2026 წლის აბიტურიენტებიდან 79%-ზე მეტმა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტზე გააკეთა – რას ჰპირდება მინისტრი გამოსაცდელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინფორმაციით, 2026 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული 43 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან უმეტესობამ არჩევანი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სახელმწიფფო უნივერსიტეტებზე გააკეთა.
როგორც გივი მიქანაძემ 30 ივნისს, პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, ამით გამოჩნდა საზოგადოების განწყობა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო გახდა:
„ოთხჯერ მეტი პირველადი არჩევანი არის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, მაშინ როცა, შეგახსენებთ, 64 უმაღლესი სასწავლებლიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი. 79 პროცენტზე მეტმა გააკეთა პირველადი არჩევანი სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და 20 პროცენტზე ოდნავ მეტმა გააკეთა პირველადი არჩევანი კერძო უნივერსიტეტებზე. საზოგადოების განწყობა, მზაობა და დამოკიდებულება, როგორც ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებით, აშკარად გამოხატულია ამ ტენდენციით“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების წინ განათლების მინისტრი 2026 წლის გამოსაცდელებს პირობას აძლევს:
„43 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა წელს საერთო ეროვნულ გამოცდებზე, მინდა, თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო და სრული პასუხისმგებლობით დავპირდე, რომ მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ისეთი გარემო, რომ მათ ექნებათ თავიანთი ცოდნის, შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობა, ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ, რათა მშვიდ, მყუდრო გარემოში შეასრულონ ის დავალებები და ამოცანები, რომლებიც კონკრეტული ტესტებით და საგამოცდო კომპონენტით არის გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, მთელი წლის შრომა, რომელიც მათ გასწიეს, რათა თავიანთი ცოდნა წარმოაჩინონ, შესაბამის შედეგებში იქნება ასახული. მინდა, თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო. მინდა, ძალიან მალე, უკვე აგვისტოს ბოლოს თითოეულ მათგანს მივულოცო სტუდენტობა და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეტაპის დაწყება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წელს მთავრობამ უფასო სწავლებისთვის 21 600 ადგილი განსაზღვრა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.
ასევე იხილეთ:
-
„რა პროცენტით ზრდის განათლების რეფორმა ბიუჯეტს?“ – რა პასუხი აქვს ირაკლი კობახიძეს
by ARIS.GE-განათლება
-
რუკის დავალებაზე აბიტურიენტმა ეს უნდა იცოდეს – ისტორიის საგამოცდო ტესტის რომელ ნაწილზე როგორ ვიმუშაოთ (ინტერვიუ ლექტორთან)
by ARIS.GE-განათლება
-
„განათლების რეფორმის კომპლექსური განხორციელების შემდეგ, სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება“ – ირაკლი კობახიძე
by ARIS.GE-განათლება