მშობლებისა და მოსწავლეების პროტესტი ხაშურში – რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს
ხაშურში, მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სკოლის დანგრეული შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ და აცხადებენ, რომ თუ პრობლემის მოგვარება დროულად არ გადაწყდება, საავტომობილო გზას გადაკეტავენ. მათი თქმით, უკვე ოთხი წელია შვილები სხვადასხვა სკოლებში დაჰყავთ, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება.
“უკვე ოთხი წელია, რაც სკოლა ამ მდგომარეობაშია და არაფერს აკეთებენ. გვინდა, სკოლა რაც შეიძლება მალე აშენდეს და გაიხსნას. ბავშვები სხვადასხვა სკოლებში დაგვყავს, რაც ძალიან დამღლელია“, – ამბობენ ხაშურში გამართული აქციის მონაწილეები.
როდის დაიწყება ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის ავარიული შენობის რეაბილიტაცია და როდის შეძლებენ ადგილობრივი მოსწავლეები საკუთარ სკოლაში სიარულს ჯერ უცნობია, თუმცა მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, რომ შენობა 2025 წელს ჩაბარდება.
“პრობლემის შესახებ ვიცით, თუმცა მოგვარებას დრო სჭირდება. 2025 წელს ჩაბარდება შენობა“, – განაცხადა მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა. იგივე პასუხი ჰქონდა მერთან ერთად აქციის წევრებთან მისულ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელსაც.
მშობლებს და მოსწავლეებს კი საჯარო მოხელეების მიერ გაკეთებული კომენტარების აღარ სჯერათ და ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები აქციას აწყობენ. მშობლების მოთხოვნა უცვლელია, აშენდეს სკოლის ახალი შენობა და მათ შვილებს საკუთარ სკოლაში სიარულის საშუალება მიეცეთ.
ადგილობრივების ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლაში სწავლა 4 წლის წინ შეწყდა და მას შემდეგ პრობლემის მოგვარება არავის უფიქრია.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება