მშობლები სასწავლო წელს აჯამებენ – იჭყლიტებიან მასწავლებლები და დაზარალდებიან ჩვენი შვილები
2021-2022 სასწავლო წელი მიიწურა, რომელიც მთელი რიგი გამოწვევებით იყო სავსე. სკოლაში სწავლა უკვე დაასრულეს XII კლასის მოსწავლეებმა და პირველკლასელებმა, ყველა სხვა კლასის მოსწავლეები კი სკოლას 15 ივნისს დაემშვიდობებიან. EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა სასწავლო წელი მოსწავლეთა მშობლებთან ერთად შეეჯამებინა.
იმ პრობლემზე, რომელიც დღეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ზოგადად, განათლების სისტემაშია, ამჯერად მოსწავლეთა მშობლები გვიყვებიან. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ სკოლებში სრული განუკითხაობაა, ნაწილი კი სწავლების პროცესის შეფერხებას სკოლებში განათლების სისტემაში არსებული პრობლემებითა და დაუსრულებელი რეფორმებით ხსნის, რასაც ემატება ხშირ შემთხვევაში მშობლების უხეში ჩართულობა სასწავლო პროცესში ან პირიქით -ინერტულობა.
ჩვენი რესპონდენტების მონაყოლები ნათელს ხდის რა გზის გავლა უწევთ როგორც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, ისე თავად მშობლებს. მათი თქმით, ის, რომ პანდემიისგან გამოწვეული ონლაინ რეჟიმში ხშირი გადასვლა-გადმოსვლის გამო, სწავლების პროცესი ფაქტობრივად კალაპოტიდან ამოვარდა და მნიშვნელოვანი დანაკარგებიც დაგვიტოვა, ფაქტია, თუმცა ზოგმა სკოლამ და მასწავლებელმა მოახერხა, რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიეღოთ მოსწავლეებს, ზოგი პედაგოგისთვის კი პანდემია მიზეზად იქცა, რომ თავად ნაკლები ემუშავათ და მოსწავლეები ბედის ანაბარა მიეტოვებინათ.
„დიაგნოსტიკური წერის ჩატარება რომ უნდათ, არ იციან, რომ არაფერი ასწავლეს? ყველა ბავშვი ემზადება იმ საგნებში, რასაც აბარებს. სრული განუკითხაობაა და თან ბავშვებს აბრალებენ – არ დადიანო. ჩემს შვილს რომ ვაჩქარებ, მალე წადი, არ დაიგვიანო-მეთქი, მპასუხობს, არაფერს მეტყვიან სკოლაშიო. რატომ არ უნდა უთხრან არაფერი?“ – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ორი შვილის დედა, თბილისის ერთერთი საჯარო სკოლის მე-11 და მე-10 კლასის მოსწავლეების მშობელი, რომელსაც სასწავლო წლის შეჯამება ვთხოვეთ.
ის გვიყვება, რომ პანდემისას გაკვეთილები არასრულყოფილად ტარდებოდა, მას მერე კი, რაც სწავლა მთლიანად დასწრებულ რეჟიმში განახლდა, ბავშვები ფაქტობრივად არ დადიან სკოლაში და ამისთვის არც მოსწავლეებს და არც სკოლის დირექციას პასუხს არავინ სთხოვს. იხსენებს რომ მაგალითად, პარასკევობით ბავშვი სკოლიდან ერთ საათში ბრუნდება ასეთი ახსნით: – ცოტანი ვიყავით და გაცდა გაკვეთილებიო.
„ონლაინ რეჟიმის დროს სკოლაში სწავლება ფაქტობრივად არ მიმდინარეობდა. ცხრილი კი ჰქონდათ ბავშვებს, მაგრამ თავის დროზე არცერთი გაკვეთილი არ იწყებოდა. მასწავლებელს რომელ საათზეც მოუნდებოდა, მაშინ იწყებდა გაკვეთილის ჩატარებას ან სულაც აცდენდა. დაიწყებოდა გაკვეთილი 9-ის მაგივრად 11 საათზე, შევიდოდა 3-4 ბავშვი 25-ის მაგივრად, პედაგოგი იტყოდა, ცოტანი ხართო და დაემშივდობებოდა. სულ მაინტერესებს, ამაზე სკოლის დირექცია ან ვინმე თუ სთხოვდა პასუხს ბავშვებს ან მასწავლებელს“, – ამბობს მშობელი, რომელიც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
მიიჩნევს, რომ მთლიანად ჩამოშლილია სკოლებში სწავლების სისტემა და ამის გამო, ყველა ბავშვი კალაპოტიდან არის ამოვარდნილი, ეს სიტუაცია კი არ არის მხოლოდ ერთი ან ორი სკოლის მაგალითზე.
„მასწავლებლები იმიტომ არ ითხოვენ ბავშვებისგან დასწრებას თუ გაკვეთილების სწავლას, რომ დირექცია არ სთხოვს – ხომ ასე გამოდის? სკოლის დირექტორმა არ უნდა გააკონტროლოს, გაკვეთილი რატომ ცდება ან როგორ ტარდება?! მთელი წელია, სკოლაში ჩემს შვილს არაფერი უსწავლია. რომ არა კერძო პედაგოგები, საერთოდ ყველაფერში ჩამორჩენილი იქნებოდა. ბავშვი რომ არ იყოს თავად მონდომებული, ჩათვალეთ, რომ წერა-კითხვის გარდა, არაფერი ეცოდინებოდა, რასაც სკოლა მისცემდა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მოსწავლის მშობელმა, რომელიც იძულებულია, XI კლასელი შვილი ფაქტობრივად ყველა იმ საგანში მოამზადოს, რომელიც მას უმაღლესში ჩასაბარებლად სჭირდება.
„ჩემი შვილი გეოგრაფიას ან ბიოლოგიას რომ არ აბარებს და ამ საგნებში არ ემზადება, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ერთში ან მეორეში ზოგადი განათლება არ უნდა ჰქონდეს?! აბა რატომ ჰქვია სწავლების ამ საფეხურს ზოგადი განათლება? ყველაფერს პანდემიას რომ აბრალებენ, ჩემი მეორე შვილი ვეკუაში სწავლობს, სადაც არცერთი გაკვეთილი არ გასცდენია და ოდნავადაც არ დაწეულა იქ სწავლის დონე მაშინ, როდესაც მეორე შვილი ჩემი ხათრით დადის საჯარო სკოლაში. ადრე მშობლებს გვიბარებდნენ, ახსნა-განმარტებებს გვთხოვდნენ გაცდენების გამო. ახლა მშობლის დაბარება კი არა, მოსწავლეები აღარ ახსოვთ“, – გვიყვება ჩვენი პირველი რესპონდენტი.
კიდევ ერთი მოსწავლის მშობელი, სოფო რაფავა, რომლის შვილებიც თბილისის 146-ე საჯარო სკოლაში V და IX კლასში სწავლობენ, ამბობს, რომ პრობლემა მთლიანად სისტემაში უფროა, ვიდრე მასწავლებლებში.
„დისტანციური სწავლების დროს მშობლებს ყველაფერი გვესმოდა. ნახევარი საათი იყო გათვალისწინებული, მაგრამ ზოგი მასწავლებელი უფრო მეტ დროს უთმობდა გაკვეთილს, რომ ბავშვებს დანაკლისი არ ჰქონოდათ. მანამდე არ ვიცოდით, როგორი ახსნის მეთოდი ჰქონდა მასწავლებელს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან და ამ პროცესმა სწორედ ეს დაგვანახა კარგად. ვხედავდი, სად უჭირდა ჩემს შვილს და ვეხმარებოდი. სკოლაზე არაფერი მეთქმის, თუმცა პრობლემებს მთლიანად განათლების სისტემაში ვხედავ, სადაც, ჩემი აზრით, ძალიან ბევრი ხარვეზი გვაქვს“, – ამბობს მშობელი.
სოფო რაფავას აზრით, განათლების სამინისტროსგან დაანონსებული რეფორმები ხშირად გაუაზრებელია და მასწავლებლებს და მოსწავლეებს აზარალებს.
„ამ სისტემისთვის, მთავარია, რაღაც რეფორმა დააანონსონ, რაღაც შეცვალონ, მაგრამ რა იცვლება რეალურად და ჩვენს შვილებზე როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს და არც არავინ აკონტროლებს. ამ დროს იჭყლიტებიან მასწავლებლები, დაზარალებულები არიან ჩვენი შვილები, ამ ყველაფრის შემოქმედი ავტორი კი რჩება „კარამელში“. თვალნათლივ ჩანს, როგორ იტანჯება ზოგიერთი მასწავლებელი ამ რაღაც რეფორმებით. მერე, მშობლების ნაწილი უხეშად ერევა და მონაწილეობს სწავლა-სწავლების პროცესში, ნაწილი კი, მიუხედავად სურვილისა, ვერც მონაწილეობს… იყო შემთხვევა, როცა მშობელი ვერ დაეხმარა შვილს კომპლექსური დავალების შესრულებაში და ამის გამო, მოსწავლეს თავისი მომზადებული დავალების სკოლაში მიტანის შერცხვა“, – მოუყვა სოფო რაფავა EDU.ARIS.GE-ს.
კომპლექსურ დავალებაზე საუბრისას ჩვენმა რესპონდენტმა მშობლების მიერ შესრულებული დავალებებიც გაიხსენა:
„მაგალითად, ბავშვებს ისტორიაში კომპლექსური დავალება უნდა შეესრულებინათ რუსთავის ციხეზე. ისეთი მაკეტები იყო, ვიხუმრე, ელიავაზე წავალ და მუშას დავიქირავებ ციხის ასაშენებლად-მეთქი. ეს მაკეტები არ იყო ბავშვების ნამუშევარი და მშობლების მიძინებული ნიჭი უფრო იყო გამოვლენილი. მე ვაპირებდი, ეს ციხეები განათლების სამინისტროში წამეღო და იქ, კიბეებზე დამეწყო. ოჯახში ალბათ მთელი ეს პროცესი მხიარულად მიმდინარეობდა, მაგრამ პრობლემა სწორედ ისაა, რომ სისტემამ არ იფიქრა, რას ავალებდა ბავშვებს, არ აწონ-დაწონა. თუმცა, ეს გარკვეულწილად ალბათ მასწავლებელზეც არის დამოკიდებული, რადგან, მაგალითად, ბუნების მასწავლებელმა ღია სივრცეში გაიყვანა ბავშვები და ოთხი კომპლექსური დავალება ისე ჩაუტარა. ამ კომპლექსური დავალებებისთვის ჩვენ მხოლოდ ფერადი ქაღალდებით, პლასტელინით, მაკრატლებით და წებოთი მოვამარაგეთ ჩვენი შვილები. ბოლოს კი მხოლოდ ვიდეორგოლები გვაჩვენა მასწავლებელმა და აღფრთოვანებულები დაგვტოვა“.
სკოლის სისტემაში კიდევ ერთ გამოუსწორებელ პრობლემად ორი მოსწავლის მშობელი XII კლასის უფუნქციობას მიიჩნევს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ დამამთავრებელ კლასში ყოფნის პერიოდში მოსწავლეები სკოლაში კი არა, რეპეტიტორებთან უფრო დადიან.
„დიაგნოსტიკური წერის ჩატარება რომ უნდათ, როგორც ამიხსნეს, ცუდი არ უნდა იყოს და სკოლამ უნდა დაინახოს, სად უჭირთ ბავშვებს, მაგრამ ამის გარეშეც უნდა ხედავდეს განათლების სამინისტრო, პრობლემა სად არის. ეროვნული გამოცდები სულ სხვა მოთხოვნის არის და XII კლასი რისთვის არსებობს, სრულიად გაუგებარია. ეს კლასი იმისთვის არის, რომ სკოლაში არ იარონ და 1 წელი ჰქონდეთ რეპეტიტორებთან სასიარულოდ, რათა დააკმაყოფილონ ეროვნული გამოცდების მოთხოვნები და მშობლებს უზარმაზარი თანხები ჰქონდეთ იმაში გადასახდელი, რაც სინამდვილეში უფასოდ უნდა ჰქონდეთ“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს სოფო რაფავამ.
ასევე იხილეთ:
პაატა პაპავა: თუ მშობელს სკოლა კარს არ უღებს და კომუნიკაციაში არ შედის, შეიცვალეთ სკოლა!
მშობელი: ვერანაირი დიაგნოსტიკური შეფასება ვერ უშველის, ისეთი მდგომარეობაა სკოლებში
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება