამუკა კირვალიძე – ქართველია, რომელიც ბოლო წლებამდე საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში ნავთობისა და ტელესაკომუნიკაციო სფეროებში მოღვაწე კომპანიებში მუშაობდა.

ყახაზეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი – „კასპი ბანკი“ 1991 წელს შეიქმნა. თავდაპირველად, მისი სახელწოდება „ალ ბარაკა ყაზახსტანი“ იყო. 1997 წელს მან სახელი შეიცვალა და „კასპიისკი ბანკი“ გახდა. 2008 წლის 18 ნოემბრიდან ამ სტრუქტურაში კიდევ ერთხელ განხორციელდა რებრენდინგი და მას „კასპი ბანკი“ ეწოდა.

„კასპი ბანკი“ აქტივების მოცულობით ყაზახეთში მეშვიდე ადგილზეა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური