„მომენატრა სკოლა და კლასში ახსნილი გაკვეთილები, კლასელები“ – მოსწავლე გორის სოფლიდან, რომელსაც ინტერნეტი არ აქვს
ციცაგიანთკარი ერთ-ერთია გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებიდან, სადაც მოსახლეობას ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. დასახლებაში არაა სკოლაც, ამიტომ აქ მცხოვრები ბავშვები საშუალო განათლების მისაღებად ახლომდებარე სოფელ ახრისის საჯარო სკოლაში დადიოდნენ. მეექვსე კლასელი თენგო ბოლოთაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პრევენციის გამო სკოლები დაიკეტა, საკმარის განათლებას ვეღარ იღებს. ის ამბობს, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, თანატოლებისაგან განსხვავებით, ონლაინ გაკვეთილებში ვერ ერთობა.
„მომენატრა სკოლა და კლასში ახსნილი გაკვეთილები. ასევე მომენატრნენ ჩემი კლასელები. ვნახე, რომ სხვადასხვა სკოლებში მასწავლებლები ინტერნეტის დახმარებით ბავშვებს უხსნიან გაკვეთილებს და მეც მინდა რომ ჩავერთო ამ პროცესში“, – გვითხრა თენგო ბოლოთაშვილმა.
სოფელში ამბობენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს ხელისუფლებას ინტერნეტით უზრუნველყოფის მოთხოვნით, თუმცა ამაოდ. დღეს კი, როცა სკოლები დაიკეტა, ბავშვების ნაწილი სწავლა-განათლების მიღების საერთო პროცესს მოწყდა.
ციცაგიანთკარელები იმასაც ამბობენ, რომ „ტელესკოლა“, რომელიც სპეციალურად საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე შეიქმნა, ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში და უშუალო კავშირს პედაგოგთან.
„სამი შვილიშვილი მყავს და ვერცერთი ვერ ერთვება ონლაინ გაკვეთილებში, რადგან სოფელში ინტერნეტი არ არის. ტელევიზორიდან გადმოცემული გაკვეთილებით კი, ბავშვები ვერ მიიღებენ შესაბამის განათლებას, რადგან ბავშვები საგაკვეთილო პროცესში ვერ ერთვებიან. პედაგოგს კითხვას ვერ უსვამენ“, – აცხადებენ სოფელში.
გორის მუნიციპალიტეტში, ციცაგიანთკარის მსგავსად, ინტერნეტის გარეშე კიდევ ბევრი სოფელია დარჩენილი. შესაბამისად, აღნიშნულ დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს უჭირთ ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საკითხთან დაკავშირებით გვეუბნებიან, რომ სოფლების ინტერნეტით უზრუნველყოფა მათი პრეროგატივა არაა. ნანა ტერმაკოზაშვილი აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში, ონლაინ გაკვეთილების ალტერნატივა „ტელესკოლაა“.
„ინტერნეტის გარეშე დარჩენილი ბავშვებისთვის შეიქმნა პროექტი ,,ტელესკოლა“, რასაც უნდა უყურონ მოსწავლეებმა და მიიღონ ის განათლება, რაც ამ ორი თვის განმავლობაში უნდა მიეღოთ და თუ ისინი არ ერთვებიან ამ პროექტში, არის მშობლების პრობლემა“, – აცხადებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.
გორის მუნიციპალიტეტში სულ 19 000 მოსწავლეა და რესურსცენტრის მონაცემებით, სულ ონლაინ საგაკვეთილო პროცესში ტექნიკური საშუალებების არ ქონის გამო 100 ბავშვი ვერ ერთვება. ამ ციფრის სისწორის გადამოწმება რთულია, მაგრამ უნდა ითქვას, იმ ფონზე, რომ ონლაინ და ,,ტელეგაკვეთილებში“ მონაწილეობა ნებაყოფლობითია, გაურკვეველია ყოველდღიურ რეჟიმში საბაზისო ცოდნას რამდენი მოსწავლე იღებს.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება
- უქმე დღეები გამოცხადდა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება