მოსწავლეთა შეფასებისას მყისიერი უკუკავშირისა და თვითშეფასების მეთოდის გამოყენებით საქართველო მოწინავეა
მოსწავლეთა შეფასება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ის საშუალებას იძლევა, დავადგინოთ, თუ რამდენად შეესაბამება სასწავლო პროცესში გამოყენებული პედაგოგიური ხერხები, სასწავლო აქტივობები და სასწავლო მასალა მისაღწევ მიზნებს. დიაგნოსტიკური შეფასება გავლენას ახდენს მასწავლებლის გადაწყვეტილებებზე, თუ რა სახის ცვლილებები უნდა შეიტანოს სასწავლო გეგმაში, სასწავლო სტრატეგიებსა და პედაგოგიურ მიდგომებში. შეფასების შედეგების გაანალიზების შედეგად მასწავლებელს შეუძლია განსაზღვროს ცალკეული მოსწავლის საჭიროებები და სწავლის სტილი, რის შემდეგაც მას შეუძლია ინდივიდუალური და დიფერენცირებულის სწავლების მიდგომების გამოყენება. არსებობს შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ხერხები. მათი ძირითადი მიზანია მონაცემების შეგროვება არა მხოლოდ მოსწავლის მიღწევის დონის შესახებ, არამედ იმის შესახებაც, თუ წინარე ცოდნას ფლობს იგი, დაადგინოს მისი სწავლის სტილი და ინტერესები. შეფასების შედეგების ანალიზის შედეგად მასწავლებელს შეუძლია დაგეგმოს ისეთი სასწავლო აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს, უკეთ გაიაზრონ სასწავლო მასალა და მოახერხონ მიღებული ცოდნის აქტივაცია.
TALIS-ის კვლევაში მოსწავლეთა შეფასების მეთოდების შესასწავლად მასწავლებლებს უნდა მიეთითებინათ, თუ რა სიხშირით იყენებენ ისინი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიას. კერძოდ, რამდენად ხშირად მიმართავენ შეფასების საკუთარ ხერხებსა და მეთოდებს, აძლევენ თუ არა მოსწავლეებს უკუკავშირს, აძლევენ თუ არა მოსწავლეებს თვითშეფასების საშუალებას, იყენებენ თუ არა დავალების შესრულების პროცესზე დაკვირვებისა და მყისიერი უკუკავშირის მიცემის ხერხებს. კვლევის შედეგების მიხედვით, მასწავლებლების მიერ შეფასების სხვადასხვა ხერხების გამოყენების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა აკვირდება მოსწავლეების დავალების შესრულების პროცესს და დაუყოვნებლივ აწვდის მას უკუკავშირს, თუმცა წერილობითი უკუკავშირის პრაქტიკას მასწავლებლები უფრო ნაკლებად იყენებენ.
როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, TALIS-ის საშუალო მონაცემს მკვეთრად აღემატება საქართველოში იმ მასწავლებელთა წილი, რომლებიც ხშირად მიმართავენ მოსწავლეთა თვითშეფასებას, როგორც შეფასების ერთ-ერთ ხერხს (მე-5 ადგილი). TALIS-ის საშუალო მაჩვენებელს ასევე მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში იმ მასწავლებელთა წილი, რომლებიც მოსწავლეებს მყისიერ უკუკავშირს აწვდიან (მე-10 ადგილი), თუმცა ნაკლებია იმ მასწავლებელთა წილი, რომლებიც ნიშანთან ერთად წერილობით უკუკავშირსაც აწვდიან მოსწავლეებს (33-ე ადგილი).
გამოკითხვისა და შეფასების პრაქტიკა:
აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში მასწავლებლები უფრო იშვიათად ცდილობენ შეფასების საკუთარი ხერხებისა და მეთოდების გამოყენებას (41-ე ადგილი) და მოსწავლეებისათვის წერილობითი უკუკავშირის მიცემას (33-ე ადგილი). სხვა მონაწილეებთან შედარებით გაცილებით უკეთესია საქართველოს მონაცემები მოსწავლეთა მიერ თვითშეფასების გამოყენებისა (მე-5 ადგილი) და მყისიერი უკუკავშირის მიცემის მიმართულებით (მე-10 ადგილი). ამ უკანასკნელი ორი მეთოდის გამოყენების სიხშირით საქართველოს მასწავლებლები მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდებიან უფრო მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების მასწავლებლებს.
საინტერესოა, რომ მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2013 წლის კვლევასთან შედარებით. მხოლოდ მყისიერი უკუკავშირის მიცემასთან („ვაკვირდები მოსწავლეებს დავალების შესრულების პროცესში და დაუყოვნებლივ ვაწვდი უკუკავშირს“) დაკავშირებული მაჩვენებელი გაიზარდა 83%-დან 89%-მდე.
სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს და აქცენტს აკეთებს მასწავლებელთა სამუშაო პირობებისა და სასკოლო გარემოს შესწავლაზე.
2018 წელს (უკანასკნელი კვლევა, რომლის დეტალური ანგარიშიც 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა ავტ.) TALIS-ის კვლევაში მონაწილეობდა 48 ქვეყანა და ადმინისტრაციული ერთეული.
საქართველოდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო საშუალო საფეხურის 3101 მასწავლებელმა და 192 სკოლის დირექტორმა. კვლევის მიმდინარეობის დროს ასევე გამოიკითხა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევაში ჩართული სკოლების 1923 მასწავლებელი და136 სკოლის დირექტორი.
საქართველოში კვლევას უძღვებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიკის ჯგუფი.
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება