GE

მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე როგორც 26 მაისის სიმბოლო – ისტორიული ამონარიდი

26 მაისს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რაც სიმბოლურად ქართველ მოსწავლეებს უკავშირდება. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობაში მოხდა, რომელიც იმ პერიოდისთვის კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციას წარმოადგენდა და იქ ეროვნული საბჭო იყო განთავსებული. ისტორიულ შენობაში, სადაც 102 წლის წინ საქართველოს ბედი გადაწყდა, დღეს განათლებას მოსწავლეები იღებენ.

1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის პროსპექტზე (ამჟამად რუსთაველის გამზირი) მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც დღის 3 საათზე ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”. ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა. სხდომაზე ასევე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.

სხვადასხვა წყაროებით ცნობილია, რომ დოკუმენტის ხელმოწერამდე ტექსტი რამდენჯერმე დაზუსტდა და ამისთვის ეროვნული საბჭოს წევრებმა ღამეც კი გაათენეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში ხუთი ქალბატონი იყო, რაც არამარტო საქართველოსთვის, არამედ მაშინდელი მსოფლიოსთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პროგრესული მოვლენა გახლდათ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი არის პირველი ქართული კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, კონსტიტუციონალიზმის ფუძემდებელი. მას აქვს დეკლარაციული ხასიათი. მასში მოკლედ არის გადმოცემული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიული პერსპექტივები და ქართველი ერის დაუოკებელი სურვილი თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი ბედ-იღბალი, აღწერილია იმდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობა.

დამოუკიდებლობის აქტს, გარდა დეკლარაციული ხასიათისა, ასევე აქვს წმინდა ნორმატიული ხასიათი. მას აქვს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ბუნება — 1918 წლის 26 მაისიდან მოყოლებული, 1921 წელს კონსტიტუციის მიღებამდე იგი იქცა იმდროინდელი სამართლებრივი მდგომარეობის პირველწყაროდ.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ მოხერხდა. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმზე, სადაც ერთადერთ შეკითხვას „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა დადებითი პასუხი გასცა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ  ზვიად გამსახურდიას მეთაურობით „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“ მიიღო, რომლის საფუძველზეც საქართველოს საერთაშორისო ცნობა მოხდა.

26 მაისი საქართველოში ყოველ წელს სახალხო საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება, თუმცა წელს, მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის პანდემიის გამო, სახალხო დღესასწაული არ გაიმართება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური