GE

მომავალი ქირურგი, იურისტი, ბიოლოგი, ეკონომისტი, ფინანსისტი – უცხო ენებში უმაღლესი ქულების მფლობელი აბიტურიენტების ისტორიები და გეგმები

2020 წლის ეროვნული გამოცდების განსაკუთრებულად წარმატებული, უმაღლესქულიანი აბიტურიენტების ისტორიების სერიას უცხო ენებში მიღწეული შედეგებით გამორჩეული აპლიკანტებით ვასრულებთ. სხვა საგნებისგან განსხვავებით, უცხო ენებში უმაღლესი მაჩვენებლის მქონე აბიტურიენტების მოძიება ნამდვილად არ გაგვჭირვებია. პირიქით, ისინი იმდენად მრავლად იყვნენ, რომ ჩვენდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სტატიისთვის ყველასთან გასაუბრება შეუძლებელი აღმოჩნდა და EDU.ARIS.GE მხოლოდ ზოგიერთს წარმოგიდგენთ.

გაგაცნობთ მომავალ იურისტს, ქირურგს, ბიოლოგს, ეკონომისტს, გოგონას, რომელმაც თითქმის ყველა საგანში უმაღლესი ქულა მიიღო, გოგონას, რომელიც ასეთ პატარა ასაკში უკვე რამდენიმე ენას ფლობს, ზესტაფონელ ტყუპ დებსა და მათ თანაკლასელს, რომელთაც თავიანთი კლასი გამორჩეული ქულებით ასახელეს და ა.შ.

ანა შიხიაშვილმა არა მხოლოდ ინგლისურში, არამედ მათემატიკაშიც უმაღლესი ქულა აიღო, ქართულში კი უმაღლესამდე მხოლოდ 2 ქულა დააკლდა. მან კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 სკოლა დაამთავრა და უმაღლესი შედეგების მისაღწევად რეპეტიტორების დახმარება აღარ დასჭირვებია. ანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის შესწავლას აპირებს.

„კონკრეტულად ბიოინფორმატიკა მიზიდავს. მიმაჩნია, რომ კომპიუტერული მეთოდები ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს, ბევრ რამეში გვეხმარება და ისეთი რაღაცეების აღმოჩენის საშუალებას იძლევა, რასაც ჩვენით ვერ შევძლებდით. ასე რომ, კომპიუტერული მეთოდები ბიოლოგიაში უამრავ ახალ აღმოჩენას გაგვაკეთებინებს. მითუმეტეს, რომ მაინც ახალი სფეროა და მისი დეტალურად შესწავლა ახლა იწყება. ამიტომაც ავირჩიე ეს სფერო. ძალიან მინდა უცხოეთში ვისწავლო. შემდეგ იქ ნასწავლი აქ დავნერგო და ბიოლოგიის სფეროს პოპულარიზაციას, განვითარებასა და ახალ-ახალ აღმოჩენებს შევუწყო ხელი,“ – ამბობს ანა.

ელენე დვალიძე კი მომავალი ლიდერია. ინგლისურ ენაში მანაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. პირველი კლასიკური  გიმნაზია დაამთავრა და ინგლისურ ენაში მისი წარმატება საგნის სიყვარულმა განაპირობა, რომელსაც ბავშვობიდან განსაკუთრებულ ყრადღებას უთმობდა.

„ინგლისურად ვკითხულობ, ფილმებს ინგლისურად ვუყურებ და ეს ენა „გამიჯდა“. საერთოდ, ენების სწავლა მიყვარს, რუსულსაც ვფლობ და თავისთავად, ქართულსაც. ჩაბარება თსუ-ში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე გადავწყვიტე. მინდა ხელმძღვანელ პოზიციაზე ვიმუშაო. ლიდერ ქალებს ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, დედაჩემიც ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობს და ეს ყველთვის მომწონდა. ლიდერის პოზიციისკენ ბავშვობიდან მივიღწვი“, – აღნიშნავს ელენე.

ინგლისურ ენაში კიდევ ერთი 80 ქულიანი აბიტურიენტი სალომე დათუკიშვილია, თბილისის #22 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული. ჩაბარებას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) გეგმავს, სადაც ფინანსების შესწავლა უნდა.

როგორც აღმოჩნდა, სალომემ ინგლსური ენა, ფაქტობრივად, დამოუკიდებლად შეისწავლა. ამბობს, რომ ამაში YOUTUBE დაეხმარა. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვე რეპეტიტორსაც მიმართა და ნასწავლი განიმტკიცა.

„მინდა მაღალანაზღაურებადი, სტაბილური სამსახური მქონდეს ჩემი პროფესიით – ფინანსების დარგში. არ მგონია სასწავლებლად უცხოეში წავიდე, აქ სწავლა მირჩევნია“, – გვითხრა სალომემ.

ნესტან კირთაძეც ერთ-ერთია იმ აბიტურიენტებიდან, რომელთაც ინგლისურ ენაში უმაღლესი, 80 ქულა მიიღო. მან თბილისის 126-ე საჯარო სკოლა დაასრულა და ახლა უკვე, შეიძლება ითქვას, რომ თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის (ISET) სტუდენტია. პროფესიის არჩევა ადვილი არ ყოფილა. საბოლოო ჯამში, გადაწყვიტა, რომ „ტექნიკური ტვინი“ ტექნიკური პროფესიის შესწავლაში გამოეყენებინა. მას სხვა საგნებშიც საკმაოდ მაღალი ქულები ჰყავს, განსაკუთრებით კი – მათემატიკაში.

„აქ სწავლა ინგლისურადაა და ვფიქრობ, რომ უფრო პერპექტიული იქნება. საზღვარგარეთაც თუ გავაგრძელე სწავლა, ეს კიდევ უფრო უკეთეს განათლებას მომცემს. წარმატების მიღწევა, ჩემთვის, მხოლოდ მაღალი ხელფასის ქონას არ ნიშნავს. ჩემი მიზანია კმაყოფილი და ბედნიერი ვიყო იმით, რასაც ყოველდღიურად გავაკეთებ. დილას ადგომა და სამსახურში წასვლა არ უნდა ეზარებოდეს. ჩემი მუშაობის მიზანი სხვების დახმარებაც მინდა იყოს“, – ამბობს ნესტანი.

სოფიო ჭუმბურიძე კი წმ. ანდრია პირველწოდებულის ჭიათურის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულია და  სწავლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიების ფაკულტეტზე აგრძელებს. ეს სფერო მისთვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა და ვინაიდან ბიოლოგიაც ბავშვობიდან განსაკუთრებულად უყვარდა, გადაწყვიტა მას პროფესიულ დონეზე დაუფლებოდა.

რუსულში მან 79 ქულა მიიღო და ასეც ელოდა, ვინაიდან, როგორც აღმოჩნდა, უცხო ენების შესწავლა მისთვის კიდევ ერთი საყვარელი საქმიანობაა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ სოფიო, ქართულის ჩათვლით, უკვე სამ ენას ფლობს და მეოთხეს ეუფლება.

„ამ წარმატებაში წვლილი შეიტანეს სკოლამაც, რეპეტიტორმაც, მეც დავამატე. უცხო ენების შესწავლა ჩემი ჰობია, მსიამოვნებს შესწავლა. რუსულის დონეზე ვფლობ ინგლისურსაც და აქტიურად ვსწავლობ გერმანულს. ვფიქრობდი რუსულის ქულები უფრო დამეხმარებოდა, ამიტომ რუსულის ჩაბარება გადავწყვიტე“, – ამბობს სოფიო.

ახლა მისი მიზანი მისი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერების – მშობლების იმედების გამათლებაა, რაც მაღალი ქულებით უკვე დაიწყო და სამომავლოდ წარმატებული კარიერით გააგრძელებს.

„მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად კარგად მესწავლა, ყველანაირი პირობა შემიქმნეს და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ“, – ამბობს სოფიო.

ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის კურდამთავრებულები არიან ჩვენი შემდეგი რესპონდენტები, რომელთაც გერმანულ ენაში 78, 79 და 80 ქულები აიღეს. 80 ქულის პატრონი ანა კახნიაშვილია, 78 და 79 ქულების მფლობელები კი ტყუპი დები ხატია და ელენე ლოლომაძეები.

ელენე თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის მომავალი სტუდენტია, ხატია კი სწავლას იგივე უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე აგრძელებს. ამ სპეციალობას რომ აირჩევდა, ბავშვობიდან იცოდა. ამბობს, რომ თავში ჰქონდა ჩაბეჭდილი, თუმცა რატომ, ამას ვერ ხსნის. გერმანულში უმაღლეს ქულას ელოდა და მისთვის გაუგებარია მიზეზი, რის გამოც 1 ქულა დააკლდა. პედაგოგთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, არ გამორიცხავს, რომ ეს ერთი ქულაც გაასაჩივროს.

გოგონები ამბობენ, რომ ისინი ორ სტერეოტის ერთან ანგრევენ – იმას, რომ რაიონების სკოლები დედაქალაქის სკოლებს ჩამოუვარდებიან და იმასაც, რომ ტყუპებიდან ერთი ყოველთვის უფრო ჭკვიანი და წარმატებულია, მეორე კი – ნაკლებად.

„თითოეულ ქალაქსა თუ სოფელში მოიძებნება სკოლა, სადაც ერთი-ორი მასწავლებელი მაინც იქნება ისეთი, რომელმაც შენს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი შეიძლება ითამაშოს. სკოლამ ძალიან დიდი რესურსი ჩადო ჩვენში, მაგრამ რეპეტიტორის, ლეილა  კამლაძის ღვაწლი გამორჩეულია,“ – მიიჩნევენ ელენე და ხატია. ქალბატონი ლეილას მადლიერია კიდევ ერთი მაღალქულიანი ამავე სკოლიდან გიორგი კალანდაძე, რომელიც 79 ქულის მფლობელია ასევე გერმანულ ენაში.

“ძალიან გახარებული ვარ. ჩემი შედეგი, 79 ქულა, ჩემთვის მოულოდნელი, სიმართლე გითხრათ, სრულებითაც არ ყოფილა. მიხარია, რადგან კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წარმატებისკენ. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი თსუ-ის სამართალზე ჩაბარება და შემდეგ სწავლის გაგრძელება გერმანიაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს მასწავლებელს, ქ-ნ ლეილა კამლაძეს, რომელიც ენერგიას არ იშურებდა ჩვენი განვითარებისა და სრულყოფისთვის”, – ამბობს გიორგი.

მათი თანაკლასელია ანა კახნიაშვილიც, რომელმაც გერმანულში 80 ქულა აიღო და ისიც იგივე რეპეტიტორის განსაკუთრებულ წვლილზე საუბრობს. ანა უცხო ენებზეა შეყვარებული და გერმანულის გარდა რუსულსა და ფრანგულს სწავლობს.

„გერმანული კი განსაკუთრებულად მაინტერესებდა. მასწავლებელიც არაჩვეულებრივი მყავდა. თითოეული ჩვენგანის წარმატებისთვის ის ძალიან ბევრს შრომობს“, – ამბობს ანა.

იგი სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს და სურს ზოგადი ან ნეირო ქირურგი გახდეს. სწავლის გაგრძელებას კი გერმანიაში აპრებს. როდესაც წარმატებული ექიმი გახდება, სწორედ მაშინ იტყვის, რომ კარიერა შედგა და მიაღწია იმას, რისთვისაც იბრძოდა.

„დახმარება ყველას სჭირდება, ძალიან რთულია მარტომ ბევრს მიაღწიო, მაგრამ ადამიანმა რაღაცეების გაკეთება თავისითაც უნდა შეძლოს,“ – მიიჩნევს ანა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020-ის შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. აბიტურიენტებს წინ ჩარიცხვების გამოცხადება ელით. EDU.ARIS.GE, რომელიც აბიტურიენტებთან დაკავშირებულ თითოეულ საკითხს მთელი წლის განმავლობაში აშუქებდა, ბუნებრივია, პროცესის ჯაჭვის უკანასკნელი რგოლების შესახებაც ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური