მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უმაღლესს უჩივლეს და გადასახადის დაბრუნებას ითხოვენ
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოცზე მეტმა სტუდენტმა სასწავლებლის წინააღმდეგ კოლექტიური სარჩელი მოამზადა და მას რიგი ფინანსური მოთხოვნები წაუყენა.
სტუდენტები თვლიან, რომ ონლაინ სწავლების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია და უნივერსიტეტისგან ორი სემესტრის გადასახადის ნაწილის დაბრუნებას ითხოვენ.
ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში 40 000 ათასზე
მეტი სტუდენტი სწავლობს. THE (timeshighereducation.com)-ს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის თანახმად, უნივერსიტეტი 174-ე ადგილს იკავებს.
დეტალები კი ასეთია:
უმაღლესსა და სტუდენტს შორის არსებული შესაბამისი შეთანხმების თანახმად, სწავლება ტრადიციული ფორმით, აუდიტორიებში უნდა ხორციელდებოდეს. სტუდენტების თქმით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის გამო, სასწავლო პროცესის ხარისხი ,,რამდენჯერმე შემცირდა“ და სწორედ ამ საფუძვლით, სარჩელის ინიციატორები ორი სემესტრის სწავლების საფასურის გადააანგარიშებას მოითხოვენ.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს იქნება რუსეთში პირველი სარჩელი საგანმანათლებლო დაწესებულების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გამო და მოსარჩელეებს სასამართლოში იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ სასწავლო მომსახურების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
სტუდენტების სარჩელში ნათქვამია, რომ გაზაფხულზე, კარანტინის დროს, სტუდენტები ლექციებს ვერ ესწრებოდნენ, მათ არც ბიბლიოთეკების გამოყენებისა და პედაგოგებთან პირადი კონტაქტის შესაძლებლობა ჰქონდათ. თუმცა ეს ყველაფერი სასწავლო ხელშეკრულებაში გარკვევით არის გაწერილი.
გარდა ამისა, სტუდენტებს ასევე არც სრულფასოვანი პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოს ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
„მასალების დისტანციურად გადაცემის დროს, ხშირი იყო ტექნიკური ხარვეზები, რაც გამოყენებული ინტერნეტ-რესურსების მოუმზადებლობით იყო გამოწვეული. პედაგოგები მაღალი ხარისხის ინფორმაციული კომუნიკაციისთვის არ იყვნენ მომზადებულნი, მათ ონლაინ სწავლებისთვის და ცოდნის დისტანციურად გადაცემისთვის საჭირო უნარები არ აქვთ. ამ ყველაფრის გამო დისტანციური მეცადინეობა ,,თვითგანათლების“ სისტემაში გადადის“, – წერია სარჩელში.
სარჩელში ახსნილია ისიც, რომ სტუდენტების თქმით, დისტანციური სწავლების დროს განათლების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა, მსგავს ფორმატზე გადასვლა კი, ყოველგვარი მომზადების გარეშე მოხდა. ამის გამო სტუდენტები უნივერსიტეტისგან 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრისა და 2020-2021 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის სწავლების საფასურის ნაწილის დაბრუნებას ითხოვენ.
სარჩელში კონკრეტულ თანხაზე საუბარი არ არის. სტუდენტების ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესის მსვლელობისას, განათლების ხარისხის შემცირების ანალიზისთვის სპეციალიზირებული შეფასებითი სტრუქტურის გამოყენება იგეგმება. ადვოკატი განმარტავს, რომ სტუდეტნებმა სასწავლო დაწესებულების რექტორს ამ საკითხზე მიმართეს, თუმცა მათ პასუხი ვერ მიიღეს.
სარჩელში სხვა ფინანსური მოთხოვნებიც არის შეტანილი, მაგალითად გაზაფხულზე სტუდენტების საერთო საცხოვრებელში ცხოვრების საფასურის გადათვლა და მისი გაუქმება მათთვის, ვინც საერთო საცხოვრებელი დისტანციური სწავლების დროს დატოვა.
ცნობისთვის, რუსეთის უნივერსიტეტების უმრავლესობა დისტანციურ სწავლებაზე 16 მარტიდან, სასწავლო სემესტრის ბოლომდე გადავიდა. ახალ სასწავლო წელს სტუდენტები შერეულ ფორმატში სწავლობდნენ, ლექციების ნაწილი ონლაინ, დანარჩენი კი აუდიტორიებში ტარდებოდა, თუმცა 16 ნოემბრიდან ქვეყნის უნივერსიტეტების უმრავლესობა კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
ექსპერტების თქმით, რუსეთში ანალოგიური სასამართლო გარჩევის არც ერთი შემთხვევა არ არის ცნობილი, თუმცა მსგავსი საქმე ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე განიხილება.
მოამზადა თეა ინაშვილმა
წყარო: kommersant.ru
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება