„მოუწევთ სწავლა ისეთ უნივერსიტეტში და იმ პროგრამაზე, რომელიც მათ ინტერესში არ იყო“ – მშობელი სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაუქმებაზე
2026 წლიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოსგან საგრანტო დაფინანსებას [მაქსიმუმ 2 250 ლარი] ვეღარ მიიღებენ.
ეს ნიშნავს შემდეგს – თუ აქამდე აბიტურიენტს შეეძლო, მისაღები გამოცდების შედეგების მიხედვით, 30, 50 ან 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოეპოვებინა [როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უმაღლესებში], ახლა, კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ თუ იმ პროგრამაზე სწავლისთვის განსაზღვრულ თანხას ის თავად გადაიხდის, სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში კი უფასოდ ისწავლის.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, პირველი მისაღები გამოცდებიც ჩატარდა და გაირკვა ისიც, რომ ტესტირებაზე რეგისტრირებული 43 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან უმეტესობამ არჩევანი სახელმწიფო უმაღლესებზე გააკეთა. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგარდობის მინისტრის მიერ დასახელებული მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტებზე პირველადი არჩევანი აპლიკანტთა 79%-ზე მეტმა გააკეთა, კერძოზე – 20%-ზე ოდნავ მეტმა.
რეფორმის ფარგლებში ამოქმედებული ამ სიახლეებისა და გივი მიქანაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის ფონზე, ჩვენ დავინტერესდით, იმოქმედა თუ არა საგრანტო სისტემის გაუქმებამ აბიტურიენტების პრიორიტეტებზე, ასევე, ზოგადად, ხომ არ შეზღუდა ამ გადაწყვეტილებამ აპლიკანტების არჩევანის თავისუფლება და ეს კითხვები 2026 წლის გამოსაცდელების მშობლებს დავუსვით.
ჩვენი პირველი რესპონდენტი სამართალმცოდნე, 42 წლის მაკაა, რომელსაც თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ვესაუბრეთ. როგორც აბიტურიენტის მშობელი გვეუბნება, საგრანტო სისტემის გაუქმების გამო, მისი შვილი იძულებული გახდა, არჩევანი კერძო უმაღლესის ნაცვლად, სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეეჩერებინა. მისივე თქმით, ახალგაზრდას საკუთარი არჩევანის შეცვლა არამარტო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, არამედ პროგრამასთან დაკავშირებითაც მოუწია და აი, რატომ:
„ვიდრე შეიცვლებოდა სახელმწიფოს პოზიცია კერძო უნივერსიტეტების მიმართ, ჩემს აბიტურიენტ შვილს სურდა, რომ სწორედ კერძოში ჩაებარებინა და სპეციალობაც, რა თქმა უნდა, არჩეული ჰქონდა. თუმცა, გრანტები გაუქმდა კერძო უნივერსიტეტებში – ვერ შევძლებდით გადახდას, ფიზიკურად ამისი ფინანსები არ არის, სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს საშუალება – ამიტომ, შემდეგ სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიეთ. თუმცა, მას რა სპეციალობაც უნდოდა კერძო უნივერსიტეტში, ასეთივე პროფილური არ აქვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და სამწუხაროდ, იმ ფაკულტეტისგანაც ჩაიხსნა – ანუ თავისი არჩევანი შეცვალა. ეს არ არის კარგი. კარგია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო გახდა, თუმცა არა იმის ხარჯზე, რომ კერძო უნივერსიტეტების დაფინანსება მოეხსნათ და თან კერძო უფრო მეტად გაძვირდა“.
მშობელს ასევე არ მოსწონს უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი სიახლე – „ერთი ფაკულტეტი – ერთი ქალაქი“. მისი თქმით, ამა თუ იმ სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების გაუქმება „ძალიან ცუდი არჩევანია“.
„პირობითად, მე თუ მინდა ტურიზმი, არ უნდა წავიდე გორში და არ უნდა ვისწავლო იქ. უნდა მქონდეს საშუალება, რომ დედაქალაქში შემეძლოს რომელიღაც უნივერსიტეტებს შორის არჩევანის გაკეთება. უკეთესი იქნება, თუკი ამ არჩევანს ისევ დააბრუნებენ. უნდა შეეძლოს აბიტურიენტს, თავად აირჩიოს ქალაქი, უნივერსიტეტი, კერძოც ხელმისაწვდომი უნდა იყოს და სახელმწიფოც. თუ სახელმწიფო უნივერსიტეტები გახდება უფასო, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია, მაგრამ თუკი კერძო უნივერსიტეტშიც მომეცემა იმის საშუალება, რომ მქონდეს გრანტი, ეს კიდევ უფრო კარგი იქნება“.
სახელმწიფო გრანტის გაუქმება პრობლემური საკითხი აღმოჩნდა თამარ გახელაძისთვისაც, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ლექტორია. აბიტურიენტის მშობელი საკუთარი შვილის მაგალითზე გვიყვება და ამის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ გრანტის არარსებობა ხშირ შემთხვევაში აბიტურიენტებს არჩევანის თავისუფლებას უზღუდავს.
„[სახელმწიფო უნივერსიტეტებში] უფასო სწავლების შანსი არის ძალიან კარგი რამ, თუმცა არის ბევრი უარყოფითი ფაქტორიც. მაგალითად, ის, რომ ძალიან ბევრ სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს ის პროგრამები, რომლებსაც ჩვენი შვილები ირჩევენ. პირადად ჩემი შვილი ირჩევს ციფრულ მარკეტინგს, რაც სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულია, საკმაოდ კარგ ქულებს მიიღებს გამოცდებზე, ჩვენ მოგვიწევს თანხის გადახდა შესაბამის კერძო უნივერსიტეტში. მე ვფიქრობ, რომ ეს ზღუდავს მომავალი თაობის არჩევანი თავისუფლებას და ალბათ, სულ მცირე, როდესაც ეს რეფორმა ინერგებოდა, უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ დაემატებინათ ის პროგრამები, რომლებიც უფრო პოპულარულია და რომელსაც ირჩევენ ახალგაზრდები.
ამასთან, გრანტის არსებობა ძალიან ბევრ სტუდენტს აძლევდა საშუალებას, ესწავლა მისთვის სასურველ უნივერსიტეტში. ახლა კი გამოდის, რომ ადამიანები, რომლებიც არასასურველ ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან, იზღუდებიან არჩევანის უფლებაში და მათ მოუწევთ სწავლა ისეთ უნივერსიტეტში ისეთ პროგრამაზე, რომელიც სულაც არ იყო მათი ინტერესის სფეროში“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას თამარ გახელაძემ.
შეგახსენებთ, სასწავლო გრანტის გაუმჯობესება-მოპოვება ისევ შეუძლიათ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს.
ამავე თემაზე:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
„ერთი ნაწარმოები იყო „გმირთა ველური“ და მეორე არ მახსოვს“ – ეროვნული გამოცდების მარგალიტები 2026
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი სომხურ ენაში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
რა ხდება, თუ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს იმ პროგრამაზე, რომელზეც უნივერსიტეტს მიღების უფლება აღარ აქვს – ბრძანება
by ARIS.GE-განათლება