GE

მოსწავლეთა წლიური ქულები პანდემიის პირობებში – შეფასების რა ვარიანტებზე მუშაობენ სკოლები

საჯარო სკოლებში დისტანციური სასწავლო პროცესი დასასრულს უახლოვდება და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მოსწავლეები ქულით უნდა შეაფასონ. შემაჯამებელი ქულები უკვე დაწერილია მე-12 კლასებში, რადგან მათთვის სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს მოსწავლეთა შეფასების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, სადაც თითქმის ყველა შესაძლო სცენარია გათვალისწინებული.

მარტის შემდეგ სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმში არიან. ონლაინ გაკვეთილებში ჩართვას მოსწავლეთა ნაწილი ვერ ახერხებს, შესაბამისად, საინტერესოა, შეფასების რა სქემების არჩევა მოახდინეს სკოლებმა და რამდენად მისაღები აღმოჩნდა ის მოსწავლეებისთვის. EDU.ARIS.GE-ს მიერ გამოკითხული მე-12 კლასელების დიდი ნაწილი ამბობს, რომ მათი წლიური შეფასების დასადგენად სკოლებმა პირველი სემესტრის ქულები, მეორე სემესტრის 6 კვირის მონაცემები და დისტანციური სწავლების შედეგებიც გამოიყენეს, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დისტანციური სწავლების დროს ქულა არ იწერებოდა.

სამინისტროს მიერ სკოლებისთვის წლიური შეფასების გამოსაყვანად შეთავაზებული ვარიანტები ასეთია:

მოსწავლის 2019-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა. 

მოსწავლის 209-2020 სასწავლო წლის წლიურ ქულად განისაზღვრება მოსწავლის მიერ I სემესტრში მიღებული ქულა, მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე მიღებული შემაჯამებელი ქულის საშუალო არითმეტიკული.

იქიდან გამომდინარე, რომ V კლასის მოსწავლეებისთვის განმსაზღვრელი შეფასება იწყება II სემესტრიდან, მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე გამოითვლება V კლასელის წლიური ქულა.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს 2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრის შეფასება არ აქვს, მოსწავლის წლიური ქულა განისაზღვრება 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრის 6 კვირის განმავლობაში გავლილი პროგრამისა და დისტანციური სწავლების პროცესში მიღებული ცოდნის შეფასების საფუძველზე.

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ სწავლებაში მოსწავლეების რაღაც ნაწილი ჩართული არ ყოფილა, მე-12 კლასების კურსდამთავრებულები აცხადებენ, რომ მათთვის შემაჯამებელი ქულის მიღება პრობლემა არ ყოფილა.

„ქულები, რაც მიღებული მქონდა წინა სემესტრში და მეორეშიც, ყველა გამოიყენეს და დისტანციური სწავლებაც შევიდა თუ არა, არ ვიცი. მიხარია, რომ შედეგებით ოქროს მედლის კანდიდატი ვარ“

„ჩემი საბოლოო ნიშანი წინა სემესტრის და მეორე სემესტრის პირველი 6 კვირის შედეგებიდან გამოიყვანეს, დისტანციურ სწავლებაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული მაგრამ, ამ დროს ნიშნები არ იწერებოდა“

„ოქროს მედალოსანი ვარ და წლის მანძილზე დაფიქსირებული აბსოლუტურად ყველა შედეგი გაითვალისწინეს, სკოლაში სიარულის პერიოდი და დისტანციური სწავლების მონაცემები, მაგრამ ამდენ წვალებას გამოდის რომ აზრი არ აქვს, რადგან ოქროს მედალი არანაირ შეღავათს არ გაძლევს ეროვნულ გამოცდებზე“

„ეროვნული გამოცდებისთვის მზადების პროცესზე იმდენად ვარ გადართული, რომ გითხრათ სიმართლე არ დავინტერესებულვარ წლიური ნიშნებით, ათოსანი არ ვარ და არც ისეთი ნიშნები მყავდა, რომ კლასში ჩამტოვონ, ამიტომ არ მიკითხავს და არც სკოლიდან დამკავშირებიან. ჯობია ალბათ რომ დირექტორს ან დამრიგებელს მივმართო და გავიგო მაინც საბოლოო ქულა“, – ასეთ განცხადებებს აკეთებენ მე-12 კლასელები ჩვენთან საუბარში.

რაც შეეხება დირექტორებს, მათი ნაწილი მოსწავლეების შეფასებისას შერეულ მიდგომას, ნაწილი კი შეფასების კონკრეტულ ვარიანტს იყენებს. თბილის 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი ლარისა მელაძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში, სამინისტროს მიერ შეთავაზებული შეფასების სქემა, სკოლას აძლევს შესაძლებლობას, რომ ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად მიუდგნენ.

„ჩვენ მიმდინარე სასწავლო წელს მე-12 კლასში 42 კურსდამთავრებული გვყავს, ჩვენთან ზოგადად მოსწავლეების დასწრების პრობლემა არ ყოფილა, ამიტომ ამ ბავშვების შეფასება გაკეთდა. ძალიან მოქნილი პირობები შემოგვთავაზა სამინისტრომ, მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არც ერთი ბავშვი არ დაზარალდეს პანდემიისგან შექმნილი ვითარების გამო. იქ ხაზგასმულია, რომ თითოეულ მოსწავლეზეც კი შეიძლება შეფასების კონკრეტული ვარიანტის მორგება. პირობითად შეიძლება არსებობდეს ასეთი მოცემულობები: თუ ბავშვი პირველ სემესტრში და მეორე სემესტრში იმ ექვსი კვირის განმავლობაში ან აცდენდა, ან არ ესწრებოდა გაკვეთილებს, ან დავუშვათ, მოსწავლე დადიოდა, მაგრამ 6 კვირა არც ცოტაა და არც ბევრი, არის საგნები, რომლებიც ორი საათი ისწავლება და მრავალრიცხოვანი კლასის შემთხვევაში, შესაძლებელია კონკრეტული ბავშვის გამოკითხვა ვერ მოხერხდა.

„ასევე დავუშვათ ყველაზე ცუდი ვარიანტი, რომ შესაძლებელია იყვნენ ბავშვები, რომლებიც დისტანციურ მეცადინეობაში რაღაც მიზეზების გამო ვერ ჩაერთვნენ. ჩვენთან მსგავსი შემთხვევები ერთეულია, თუ დავუშვათ ბავშვი ვერ ახერხებს „თიმსში“ შესვლას, სხვა სოციალური ქსელებით ხდება კომუნიკაცია, დავალებები ეგზავნებათ და უკანაც გვიბრუნებენ. თითოეული მოსწავლის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. ასეთი ბავშვის არსებობის შემთხვევაში, პირველი სემესტრის შეფასებით შეიძლება წლიური ქულა გამოვიყვანოთ. ჩვენთან, მაგალითად სწავლობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ზოგჯერ ხდება ისე, რომ თავიანთი მშობლების მიზეზით, გარკვეული პროცედურები დროში იწელება ხოლმე, ასეთი შემთხვევებისთვისაც კი, მოქნილი და მორგებულია ჩვენთვის შემოთავაზებული შეფასების ვარიანტები. თუ, დავუშვათ არ აქვს აქტივობა მოსწავლეს, ერთი შემაჯამებელი კომპლექსური დავალებით შესაძლებელია, რომ ბავშვი შეფასდეს“, – ამბობს დირექტორი ჩვენთან საუბარში და დასძენს, რომ კომპლექსური შემაჯამებელი დავალებების ორგანიზებაში სკოლებს დახმარებას „ახალი სკოლის“ მოდელის ქოუჩები უწევენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა ბუიღლიშვილი აცხადებს, რომ სკოლამ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მე-12 კლასელების შეფასებისა ის სქემა აირჩია, რომელიც პირველი და მეორე სემესტრის მიღწევებს, ასევე დისტანციური სწავლების შემაჯამებელი დავალებების შესრულებასაც გულისხმობს. მათ გამოიყენეს განმსაზღვრელი შეფასებაც და შემაჯამებელი წერა ჩაატარეს.

„ჩვენმა სკოლამ, ერთობლივი მსჯელობის შედეგად აირჩია შეფასების სქემიდან ბ) ვარიანტი, ანუ პირველი სემესტრის შედეგ, პლუს მეორე სემესტრის 6 კვირის მიმდინარე შეფასება (თავისი უკვე ჩატარებული შემაჯამებელი წერით) და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ კიდევ დაფიქსირებულიყო მეორე სემესტრში ბოლო პერიოდის შემაჯამებელი წერა განმსაზღვრელი შეფასებით. ჩვენ ეს გავაკეთეთ, აუცილებელ პირობად (შეფასებაში) ჩავდეთ განმსაზღვრელი შეფასება. საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ 28 თებერვლის შემდეგ 20 მაისამდე განვლილი პერიოდი შეგვეჯამებინა განმსაზღვრელი შეფასებით, დავალებები გადაეგზავნათ მოსწავლეებს „თიმსის“ პროგრამაში, ან ალტერნატიული სოციალური ქსელით და მიღებული პასუხების შემდეგ მოხდა შეჯამება. არ გვინდოდა ამ პერიოდში (28 თებერვალი -20 მარტი ) გაწეული ასეთი დიდი და რთული შრომისთვის უბრალოდ იგნორირება გაგვეწია. ყველა შემაჯამებელი წერის შედეგები დევს ჩვეულებისამებრ საგნის მასწავლებლებთან და ელექტრონული ვერსია შესაბამისად ჩემთან,“- აცხადებს ვაჟა ბუიღლიშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ამბობს, რომ სკოლა დანარჩენი კლასების შეფასებისთვისაც სქემის ბ ვარიანტს გამოყენებას, თუმცა ინდვიდუალური მიდგომასაც არ გამორიცხავს.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო ყველა მასწავლებლის განსაკუთრებული ჩართულობა დისტანციური სწავლების პროცესში, გაოცებული დავრჩი ისე სწრაფად დახვეწეს ტექნოლოგიებთან ურთიერთობა. ამ გამოწვევას ძალიან სწრაფად გაუმკლავდნენ, მადლობა თითოეულ მათგანს, ყველანაირი შესაძლო ფორმით იბრძოდნენ. ამ პროცესში ძალიან დიდი მხარდაჭერა გაგვიწია საგანმანათლებლო რესურს ცენტრმა. რაც შეეხება დანარჩენი კლასების მოსწავლეების წლიურ შეფასებას, ინდივიდუალურადაც შეიძლება, მაგრამ ჩვენ ეს სქემა ავირჩიეთ და მას მივყვებით, თუმცა არ გამოირიცხება შემდგომში ინდივიდუალური შეფასებაც მოხდეს, ტექნოლოგიებთან წვდომის გათვალისწინებით“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური