GE

მოსმენის დავალება – საფინალო ინსტრუქციები აბიტურიენტებს ინგლისური ენის რეპეტიტორისგან

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ორი თვეც აღარ დარჩა. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეკორდული რაოდენობაა დარეგისტრირებული და მათგან უმრავლესობა უცხოურ ენად ინგლისურს აბარებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი სწორედ ინგლისური ენის სპეციალისტი და რეპეტიტორი, მარიკა ღურჭუმალიძეა. 

დავინტერესდით, როგორია საგნის სპეციალისტის საფინალო ინსტრუქციები აბიტურიენტებისთვის უცხოური ენის მოსმენის, ე.წ Listening-ის ტესტური დავალების ნაწილთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაც, როგორც სპეციალისტი ჩვენთან აღნიშნავს, განსაკუთრებულ მობილიზებასა და და ყურადღებას მოითხოვს.

– ქალბატონო მარიკა, რაზე უნდა გაამახვილოს აბიტურიენტმა ყველაზე მეტად ყურადღება, ვიდრე მოსმენის დავალების შესრულებას დაიწყებს? 

– როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტურ დავალებებში განხორციელებული ცვლილებების ფარგლებში, ცვლილება შეეხო ინგლისური ენის მოსმენის დავალებასაც და წელს, აბიტურიენტის უცხოური ენის ტექსტის მოსმენის უნარი მოწმდება მხოლოდ ერთი სავარჯიშოთი, რომელიც 8 ქულიანია.  მოსმენის დავალების შესრულებისას, აბიტურიენტებს, როგორც წესი, ეძლევათ 20 წამი, ეს დრო იმისთვისაა, რომ გადახედოთ მოცემულ კითხვარს, ეს მართლაც  კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მოკლე ჩანიშვნები გააკეთოთ. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, იცოდეთ კითხვის შინაარსი, რათა პასუხისთვის სწორი არჩევანი გააკეთოთ, ჩემი რჩევა ასეთია – გამოიყენეთ ეს 20 წამი.

უცხოური ენების საგნის ხელმძღვანელი აბიტურიენტებს: შეიძლება, გქონდეთ უშეცდომო გრამატიკა, მაგრამ ღარიბი ლექსიკა და ვერ მიიღოთ უმაღლესი ქულა

– რა შეცდომები არ უნდა დაუშვან მოსმენისა და ზოგადად, ამ დავალებაზე მუშაობის პროცესში?

  • დააკვირდი შინაარსს, არ ეძებო სიტყვა. ხშირად, აბიტურიენტი ტექსტში ელოდება იმ კონკრეტული სიტყვის გაგონებას, რომელიც სავარაუდო კითხვარის ჩამონათვალშია მოცემული, რაც ძალიან დამაბნეველია, რადგან უმეტეს შემთხვევაში, მოსაუბრე ყველა ჩამოთვლილ პასუხზე საუბრობს. ამიტომ, უმჯობესია, ტექსტის შინაარსის გაგება მოახერხონ და არა კონკრეტული ერთი სიტყვის;
  • მოუსმინე იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭიროა. იმის გამო, რომ უცხოურ ენაში გამოცდა მოსმენის დავალებით იწყება და მღელვარება დასაწყისში მაღალია, ხშირად, პირველადი მოსმენისას, აბიტურიენტს ჰგონია, რომ ტექსტი სრულიად გაუგებარია და დაბნეულობა იზრდება, რაც უარყოფითად მოქმედებს შედეგებზე. ამაზე არ უნდა იდარდონ, რადგან განმეორებით მოსმენისას, ისინი დარწმუნდებიან, რომ არც ისეთ სირთულესთან გვაქვს საქმე, როგორც თავდაპირველად ეგონათ.

როგორ უნდა იმეცადინოს აბიტურიენტმა უცხო ენის ტესტის დავალებებზე სწორად – სპეციალისტის რეკომენდაციები და მაგალითები

– რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდები სულ ახლოს არის, უთხარით აბიტურიენტებს, როგორ მიხვდნენ, რამდენად წარმატებულად შეუძლიათ მოსმენის დავალების შესრულება, როგორ შეამოწმონ საკუთარი თავი?

– თქვენს ვებგვერდზეც ხელმისაწვდომია გასული წლების ყველა ტესტი თავისი პასუხებით. მათ აქვთ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად შეასრულონ ეს დავალება და მოსალოდნელი შედეგები განსაზღვრონ. თუ ამ ტიპის დავალების შესრულებისას ისინი იღებენ არცთუ სახარბიელო ქულას, მაშინ, უნდა დაასკვნან, რომ მეტი აქვთ სამუშაო. ეს ვარჯიში გეტყვით, სად გექნებათ „ჩავარდნა“.  გაითვალისწინეთ, რომ ამ დავალების წარმატებით შესრულებისთვის საჭიროა განვითარებული სმენისა და კონცენტრაციის უნარი და ლექსიკური მარაგი. შესაძლოა, მათგან ერთი იდეალურად გქონდეთ განვითარებული, მაგრამ გქონდეთ ხარვეზი მეორე ან მესამე უნარში.

– როგორ უნდა გააძლიერონ აბიტურიენტებმა ის უნარ-ჩვევები და ცოდნა, რომელიც მოსმენის დავალების შესასრულებლად დასჭირდებათ?

– მოსმენის უნარის განვითარების საუკეთესო საშუალებაა სხვადასხვა სახის უცხოური ხმის, საუბრის ყოველდღიური მოსმენა. ასეთია კონკრეტული სავარჯიშოები, რომლებიც მრავლადაა სოციალურ ქსელშიც. ძალიან კარგი საშუალებაა ფილმების ყურება სუბტიტრებით და მუსიკის მოსმენა. ჩემი რჩევა იქნება, ნებისმიერ თავისუფალ დროს, თუნდაც ტრანსპორტში, სავარჯიშო დარბაზში, საოჯახო საქმეების კეთებისას, ყურსასმენის საშუალებით მოუსმინონ სხვადასხვა ჩანაწერებს. თუ გყავთ ინგლისურ ენაზე კარგად მოსაუბრე მეგობარი, ბევრი ესაუბრეთ მას  და გაიუმჯობესეთ პრაქტიკა. ეს მეთოდები ნამდვილად ეფექტურია.

– და ბოლოს, მიმართეთ აბიტურიენტებს, რა იქნებოდა თქვენი სათქმელი?

– თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი ახლა იწყება და ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ თქვენი მომავალი საინტერესო და პროდუქტიული იყოს. თქვენ ხვალინდელი ნათელი მომავლის იმედი ხართ. გჯეროდეთ, ყველაფერს შეძლებთ და ნურაფერი შეგაშინებთ, რადგან არ არსებობს დაუძლეველი სირთულეები. გახსოვდეთ, რომ წარუმატებლობის ბოლო საფეხური წარუმატებლობის პირველი საფეხურია.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

ესაუბრა მზეო შველიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური