„მშობლები ეუბნებიან შვილებს, რომ თუ არ ისწავლიან პროფესიულ კოლეჯში გაუშვებენ, ეს უნდა შეიცვალოს”
საქართველოს პარლამენტში აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის – „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ ფარგლებში პირველი ზეპირი მოსმენა 18 იანვარს გაიმართა.
სამი კომიტეტის ერთობლივი თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრაზე, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებიც აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ. მათ სფეროში არსებულ ძირითად გამოწვევებზე იმსჯელეს.
აღნიშნული თემატური მოკვლევის მიზანია აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება და აღნიშნული დეფიციტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის წარმომადგენელმა, ნათია გაგლოევამ, მთავარ გამოწვევად აგრარული და გარემოსდაცვით მიმართულებებზე კურდამთავთარებულთა რაოდენობის სიმცირე და ამის მიზეზი დაასახელა. მისი თქმით, მოსახლეობის დაბალი ცნობიერების გამო, ეს პროფესიები კვლავაც არ არის პრესტიჟული.
„კურსდამთავრებულების რაოდენობა ამ მიმართულებით ძალიან მცირეა და არ არის საკმარისი რაოდენობა. ამის მიზეზად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ცნობიერების დონე დაბალია და მოსახლეობის უმეტესობა კვლავ ფიქრობს, რომ ეს პროფესიები არაპრესტიჟულია, არ ცდილობენ, ამ მიმართულებით ჩააბარონ.
„მშობლები ეუბნებიან შვილებს, „თუ არ ისწავლი კოლეჯში გაგიშვებ“. ანუ დასჯის ერთ-ერთი მეთოდიც არის და თითქოს სჯიან ამით თავის შვილებს. თუ არ ისწავლიან, ისინი წავლენ კოლეჯში, ისწავლიან მებაღეობას, სატყეო საქმეს და ა.შ თუ ეს მიდგომა შეიცვლება, ვფიქრობ, დეფიციტი აღარ უნდა იყოს ქვეყანაში”, – განაცხადა ილია წინამძღვრიშვილის კოლეჯის წარმომადგენელმა.
ნათია გაგლოევამ პრობლემის გადაჭრის გზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა გარკვეული ტიპის ღონისძიებების გატარება, რომელიც დააეხმარება ამ პროფესიებს გახდნენ ისეთივე პრესტიჟული, როგორიც მაგალითად, კულინარია:
„როგორც იცით, კულინარიაც ერთ-ერთი არაპრესტიჟული პროფესია იყო, თუმცა ჩვენი დაკვირვებით, მას შემდეგ, რაც სატელევიზიო გადაცემები გაკეთდა, ძალიან იმატა მოთხოვნამ. ვფიქრობთ, რომ საჭიროა ასეთი, რაღაც ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაეხმარება მოსახლეობას, ცნობიერება აიმაღლონ და მიხვდნენ, რომ რეალურად, ეს პროფესიებიც ძალიან კარგი და პრესტიჟულია“.
კოლეჯი „მოდუსის“ წარმომადგენელმა ნინო ქავთარაძემ კი გამოწვევად დაასახელა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების სწავლებისთვის კადრების მოძიების პროცესი. მისი თქმით, თუ პროფესიული სასწავლებლის პედაგოგებისთვის ხელფასების მატება გაგრძელდება, კადრებს ფინანსური ინტერესი გაუჩნდებათ და ეს პრობლემაც მოგვარდება.
„წელს პროფესიული მიმართულებების მასწავლებლების ხელფასი გაიზარდა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, შეიცვლება ის რეალობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ დღეს ხათრით, პატივისცემით, ალტრუიზმით, სოციალური პასუხისმგებლობით მოდიან ჩვენთან პროფესიონალები და მაინც ჭირს ამ ადამიანების მოძიება. ამის ცვლილებით შევძლებთ, რომ კადრებს ფინანსური ინტერესიც გავუჩინოთ”, – განაცხადა შეხვედრაზე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელმა.
აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მოკვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები აღსასრულებლად შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გაეგზავნება.
მოამზადა მზეო შველიძემ
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები