GE

„მასწავლებლობა ის საქმე არ არის, სადაც ფინანსური ამბიციების გამო შეიძლება აკეთო საქმე“ – ახალგაზრდა პედაგოგი

“იყო მასწავლებელი, ეს თავისთავად მართლაც დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. უნდა იყო ენერგიული, შრომისმოყვარე, კვალიფიცური, მხიარული და პოზიტიური. მასწავლებლობა, თავისთავად, მხოლოდ გაკვეთილზე ახალი მასალის ახსნასა და გამოკითხვას არ გულისხმობს. ისეთი უნარებია საჭირო, რაც დაგეხმარება მოსწავლეებთან ააწყო სწორი, თანამშრომლობითი კომუნიკაცია. ასაკის შესაბამისად, მათთვის გასაგები ენით გაუზიარო ახალი ინფორმაცია თუ მასალა. სათუთად უნდა შეარჩიო მათთან ურთიერთობის სწორი ტონი, ლექსიკა. სწავლების თანამედროვე მეთოდები გადმოიტანო პრაქტიკაში და ამ ყველაფერთან ერთად, ჯანსაღად მიიღო უკუკავშირი ბავშვებისგან, როგორც პოზიტიური, ისე კრიტიკულიც. მოსწავლეებისთვის, პირველ რიგში,  ჯერ მეგობრული, სანდო ადამიანი უნდა იყო და შემდეგ მასწავლებელი. ბავშვები ყველაზე მეტად გრძნობენ გულწრფელ სიყვარულსა და  ყურადღებას. ყოველი გაკვეთილისა და დღის ბოლოს იაზრებ განვლილ დღეს და აფასებ შენს თავს, თუ რა შეიძლება გაითვალისწინო მომავლისთვის” , – ეს 28 წლის, ახალგაზრდა პედაგოგის შეფარვითი რჩევებია კოლეგების ან, მომავალი პედაგოგებისთვის, რომლებსაც EDU.ARIS.GE-ს მკითხველს უზიარებს. იოანე ჯანიაშვილი მეხუთე წელია დაწყებითების მასწავლებელია. სწამს, რომ მასწავლებლობა მხოლოდ დაფასთან დგომა და დავალებების მიცემა/შემოწმება არაა.

როგორ შეარქვეს წითელწვერიანი მასწავლებელი

იხსენებს გზას სკოლიდან სკოლამდე

-სკოლა თითქმის 10 წლის წინ დავამთავრე და როგორც იცით, განათლების სფერო მუდმივად ვითარდება. მათ შორის იხვეწება/ვითარდება სწავლების მეთოდებიც. დღეს სრულიად სხვა, თანამედროვე მეთოდებით ვხელმძღვანელობთ, რაც მორგებულია ბავშვის როგორც სააზროვნო, ასევე, ემოციურ სფეროზე. შესაბამისად, წარსულისგან სრულიად განსახვევბულია სწავლების თანამედროვე სტილი და მიდგომები.

ამ სფეროში პირველი ნაბიჯები ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლის დასრულების შემდეგ გადავდგი ნიუტონის თავისუფალ სკოლაში. მაშინ, ჯერ 22 წლის ვიყავი. მართალია, გარკვეულ თეორიულ ცოდნას ვფლობდი, და  უცხო არ იყო ბავშვებთან ურთიერთობა, თუმცა  ასეთი ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება, როგორიც სკოლაში მომიწევდა, არ მქონდა.

ძალიან მოტივირებული ვიყავი, გააზრებული მქონდა, თუ რამხელა პასუხისმგებლობას ვეჭიდებოდი, ეს მიზიდავდა კიდეც, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან ვღელავდი. ვღელავდი განსაკუთრებით პირველ დღეებზე. როგორ ჩაივლიდა, როგორ მიმიღებდნენ მოსწავლეები, როგორ ავაწყობდი ურთიერთობას მათთან.

დროთა განმავლობაში, მომიწია სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მიღება, სადაც ჩართულნი იყვნენ სკოლის მოსწავლეები და ჩემსა და ბავშვებს შორის ყოველთვის პოზიტიურად მიდიოდა საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები. მარტივად რომ ვთქვა, კარგად ვუგებდით ერთმანეთს და ეს ერთგვარი სტიმული გახდა ჩემს ცხოვრებაში.

სანამ სკოლაში დავიწყებდი საქმიანობას, ბოლოს იყო ასეთ პროექტი, “ღია წრე” – რომელიც შეიქმნა სტიქიურად დაზარალებული არასრულწლოვნებისათვის, პოსტტრავმული სტრესის დაძლევის მიზნით. პროექტი მრავალ შემეცნებით, თერაპიულ და სასწავლო აქტივობას ითვალისწინებდა, რაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. სამუშაო პროცესები საკმაოდ პოზიტიურად წარიმართა და პროექტიც ნაყოფირად დასრულდა. ამ პროექტის შემდეგ, უფრო მეტად გამიჩნდა სურვილი გამეგრძელებინა ეს საქმე.

-რატომაა მასწავლებლობა საუკეთესო პროფესია?

-იმიტომ რომ, ეს არ არის მხოლოდ პროფესია.  ეს არის ის პროცესი, სადაც იღებ უსაზღვროდ ძლიერ, დადებით ენერგიას, ბავშვების გულწრფელ ემოციებს და სითბოს, რომელიც კიდევ უფრო მეტად გმატებს და გავსებს სიცოცხლის ძალით.

რაც შეეხება პედაგოგიური საქმიანობისგან ფინანსურ ინტერესებს, გეტყვით, რომ ეს ის საქმე არ არის, სადაც  ფინანსური ამბიციების გამო შეიძლება აკეთო საქმე.

პირველი, რომ ყველასთვის ცნობილია, თუ რა  ფინანსური შემოსავალი აქვთ პედაგოგებს  და მხოლოდ ეს, შეუძლებელია იყოს ამ პროფესიით დაინტერესების საფუძველი.

მეორე, ყველაზე მთავარი. მასწავლებელი ან ხარ შინაგანად, ბუნებით, ან არა. ან ცოცხლობს ეს სამყარო შენში, იყო მასწავლებელი თავისი არსით, ან არა.

ეს არის საქმე, სადაც ფინანსური შემოსავალი ვერ წყვეტს, რამდენად ხარ პროფესიონალი. ეს არის საქმე, რომელსაც შეკვეთით ვერ შეასრულებ, თუკი შენ შინაგანად არ გაქვს ძალა. მთელი არსებით უნდა გიყვარდეს ბავშვებთან ურთიერთობა, მათი თვალების, ემოციების უნდა გესმოდეს. მზად უნდა იყო, მათთან ერთად ისწავლო, ითამაშო, და თუ ამ ყველაფერში არ ხარ გულწრფელი, ამას ბავშვები აუცილებლად შეგატყობენ. თუ არ გიყვარს ეს საქმე, სულ ყველას რომც დაუმალო შენი ემოციები, ბავშვებს ვერა, ბავშვები ამას გრძნობენ და გამოგააშკარავებენ.

ამიტომ, აქ ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ფაქტორია შენი შინაგანი სამყარო. შეიძლება კარგად არ იცოდე რაიმე ფორმულა ან თარიღი და ამას ისწავლი, მაგრამ ყალბი ან არასწორი  ემოციებით ვერასოდეს წარმართავ გაკვეთილს ნაყოფიერად.

მოსწავლის საჩუქარი დაბადების დღისთვის

-ახალგაზრდა, სიმპატიურ, პედაგოგს როგორ  შეხვდა სკოლა?

ზოგადად, არის ხოლმე სკეპტიკური დამოკიდებულება ახალბედა მასწავლებლების მიმართ, თუმცა, ეგ დროებითია. რადგან, როგორც კი შენ აჩვენებ რა შეგიძლია და ვინ ხარ რეალურად, დამოკიდებულება იცვლება.

ასევე, არის მეორე მხარეც, რომელიც პირიქით, ახალგაზრდა პედაგოგების მიმართ მეტად პოზიტიური მოლოდინებით არიან განწყობილნი.

უკვე მე-5 წელია მყავს სადამრიგებლო კლასი, რომელსაც დასაწყისიდან მოვყვები, გარდა ამისა, ვასწავლი სხვა დაწყებით კლასებსაც  და მე და ჩემს მოსწავლეებს მხოლოდ “მოსწავლე-მასწავლებლის” პოზიცია არ გვაკავშირებს. დასაწყისიდანვე ჩვენი ურთიერთობები განპირობებულია მოსიყვარულე, თბილი, გამგები, მეგობრული დამოკიდებულებებით და ურთიერთპატივისცემით. ჩვენ ვართ ერთმანეთის მეგობრები. მოსწავლეებს აქვთ იმის განცდა, რომ  მათთვის მხოლოდ მასწავლებელი კი არა, სანდო, მოსიყვარულე  და მზრუნველი მეგობარი ვარ, ვისთანაც შეუძლიათ იკითხონ და ისაუბრონ მათთვის საჭირო, საინტერესო ან პრობლემურ თემებზე. მიიღონ და გაითვალისწინონ რჩევები.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ სკოლა არის ერთი დიდი ჯადოსნური სამყარო. ალბათ ძნელია წარმოსადგენად, მაგრამ საკმარისია გარე სამყაროდან შეაბიჯო სკოლის კარში და მაშინვე სხვა ქვეყანაში ხვდები. თითქოს ის სირთულეები, პრობლემები რაც გვაქვს ცხოვრებაში, ის ყველა ნეგატივი გარეთ, კართან რჩება და კარს შიგნით მაცოცხლებელი ძალასავით გეკვრის ის თბილი გარემო, ის გულწრფელი ემოციები, ის გულწრფელი გრძნობები, როდესაც მოსწავლე დერეფანში თუ კლასში გეგებება ფრაზით – “მას, ძალიან მომენატრე”, “ ძალიან მიყვარხარ”.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური