GE

მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე – „დღეს პედაგოგს თვიურ ხელფასად ეძლევა თანხა, რომელიც მან რეალურად ერთ კვირაში გამოიმუშავა“

სხვადასხვა თემაზე საუბრის დასასრულს ხშირად გაჟღერებულა ფრაზა: ,,მე მაინც მგონია, რომ პრობლემის სათავე სკოლებსა და განათლებაში უნდა ვეძიოთ“. რთულია, არ დაეთანხმო. ადამიანის განვითარება სწორედ სკოლის კედლებში იწყება. თორმეტი წლის განმავლობაში ახალგაზრდები ემზადებიან უფრო რთულ და საპასუხისმგებლო რეალობასთან შესახვედრად. მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ მასწავლებლები. ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც აღმოუჩენია, რომ თავისი საყვარელი მასწავლებლის ლექსიკითა და ინტონაციით საუბრობდა. ხშირ შემთხვევაში, მასწავლებელი მოსწავლისთვის ის ადამიანია, რომელმაც ,,ყველაფერი იცის“. ამიტომ, სწორედ მათზეა დიდწილად დამოკიდებული, აღმოჩნდება თუ არა სკოლაში გატარებული თორმეტი წელი ახალგაზრდებისთვის განვითარებისა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბების გარანტი.

იმის გასაგებად, თუ როგორ აღიქვამენ თავიანთ როლს მთელ ამ პროცესში ახალგაზრდა მასწავლებლები და რა გამოწვევების წინაშე დგებიან ისინი საკლასო ოთახებში, EDU.ARIS.GE ლაშა ჩალაძესა და გურო დავითლიძეს ესაუბრა.

ლაშა ჩალაძე. 26 წლის. თბილისის 21-ე საჯარო სკოლის ,,მოქალაქეობის”, ,,მე და საზოგადოებისა” და ,,ისტორიის” მასწავლებელი. მისი მთავარი მიზანია გახდეს ისეთი მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეები ენდობიან, გააკრიტიკებენ და ასწავლიან.

– რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

ლაშა ჩალაძე: განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებით ბაკალავრიატის საფეხურზე დავინტერესდი, რომლის დასრულების შემდეგ სერიოზულად დავფიქრდი მასწავლებლის პროფესიაზე. მასწავლებლის როლი საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესია. ის გულისხმობს მოსწავლეში არსებული რესურსის აღმოჩენასა და მის განვითარებაზე ზრუნვას. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივხვდი, რომ აღნიშნული პროფესია, რომელიც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ის საქმე იყო, რომლითაც დიდი ენთუზიაზმით დავკავდებოდი.

– სკოლა შვიდი წლის წინ დაამთავრეთ. თუმცა, თქვენი და სკოლის გზები კვლავ გადაიკვეთა. რა გქონდათ, როგორც მოსწავლეს და რა დაგხვდათ, როგორც მასწავლებელს?

ლ.ჩ.: მოგონებები, რომელიც ბავშვობას უკავშირდება, ხშირ შემთხვევაში დადებითად გვახსენდება, მაშინაც კი, თუ წარსულში საამისო საფუძველი არ გვქონია. მოსწავლეობის პერიოდში მახსოვს შეშის ღუმელთან გატარებული უამრავი სუსხიანი დილა და მძიმე სოციალური ფონი. როგორც მასწავლებელს, დამხვდა შედარებით გამართული ინფრასტრუქტურა. თუმცა, ახალმა წესრიგმა ახალი იდეოლოგიური აპარატი ჩამოაყალიბა, რომელმაც საზოგადოების ყველა შრე მოიცვა. ის ქადაგებდა კრიტიკულ მიდგომას ყველაფრის მიმართ, რაც მოხდა უახლოეს წარსულში და არაფრის მიმართ, რაც ხდებოდა აწმყოში.

– მაშინ, როცა თქვენ მოსწავლე იყავით, მასწავლებლები ხშირად იყენებდნენ აგრესიულ მეთოდებს სწავლების პროცესში. რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით?

ლ.ჩ.: სასკოლო სივრცე აირეკლავს საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებს. მეთოდები, რომლებიც მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ძალადობას უკავშირდება, ისეთი ინტენსივობითა და ფორმებით აღარ ვლინდება, როგორც წარსულში, რაშიც ინფორმაციის მასობრივი გავრცელება და საყოველთაო ზედამხედველობა დიდ როლს თამაშობს. თუმცა, ძალადობრივი ქმედებები, რომელიც მოსწავლეთა ფსიქიკურ მდგომარეობას მძიმე დაღს ასვამს, ერთბაშად ვერ ამოიძირკვება. ვფიქრობ, პრობლემის აღმოსაფხვრელად, სადამსჯელო მექანიზმების კვალდაკვალ, აუცილებელია იმ საკითხებზე მსჯელობა, რაც მასწავლებლებში შფოთსა და აგრესიას წარმოშობს. შედეგებთან ბრძოლა გამომწვევი მიზეზების იგნორირებით დანაშაულის წახალისება და დროის ფუჭი კარგვაა.

– როგორ ფიქრობთ, მასწავლებელთა დაბალი ანაზღაურება არის თუ არა დამაბრკოლებელი გარემოება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აღნიშნული პროფესიის არჩევაზე ფიქრობენ?

ლ.შ.: იმისათვის, რომ საზოგადოებაში მასწავლებლის სტატუსი მეტი პოპულარობითა და პატივისცემით სარგებლობდეს, აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით დასაქმებული პიროვნებები სახელმწიფოსგან მხარდაჭერასა და თანადგომას გრძნობდნენ. მასწავლებლის ანაზღაურების გამოთვლის საათობრივი სისტემა მათ მიმართ არსებული დამოკიდებულების ნათელი მაგალითია. დღეს პედაგოგს თვიურ ხელფასად ეძლევა თანხა, რომელიც მან რეალურად ერთი კვირის განმავლობაში გამოიმუშავა. პირობითად, როდესაც მასწავლებელი კვირაში ატარებს 15 საათს, მისი თვიური ანაზღაურება არა 60 (ან მეტი), არამედ 15 საათის შესაბამისია. ახალგაზრდას, რომელსაც აქვს შესაძლებლობები და მომავლის იმედი, რატომ გაუჩნდება იმ სფეროში მოღვაწეობის სურვილი, სადაც უდიდესი პასუხისმგებლობა და მინიმალური უკუგება ექნება?!

– რისი მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს იმ საგნებიდან, რომლებსაც თქვენ ასწავლით?

ლ.ჩ.: ჩემი თითოეული საგანი განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფს მიემართება და შედეგებიც არაერთგვაროვანია. საგანი „მე და საზოგადოება“ პატარებს სასკოლო საზოგადოებაში სოციალიზაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმასა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში ეხმარება. „მოქალაქეობა“ მოზარდს სძენს ცოდნას საკუთარი უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ. „ისტორია“ კი, რომელიც კაცობრიობის წარსულის კვლევით, მომავლის განჭვრეტის საუკეთესო საშუალებაა, მოსწავლეს ისეთ უნარებს უვითარებს, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება და ანალიზი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება, დროსა და სივრცეში ორიენტირება და ა.შ.

– რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებლობა?

ლ.ჩ.: ჩემი აზრით, მოსწავლესთან ურთიერთობაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნდობასა და კომუნიკაციას. პირადად მე ვცდილობ, თავიდანვე გამოვხატო მზაობა მათი კრიტიკული პოზიციების მიღების მიმართ, რაც ჩვენ შორის აღმართული პირველი სერიოზული ბარიერის გადალახვაში გვეხმარება. აუცილებელია, რომ ინფორმაცია, რომელსაც მოსწავლეებს გადავცემთ, კონტექსტის სრული გათვალისწინებით იყოს მიწოდებული, რაც ბავშვს აზროვნების პროცესში სინამდვილის გაყალბებისგან დაიცავს. ცოდნისა და უნარების კვალდაკვალ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათთან ღირებულებებზე საუბარი და უკუკავშირი, რათა გავაანალიზოთ, რას და რა მიზნით ვასწავლით.

კიდევ ერთი ახალგაზრდა მასწავლებელი, რომელიც სკოლებში არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის იმედს იძლევა, 25 წლის გურო დავითლიძეა. ის მწერალი, ფილოლოგი და ლიტერატურათმცოდნეა. მისი, როგორც მასწავლებლის გამოცდილება, მრავალფეროვანი და საინტერესოა. მოსწავლეებს, როგორც წესი, წიგნებზე ესაუბრება და ორ ყდას შორის მოქცეული სამყაროს უკეთ გაგებასა და აღქმაში ეხმარება.

– როგორ მიხვედით გადაწყვეტილებამდე, გამხდარიყავით მასწავლებელი?

გ.დ.: წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, მასწავლებელი გახდებიო, ჩამეღიმებოდა. არასდროს წარმომედგინა საკუთარი თავი საკლასო ოთახში ან აუდიტორიაში. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ვნახე უნიჭიერესი ლიტერატორის, მთარგმნელისა და მასწავლებლის, პაკო სვიმონიშვილის შესახებ გადაღებული ფილმი. მისმა ცხოვრებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სწორედ იმ წამიდან დავიწყე ფიქრი მასწავლებლობაზე. მალევე აღმოვჩნდი სკოლაში. სკოლიდან კი პროფესიულ სასწავლებელში გადავინაცვლე.

– როგორ გახსენდებათ თქვენი მოსწავლეობის პერიოდი?

გ.დ.: მე დავიბადე მაშინ, როცა ყველაფერი თავდაყირა იდგა. ქვეყანაში შიმშილი, სიძულვილი და უიმედობა იყო. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საგანმანათლებლო სისტემაზეც აისახა… და აისახა ადამიანებზე, რომლებიც ამ სისტემას ემსახურებოდნენ. რთული იყო სწავლა და რთული იყო მასწავლებლობაც. ახლა რომ ვფიქრობ, ზოგ კლასში შესვლა და დაფასთან ჩამოდგომა ნამდვილად გმირობა იყო. თუმცა, სკოლა ბავშვობასთან ასოცირდება, ბავშვობა კი – ბედნიერებასთან.

– დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, რა განსხვავებაა თქვენსა და თქვენს ყოფილ მასწავლებლებს შორის?

გ.დ.: რაც ჩვენ გვაკლდა, ურთიერთობა და მეგობრობა იყო. წარმოუდგენელი იყო მასწავლებელი მოსწავლეს კლასგარეშე საკითხებზე დალაპარაკებოდა. თუნდაც იმაზე, როგორ გაატარა დღე, როგორი შაბათ-კვირა ჰქონდა და ა.შ. არავის აინტერესებდა მოსწავლე კლასის მიღმა. მიჭირს იმის თქმა, რომ რამით განვსხვავდები სხვისგან. თუმცა, რასაც ვცდილობ, ჩემს მოსწავლეებთან ისეთი მეგობრობაა, რომელიც ზარის დარეკვის შემდგომ არ სრულდება.

– როგორ აღმოჩნდით მასწავლებლად არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან შესაბამის დაწესებულებაში?

გ.დ.: პანდემიის პირობებში ისე მოხდა, რომ ყველანი სახლში აღმოვჩნდით. შესაბამისად, გამიჩნდა დრო სიახლეებისათვის. გადავწყვიტე რაღაც ახალი გამოცდილება მიმეღო და „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ მოხალისე მასწავლებელი გავხდი. ბავშვებთან პირველივე გაკვეთილიდან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. მიყვებოდნენ ამბებს, იხსენებდნენ თავიანთ ისტორიებს და შეძლებისდაგვარად, კითხულობდნენ იმას, რასაც დავალებად ვაძლევდი. თუმცა, ეს უკანასკნელი რთულად შესასრულებელი იყო მათთვის. პანდემიის გამო დაწესებულებაშიც შეზღუდული იყო გადაადგილება და ბიბლიოთეკართან ურთიერთობა.

– როგორ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი?

გ.დ.: გაკვეთილი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. წაკითხულ ლიტერატურულ ტექსტს ან ნანახ ფილმს ვაანალიზებდით. ბავშვები საუბრობდნენ და მსჯელობდნენ იმაზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო. რაც შეეხება ზოგადად სწავლის პროცესს, ის ისეთივეა, როგორიც საჯარო სკოლებში. ზოგი მოსწავლე სწავლობს, ზოგი – არა. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებსაც კითხვა არ შეუძლიათ. ამ მხრივ, ნამდვილად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო. განათლება ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მათ შორის იმათთვის, ვინც გამოსასწორებელ დაწესებულებაში იმყოფებიან. არ შეიძლება ამ ადამიანებს ხელი გავუშვათ მაშინ, როცა ფეხი ოდნავ დაუცდებათ.

– რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის, როგორც ახალგაზრდა მასწავლებლისთვის?

გ.დ.: პირველად მასწავლებლად მუშაობა 198-ე საჯარო სკოლაში დავიწყე, სადაც პირველი კლასის დამრიგებლობა შემომთავაზეს. ასე აღმოვჩნდი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევის პირისპირ. ეს იყო დრო, როცა უფრო მეტს ვსწავლობდი, ვიდრე ვასწავლიდი. მასწავლებლობაც ხომ ესაა: სწავლა სწავლებაში. ვფიქრობ, თუ შეგიძლია ,,დიდობა“ მიატოვო და მათ დაემსგავსო, მაშინ ყველა სირთულეს გადალახავ. მთავარი გამოწვევა კი ის არის, კლასი ერთ ოჯახად ვაქციო, ხოლო მე მათი მეგობარი ვიყო და წავიდე იქ, სადაც ისინი წავლენ. მე არ ვცდილობ ბავშვებს ცხოვრება ვასწავლო, მხოლოდ იმ გზებს ვუჩვენებ, სადაც ისინი თავად შეძლებენ იმის შეცნობასა და სწავლას, რაც სჭირდებათ. არ არსებობს სამყაროში იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც ვიღაცის წარმატებაში ან ბედნიერებაში წვლილი მიგიძღვის. სწორედ ეს მაძლევს მოტივაციას. თუმცა, პირადი მოტივაციის გარდა, აუცილებელია მასწავლებლები გრძნობდნენ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან. მართალია, წარსულთან შედარებით, ამ მხრივ, დიდი ნახტომი გვაქვს, მაგრამ ბოლომდე ისევ არ არის დაფასებული ის საქმე, რომელიც საწყისი წერტილია ჩვენი განვითარებისათვის.

მსგავსი ინტერვიუ:

„მასწავლებლობა ის საქმე არ არის, სადაც ფინანსური ამბიციების გამო შეიძლება აკეთო საქმე“ – ახალგაზრდა პედაგოგი

edu.aris.ge-სთვის მოამზადა ინგა ღოღობერიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური