მოსწავლეთა ორენოვანი სწავლების პროგრამაში ჩართულ 14 სკოლას ამ მიმართულების სპეციალისტი საერთოდ არ ჰყავდა – ანგარიში
„ორენოვანი ხარისხიანი განათლება ეხმარება ეთნიკური უმცირესობებს, ჰქონდეთ მაღალი აკადემიური შედეგები, მიიღონ უმაღლესი განათლება, სრულყოფილად ფლობდნენ როგორც მშობლიურ, ისე სახელმწიფო ენას და შესაბამისად, იყვნენ მეტად ინტეგრირებულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამას ადასტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევა“.
საქართველოს სახალხო დამცველის ცნობით, საქართველოს ბილინგვური განათლების დანერგვა-განხორციელების მხრივ მრავალგვარი პრობლემა უდგას.
„ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესში არაერთი გამოწვევა გამოვლინდა“, „აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან თემში, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ, ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მუშაობის გააქტიურებაა საჭირო“, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის უახლეს ანგარიშში, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეძღვნება.
ომბუდსმენი, 2025 წლის ზაფხულში, საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში, ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ განათლების უფლების კონტექსტში, ზოგადი და უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე მიუთითებს და მათი აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი უწყებების მიმართ რეკომენდაციებსაც გასცემს.
როგორც ანგარიშში ზოგადი განათლების მიმართულებით არის ნათქვამი, 2023 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ სასწავლო დაწესებულებების რიცხვი, სადაც ბილინგვური სწავლება იყო დანერგილი, თუმცა როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ამ მხრივ, 2024-2025 სასწავლო წელს დადებითი დინამიკა არ შენარჩუნებულა. მეტიც, გვაქვს სკოლები, რომლებიც ჩართული არიან ორენოვანი სწავლების მიწოდების პროგრამაში, თუმცა პედაგოგები არ ჰყავთ.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედ ზოგადი განათლების დაწესებულებებში ჩატარებულმა შეხვედრებმა გამოავლინა, რომ არაერთგვაროვანი იყო სკოლების პრაქტიკა, რაც მათ შორის, შესაბამისი კადრების დეფიციტით არის გამოწვეული. „სკოლების მიხედვით, განსხვავებული იყო კონსულტანტი მასწავლებლებისა და ბილინგვური განათლების სპეციალისტების დასაქმების პრაქტიკა. გამოწვევად რჩებოდა წვდომა მასწავლებლის და მოსწავლის ორენოვან სახელმძღვანელოებზე, ორენოვანი დამხმარე რესურსების შემუშავება და სხვა“.
კადრების დეფიციტი
ბილინგვური განათლების სპეციალისტი:
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წელს, ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართული 169 სკოლიდან, 14 სკოლაში სპეციალისტის შტატი ვაკანტური იყო.
„სკოლებში სხვადასხვა რაოდენობის ბლინგვური განათლების სპეციალისტია დასაქმებული. კერძოდ, საანგარიშო პერიოდისთვის 169 სკოლაში, რომელიც ბილინგვური განათლების პროგრამაშია ჩართული, ჯამში 323 ბილინგვური განათლების სპეციალისტია დასაქმებული. არის ისეთი სკოლები, რომლებიც მართალია, ჩართულია ბილინგვური განათლების პროგრამაში, თუმცა, საანგარიშო პერიოდში ბილინგვური განათლების სპეციალისტი დასაქმებული არ ყოფილა და ეს შტატი ვაკანტური იყო. ჯამში, იმ 169 სკოლიდან, რომელიც საანგარიშო პერიოდში ბილინგვური განათლების პროგრამაში იყო ჩართული, ბილინგვური განათლების სპეციალისტის შტატი ვაკანტური იყო 14 სკოლაში“, – ნათქვამია დოკუმენტში.
კონსულტანტი მასწავლებელი:
ამავე ანგარიშის თანახმად, ბილინგვური განათლების სპეციალისტებთან ერთად, არასაკმარისი იყო კონსულტანტი მასწავლებლების რაოდენობაც.
„არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში ქართული ენის სწავლების ხელშესაწყობად, ბილინგვური განათლების სპეციალისტების საქმიანობასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსულტანტი მასწავლებლების როლიც. 2024 წელს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მივლენილი იყო 144 კონსულტანტი მასწავლებელი. წინა წლების მსგავსად, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მივლენილი მასწავლებლების რაოდენობრივ მაჩვენებელთა დინამიკა ამ რეგიონების არაქართულენოვან სკოლებთან/სექტორებთან თანაფარდობაში არ არის. 2024 წელს, კახეთის რეგიონის მხოლოდ 3 სკოლაში იყვნენ მივლენილნი კონსულტანტი მასწავლებლები, თუმცა რეგიონში 14 არაქართულენოვანი სკოლა/სექტორია. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს, ამ რეგიონში კონსულტანტი მასწავლებლები მხოლოდ 33 სკოლაში იყვნენ მივლენილნი, მაშინ, როცა რეგიონში 108 არაქართულენოვანი სკოლა/სექტორია. ქვემო ქართლში კონსულტანტი მასწავლებლები 89 სკოლაში იყვნენ მივლენილნი, მაშინ, როცა რეგიონში 138 არაქართულენოვანი სკოლა/სექტორია“, – ნათქვამია ანგარიშში.
სახელმძღვანელოების პრობლემა
გასულ წელს, ბილინგვური განათლების მიდგომა დაწყებით საფეხურზე ხუთ საგანში ინერგებოდა (მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება, სახვითი ხელოვნება და ჩვენი საქართველო), თუმცა ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ ბილინგვური სახელმძღვანელოები, მათ შორის, მასწავლებელთა ორენოვანი დამხმარე სახელმძღვანელოები, ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართული სკოლებისთვის ხუთივე საგანში ხელმისაწვდომი არ ყოფილა.
„ბილინგვური განათლების სპეციალისტებმა კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს შემუშავებულ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით. მასწავლებლები სახელმძღვანელოების გამარტივების აუცილებლობაზე მიუთითებდნენ“, – წერია დოკუმენტში.
ომბუდსმენი ასევე უთითებს, რომ სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები ზოგიერთ შემთხვევაში მოძველებულია, რადგან რამდენიმე წლის წინ არის გამოშვებული.
აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, მართალია, მოძველებული არ არის, თუმცა, როგორც ამ საგნის პედაგოგები აღნიშნავენ, სწავლებისას პრობლემები წარმოიქმნება აზერბაიჯანის განსხვავებული განათლების სისტემის ჭრილში. რაც შეეხება რუსული ენისა და ლიტერატურის წიგნებს, ამ მხრივ, განსაკუთრებით პრობლემური ამ საგნის წლების წინ მოსკოვში გამოშვებული წიგნებით სწავლების პრაქტიკა იყო. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ამავე საგნის პედაგოგების მითითებით, რუსული ენის, როგორც მეორე უცხო ენის შემსწავლელ სახელმძღვანელოს იყენებდნენ.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ცნობიერების ამაღლების საჭიროება
რაც შეეხება უმაღლესი განათლების მიმართულებას, სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს რომ, 2024 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და ოსური ენის ტესტის საფუძველზე სულ 1 483 აბიტურიენტი ჩაირიცხა – მათგან სომხურენოვანი ტესტით – 423, აზერბაიჯანულენოვანი ტესტით – 1 055, ხოლო ოსური ენის ტესტით – 5. 1 483 აბიტურიენტიდან სახელმწიფო სასწავლო გრანტი 26%-მა მოიპოვა, თუმცა როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ჩატარებულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის ნაწილს პროგრამაზე ჩარიცხვის გზებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია აქვს.
„მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელი და სავალდებულო არ არის აბიტურიენტებს დამთავრებული ჰქონდეთ აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი სკოლა/სექტორი, საზოგადოების ნაწილს ამ საკითხთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია აქვს. მათი აზრით, ქართულენოვან სკოლაში/სექტორში სწავლის შემთხვევაში, აბიტურიენტები ამ პროგრამაზე ჩარიცხვას ვერ შეძლებენ. ეს, როგორც აზერბაიჯანულენოვან, ისე სომხურენოვან თემში, ამ პროგრამის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მუშაობის გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის მშობლიური ენის სწავლების პრობლემა
რაც შეეხება მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის მშობლიური ენის სწავლებას, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო გრიფირებული სახელმძღვანელოების შექმნა და შესაბამისი ენების პედაგოგების მომზადება, გასული წლების მსგავსად, კვლავ სისტემურ პრობლემად რჩება.
ლევან იოსელიანმა საქართველოს მთავრობასა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს სხვადასხვა რეკომენდაციით მიმართა.
რეკომენდაციები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს:
-ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ყველა ტერიტორიულ ერთეულში გააფართოოს სკოლამდელი ბილინგვური პროგრამების დაფარვის არეალი;
-იმ სკოლებში, სადაც სწავლა მიმდინარეობს ეროვნული უმცირესობების ენაზე, დაინერგოს ბილინგვური სწავლების მოდელი;
-შემუშავდეს ბილინგვური სწავლებისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოები;
-მომზადდნენ/გადამზადდნენ ორენოვანი პედაგოგები;
-საქართველოს სომხური, აზერბაიჯანული და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და ამ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველსაყოფად, დაიწყოს ქმედითი ღონისძიებების გატარება;
-უზრუნველყოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა, აგრეთვე, პედაგოგთა გადამზადება;
-ბილინგვური პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, განახორციელოს სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით.
ასევე იხილეთ:
„გთხოვთ, აღიაროთ თქვენი შეცდომა!“ – ეროვნული გამოცდების მონაწილეები NAEC-ს მიმართავენ
მარიამ იმერლიშვილი, edu.aris.ge
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება