მოსწავლეებისთვის ტექნიკური ხარვეზების გამო დაწერილი „არები“ და ექსტერნატის გამოცდის გაურკვეველი ბედი
ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად, ქვეყანაში იზრდება იმ სკოლების, კლასებისა თუ I-VI კლასელი მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც ონლაინ სწავლებას უბრუნდებიან. დისტანციურ სწავლებაზე რჩებიან მე-7 – მე-11 კლასების მოსწავლეებიც. სკოლების ხელმძღვანელები, ისევე როგორც სამინისტრო, სიტუაციას ნათელ ფერებში ხატავენ და ამბობენ, რომ დისტანციური სწავლების მეთოდები გამრავალფეროვნდა, დაიხვეწა და ახალ სასწავლო წელს ისინი მოსწავლეებს ბევრად გაუმჯობესებულ პირობებსა და გამართულ პროცესს სთავაზობენ, ვიდრე წინა სასწავლო წელს. თავად მოსწავლეებისა და მშობლების ვერსია კი განსხვავებულია.
გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში, მაშინ როცა ყველა სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, მოსწავლეების გაცდენები არ აღირიცხებოდა. ახალ სასწავლო წელს მიდგომა შეიცვალა, ამავდროულად ელექტრონული ჟურნალები ამოქმედდა და წესით, თითოეული დეტალი მათში უნდა აისახოს. პრობლემა, რომელზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, მოსწავლეების მხრიდან დისტანციური გაკვეთილების გაცდენას და ამის გამო ჟურნალში „არას“ დაწერას ეხება ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ისინი გაკვეთილს ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ესწრებიან. მსგავსი შემთხვევები კი, როგორც გაირკვა, ხშირია. პროგრამებს, რომლებშიც გაკვეთილები მიმდინარეობს, გარკვეული შეზღუდვები და ხშირ შემთხვევაში, ხარვეზები აქვთ, რის გამოც მოსწავლეებს გაკვეთილის გამოტოვება უნებურად უწევთ. ამის გამო კი მათ გაცდენა უფიქსირდებათ.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ელით ისეთ მოსწავლეებს, რომელთაც გაცდენები დაუგროვდებათ. მოგეხსენებათ, გასულ სემესტრამდე, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც კონკრეტული სასკოლო საგნისთვის გამოყოფილი საათების 30%-იანი და მეტი გაცდენა ჰქონდათ, ე.წ. გაცდენების ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება უწევდათ. გაზაფხულზე, პანდემიის გამო, ეს წესი შეიცვალა და ასეთი მოსწავლეები ალტერნატიული წესით შეფასდნენ. მათ შემაჯამებელი ქულა არსებული ქულების საფუძველზე, ან ერთი კომპლექსური შემაჯამებელი დავალების შესრულების შემდეგ მიიღეს. წელს კი, როგორც ირკვევა, ჯერ არ გადაწყვეტილა რა წესი იმოქმედებს. მოსწავლეები და მათი მშობლები შიშობენ, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო დაგროვილი გაცდენებისთვის მათ გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ჯერ სიტუაციას აკვირდებიან. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, არც არის გამორიცხული, რომ მოსწავლეთა შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდეს და სემესტრის ბოლოს, მოულოდნელად, გამოცდა ჩაინიშნოს.
ანამარია მეშვიდე კლასის მოსწავლეა და თბილისის ერთ-ერთ სკოლაში დადის, რომელსაც განგებ არ ვასახელებთ. იგი ყვება, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო გაკვეთილებზე ვერდასწრება მისი და მისი კლასელების ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. მან არასოდეს იცის წინასწარ შეძლებს თუ არა ამა თუ იმ გაკვეთილზე შესვლას და წუხს, რომ ამის გამო გაცდენა უკვე უფიქსირდება.
„ზოგჯერ, როცა ბავშვი გაკვეთილზე ვერ შემოდის, გვწერს და გვეუბნება მასწავლებელს უთხარით მომიწვიოსო, მაგრამ მასწავლებელს ყველას მოწვევა არ შეუძლია და ამბობს – არაუშავს, ვიდეოგაკვეთილს ჩავწერ და გავუგზავნი მერეო. თუმცა, იმ ბავშვს „არა“ ეწერება. ჩვენ კი გაგვიუქმეს ერთმანეთის მიწვევის ფუნქცია. ჰგონიათ, რომ უცხო ხალხსაც მოვიწვევთ.
„თუ ჩავერთეთ გაკვეთილზე, მაგრამ პროგრამამ მალევე გამოგვაგდო, შესვლა აღარ შეგვიძლია ხოლმე და ამის გამოც „არა“ გვეწერება. ზოგჯერ პროგრამა ცოტა გვიან გიშვებს და მაშინაც. ასევე, ზოგიერთ მასწავლებელს „თიმსში“ რამდენიმე ჯგუფი აქვს გახსნილი. როცა გაკვეთილი დაიწყება აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბავშვები და მასწავლებელი სხვადასხვა ჯგუფში ვართ შესულები და ვინც მასწავლებლის ჯგუფში ვერ მოვხვდებით, ისევ „არას“ გვიწერენ. დღის განმავლობაში სახლში მარტო ვარ, ჩემი მშობლები მუშაობენ და იმ წუთას მათაც ვერ ვეუბნები, რომ დამეხმარონ. ჩვენი დამრიგებელი, ძირითადად, არ გვეკითხება თუ რატომ გაგვიცდა გაკვეთილი“, – გვიყვება ანამარია.
დაახლოებთ იმავეს ამბობს მერვე კლასელი მარიამიც: „წელს „არები“ ჩვეულებრივ გვეწერება. მასწავლებელი ელექტრონულ ჟურნალში ტვირთავს იმ ბავშვების სიას, რომლებიც გაკვეთილს ესწრებოდნენ და ვინც არ ესწრებოდა, იმას „არას“ უწერს. თუ ვინმე ვერ შემოდის, მასწავლებელს მისწერს და ის მოწვევას უგზავნის. თუ ამის მერეც ვერ შემოვიდა, მაშინ მას „არა“ ეწერება. ზოგადად, საკმაოდ ბევრი აცდენს. კლასში 26 ბავშვი ვართ და გაკვეთილს, საშუალოდ, 15-16 ვესწრებით ხოლმე. ისეთებიც არიან, რომლებიც ჯერ საერთოდ არც ერთ გაკვეთილზე არ შემოსულან. მათ სულ „არები“ უწერიათ. როგორც მახსოვს, წინა წელს მეტი ბავშვი შემოდიოდა“.
სიტუაცია, როგორც აღმოჩნდა, თითოეულ სკოლაში დაახლოებით მსგავსია, თუმცა დიდწილადაა დამოკიდებული პედაგოგის, ან დირექტორის ინდივიდუალურ მიდგომაზე. ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგი ლალი ზუმბაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობს გაკვეთილში თითოეული მოსწავლე ჩართოს, ხოლო ვინც არ ერთვება, ამის მიზეზი გაარკვიოს. თუმცა იმასაც დასძენს, რომ ამ ყველაფერს მცირეკონტინგენტიანი კლასების გამო ახერხებს. საჯარო სკოლებში კი, სადაც თითოეულ კლასში ბავშვების რაოდენობა, მინიმუმ, ორჯერ მეტია, მისი თქმით, პედაგოგი ყველა ბავშვის გაკონტროლებას, მათ ჩართულობაზე ზრუნვასა და გაცდენის მიზეზების კვლევას ფიზიკურად ვერ შეძლებს.
„ყოფილა შემთხვევა, რომ ბავშვი შემოსულა, მაგრამ მალევე პროგრამას გაუგდია და ვეღარ დაგვბრუნებია. თუმცა, თუ ცოტა ხნით მაინც შემოვიდა, თუნდაც დასაწყისში, იმას „არას“ აღარ ვუწერ. თუ ვინმე გაკვეთილს საერთოდ არ შემოუერთდა, ვცდილობთ გავარკვიოთ რატომ არ დაესწრო. თავდაპირველად დამრიგებელს ვაყენებთ საქმის კურსში, ხოლო თუ გაცდენები გაგრძელდა, მშობელს ვუკავშირდებით. საჯარო სკოლებში, სადაც ბევრად მეტი ბავშვია, პედაგოგი სათითაო გაცდენის მიზეზის გარკვევას ნამდვილად ვერ მოახერხებს“, – აღნიშნავს იგი.
რა ბედი ელით მოსწავლეებს, რომელთაც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ონლაინ გაკვეთილების გაცდენა უწევთ და, შესაბამისად, ელექტრონულ ჟურნალშიც მათ ანგარიშზე უკვე ბევრი „არაა“, ამის თქმა სკოლის ხელმძღვანელებს უჭირთ. ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ, მათთვის, ჯერ არავის უცნობებია. ამიტომ, ამ დროისათვის იმ წესით ხელმძღვანელობენ, რაც გასული სასწავლო წლის მეორე სემესტრში მოქმედებდა. თუმცა მოსწავლეებისგან განსხვავებით, ისინი ირწმუნებიან, რომ გაკვეთილებს, დისტანციურს თუ კონტაქტურს, არც ისე ბევრი ბავშვი აცდენს. ხოლო გაცდენების მიზეზებს მუდმივად იკვლევენ.
თბილისის 29-ე საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ჩარტია ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, გაცდენების მქონე მოსწავლეთა შეფასების წესში, ჯერჯერობით, არანაირი ცვლილება არ არის. თუმცა ეჭვობს ვინმეს იმდენი გაცდენა დაუგროვდეს, რომ 30%-იანი ზღვარი გადალახოს. მისთვის უცნობია შემთხვევები, რომლებზეც ჩვენი რესპონდენტი მოსწავლეები საუბრობენ და დასძენს, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო მოსწავლეებისათვის „არას“ დაწერას არ დაუშვებდნენ.
“მსგავსი პრობლემის შესახებ ჯერ არავის უთქვამს. როდესაც რაიმე ხარვეზია, სხვა საშუალებებიც აქვთ მასწავლებლებს, რათა შეატყობინონ. თუ ისეთი პროგრამული ხარვეზია, რომელიც არ სწორდება, ამას ბავშვებიც ხვდებიან და მასწავლებელიც, თავისთავად. თუ ვინმე ვერ შემოდის, ბავშვები ერთმანეთს მუდმივად წერენ და მათ ჩვენც ვამატებთ, ვიწვევთ. მუდმივად საქმის კურსში ვართ და მსგავსი რამ არავის უთქვამს. მოვიძიებ, მაგრამ რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა.
„მოსწავლეთა გაცდენის მიზეზს, რა თქმა უნდა, ვიკვლევთ. მით უმეტეს ახლა, მოკვლევა გაორმაგებული გვაქვს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გვაინტერესებს, რომ რამდენჯერმე ვამოწმებთ, მშობლებს ვურეკავთ და ვიგებთ, რაიმე პრობლემა ხომ არ არის“, – აცხადებს 29-ე სკოლის ხელმძღვანელი.
მსგავსი პრობლემებს არსებობას უარყოფენ 61-ე საჯარო სკოლაშიც, რომლის ხელმძღვანელი შორენა ღუდუშაური ამბობს, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, წელს დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით არავის დაუჩივლია.
„ჯერჯერობით, იგივე რეგულაციებია, რაც იყო. ვინც დისტანციურ სწავლებაზეა, („არების“ დაგროვების შემთხვევაში) სხვა აქტივობებით შეფასდება. ალბათ, დასწრების შესაბამისად იქნება. ჯერ ჩვენთვის არ არის ცნობილი. „არები“ ელექტრონულ ჟურნალში ფიქსირდება. ვინც სკოლაში დადის, მათიც ელექტრონულ ჟურნალში აისახება, ისევე როგორც ბეჭდურ ჟურნალში. ყოველდღიური მოთხოვნაა, რომ ყველა მოსწავლის შესახებ ვიცოდეთ, თუ რატომ არ ესწრება გაკვეთილს“, – აღნიშნავს ღუდუშაური.
71-ე საჯარო სკოლის დირექტორი პაატა ჩორგოლაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ პროგრამის ხარვეზების გამო, ზოგიერთ მოსწავლეს, გაკვეთილის გაცდენა მართლაც უწევდეს, მაგრამ იმედოვნებს, რომ სულ მცირე ხანში სისტემა მეტად დაიხვეწება და გაიმართება.
„მუშაობა ძალიან რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ემისის ბაზაში (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) სხვადასხვა სახის ცხრილი უნდა იყოს ასახული. ამ ეტაპზე ჩვენ სამი ფორმატით ვმუშაობთ: ფიზიკურად, მსურველისთვის დისტანციურად და მეშვიდე კლასიდან ზემოთ ყველასთან დისტანციურად. სამი სხვადასხვა ცხრილი გვაქვს და ემისი ინტენსიურად მუშაობს, რომ ბაზაში ამ სამივე ცხრილის ასახვა მოხდეს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, სხვადასხვა დამოკიდებულებები გვაქვს. რაც შესაძლებელია, იმის აღრიცხვა ელექტრონულ ჟურნალში ხდება, რისიც ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა, მასწავლებლების მიერ აღირიცხება. ჩვენც დავლაგდებით იმ კუთხით, რომ ელექტრონული ჟურნალი, სამივე მიმართულებით, სრულყოფილად იქნას გამოყენებული“, – აღნიშავს 71-ე სკოლის დირექტორი.
რაც შეეხება ამ გარდამავალ პერიოდში მოსწავლეთა მიერ ნახსენებ პრობლემებს და ამ პრობლემების გამო დაუმსახურებელი გაცდენების დაგროვებას, პაატა ჩორგოლაშვილი ამბობს, რომ ხარვეზების გამო არც ერთი მოსწავლე არ დაიჩაგრება.
„ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის ბავშვის ინტერესების გათვალისწინება და მათი დაცვა იყო. ასე რომ, მათი ინტერესების შელახვა არანაირად არ მოხდება, თუ ვინმეს რამე ცოდნის მიღების თვალსაზრისით დააკლდება, ამას ისე მივხედავთ, როგორც საჭიროა. იმ რაოდენობის „არების“ დაგროვების ალბათობა კი, ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ რომელიმე მოსწავლე ამ თვალსაზრისით შეიძლება დაზარალდეს“, – დასძენს იგი.
ისარგებლებენ თუ არა მოსწავლეები ამ სემესტრშიც უფრო ლოიალური მიდგომებით, შეფასების რა წესი იმოქმედებს და რა კეთდება მათ მიერ ნახსენები ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამ და სხვა კითხვებით განათლების სამინისტროს მივმართეთ. მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ EDU.ARIS.GE-ს თითოეულ კითხვას მოკლე პასუხი გასცა და განაცხადა, რომ ჯერჯერობით სიტუაციას აკვირდებიან, გადაწყვეტილებას კი მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ.
„დღეს ექსტერნებთან დაკავშირებით რეგულაცია არსებობს. ჩვენ სიტუაციას ვაკვირდებით და შემდეგ შეიძლება შეიცვალოს, შეიძლება არ შეიცვალოს და ისე დავტოვოთ, როგორც არის. ჯერ არ ვიცით. საზოგადოებაში შფოთვა რომ არ შევიტანოთ, ჯერ სიტუაციას დინამიკაში ვაკვირდებით, ერთ საერთო გადაწყვეტილებამდე მივალთ და, რა თქმა უნდა, ინფორმაცია თქვენთვისაც ხელმისაწვდომი იქნება“, – განგვიცხადა მან.
- როდის მიიღებენ სწავლის დაფინანსებაზე პასუხს სოციალური პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული სტუდენტები – განმარტება by ARIS.GE-განათლება
- „მას, ჩვენ გვესმის, ჩვენს მშობლებს აუხსენით ეს“ – ნიშანი მოსწავლისა და მშობლისთვის და ნიშნით მანიპულირება სკოლაში by ARIS.GE-განათლება
- „მთავარია, მოსწავლე შეფასდეს მრავალმხრივად, შეიტანეთ ცვლილება მიდგომებში და სსგ-ში“ – განათლების სამინისტროს რჩევა სკოლებს by ARIS.GE-განათლება