მოზარდებისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალური სია იქმნება – კომუნიკაციების კომისიის დებულება
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დადგენილება მიიღო. აღნიშნულ ვალდებულება კომისიას „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 99-ე მუხლის თანახმად ჰქონდა.
დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, კომუნიკაციების კომისია საკუთარი ინიციატივით განახორციელებს ინტერნეტგვერდების მონიტორინგს, შერჩევითად ან შემოსული განცხადების საფუძველზე.
კომისია მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, ასევე ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებისთვის ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარების შესახებ (მათ შორის, ინტერნეტში ბავშვის ფსიქოლოგიური ჩაგვრის, შევიწროების, დევნის (მათ შორის, დამცირება, დაშინება, ცილისწამება, შანტაჟი), ბავშვის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების და ინტერნეტქსელში უცხო პირებთან კომუნიკაციის საფრთხეებისგან ბავშვის დაცვის საკითხების შესახებ).
საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დასაცავად ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებელი კომპანიები ვალდებულები იქნებიან ინფორმაციას შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება მიანიჭონ.
ა),,18“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის; ბ) ,,15“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 15 წლის არასრულწლოვნებისთვის; გ) ,,12“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის; დ) ,,7“ წრეში, როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის.
გარდა ამისა, ინტერნეტგვერდებზე, რომელთა სამიზნე აუდიტორიას მხოლოდ ბავშვები წარმოადგენენ (მათ შორის, საგანმანათლებლო ინტერნეტგვერდები, საგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო გვერდები, ინტერნეტგვერდები, სადაც განთავსებულია საბავშვო ფილმები და თამაშები) აკრძალულია ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით განთავსება.
დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შემცველ ინტერნეტგვერდზე დაშვება უნდა მოხდეს ფიზიკური პირის რეგისტრაციით. ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის დამრღვევ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება, რაც პირველი შემთხვევის დროს 1000 ლარი, განმეორებით შემთხვევაში კი -3000 ლარი იქნება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სპეციალური დადგენილების თანახმად, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული აბონენტის მოთხოვნით, მისთვის დაბლოკოს (შეზღუდოს წვდომა) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტ გვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის საფუძველზე.
ინტერნეტსივრცეში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და გაფილტვრის ხელშეწყობის მიზნით, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლებისა და მშობლებისთვის შემუშავდება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალური სარეიტინგო სია, შესაბამის ასაკობრივ ნიშანდებაზე მითითებით. აღნიშნულ სიაში ვებგვერდის დამატების შესახებ განცხადების გაკეთების უფლება მშობელსაც ექნება.
ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კვირაში ერთხელ განაახლოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების დაბლოკვის (წვდომის შეზღუდვის) მექანიზმი სპეციალური სარეიტინგო სიის საფუძველზე.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება 2020 წლის პირველი ივნისიდან უნდა ამოქმედდეს.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება