GE

მშობლებსა და პედაგოგებს შორის გაჩაღებული „ცივი ომი“ და მისი გავლენა მოსწავლეებზე

ინდეფერენტული ან ახირებული – მასწავლებლები მშობლებს ამ ორ კატეგორიად ყოფენ და აღნიშნავენ, რომ თითოეულ მათგანთან მუშაობა იმდენად რთულია, რომ ხშირად პროფესიაზე უარის თქმისა და თითქმის 40-წლიანი კარიერის დათმობის სურვილიც უჩნდებათ.

მშობლების გარკვეული ნაწილი შვილის სწავლა-განათლებაში საერთოდ რომ არ ერთვება და  პედაგოგებთანაც არ ურთიერთობს, უყურადღებოდ არც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს დარჩენია. ამის შესახებ მან საშობაო ეპისტოლეში ისაუბრა:

“სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია; სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა; მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა და მასწავლებლებთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მიდგომების განსაზღვრისათვის“, – ვკითხულობთ ილია მეორეს 2019 წლის საშობაო ეპისტოლეში.

EDU.ARIS.GE-სთან პრობლემის სიმძაფრეზე საუბრობენ პედაგოგებიც და ადასტურებენ, რომ მშობლები „სანთლით საძებარნი არიან“. პედაგოგი მარინა დიდებელი ახირებულ მშობლებზეც გვიყვება და აღნიშნავს, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა მის 40-წლიან პრაქტიკაში არასდროს ყოფილა:

„დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, მაგრამ ბავშვები გადადიან თუ არა მე-5 კლასში, უკვე სანთლით საძებარი ხდება მშობელი…

ზოგიერთი კი იმდენად ერევა მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობაში (და ეს, ალბათ, რეპეტიტორის ბრალიცაა, რეპეტიტორი უქებს და ამ დროს ბავშვმა დიდი არაფერი იცის. თუმცა რეპეტიტორიც ვარ… ასე რომ სკოლას ყველა კუთხიდან ვიცნობ), რომ ბავშვს აკარგვინებს მასწავლებლის პატივისცემას. თუ ოჯახში მასწავლებელს მშობელი აგდებულად ახსენებს, როგორ უნდა ელოდო ბავშვისგან პატივისცემას?!

მთავარი პრობლემა ისაა, რომ მშობელი ყველაფერში შვილის გამართლებას ცდილობს. ბავშვსაც უნდა, ადვილად გავიდეს ფონს და რთულდება ურთიერთობა.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, აღარ მინდა სკოლაში ყოფნა ამდენი წლის მერე. ამ აზრამდე კი იმ მშობლებს მივყავარ, რომელთაც ჰგონიათ, რომ მათი შვილის მტერი ვარ, თუ ის ქულა არ დავუწერე, რომელზეც პრეტენზია აქვთ.

პატარა „სტაჟი“ არ მაქვს, მაგრამ რაც ბოლო წლებში ხდება, მსგავსი არ მახსენდება. მშვიდი ურთიერთობა მშობელთან? მთლად ომის მდგომარეობაში არ ვარ და, რა თქმა უნდა, ეს ყველა მშობელს და ყველა მოსწავლეს არ ეხება, მაგრამ მშობლების საკმაოდ დიდი ნაწილი  ცდილობს მასწავლებელს გადააბრალოს, როდესაც ქულა მისი მოსაწონი არაა… და ეს უკვე ტენდენციად ყალიბდება”,- ამბობს მასწავლებელი.

პედაგოგ მადონა გაბაძის თქმით, მშობლები არ ითვალისწინებენ მასწავლებლის შენიშვნებს, იშვიათად ჩნდებიან სკოლაში, შედეგად კი მათი შვილები გაკვეთილებზე  ყოველთვის მოუწესრიგებლები დადიან:

„მთავარი პრობლემა არის ზედმეტი თავდაჯერებულობა შვილის შესაძლებლობებსა და ყოფა-ქცევის საკითხში… ჰგონიათ უშეცდომოდ ზრდიან შვილებს და ვერ წარმოუდგენიათ, რომ მისმა შვილმა ქცევის წესები დაარღვია ან დავალება არ დაწერა, ამიტომ ვაკეთებ ჩანიშვნებს ყოველ დღე. ამას გარდა, განსახილველია, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბავშვის აღზრდას.

იშვიათად მოდიან ინდივიდუალურ საუბრებზე. უნდათ, რომ ესაუბრო დადებითზე და არა უარყოფითზე,  სწორად ვერ იაზრებენ პრობლემას, გპირდებიან დახმარებას, მერე იკარგებიან და ისევ უპასუხისმგებლოდ უშვებენ შვილებს სკოლაში.

ბევრ ტრენინგს გავდივართ, მაგრამ არასაკმარისს. უამრავი პრობლემური ბავშვია და ჩვენ ვახერხებთ მოვარგოთ სასკოლო ნორმებს. ასეთივე სტრატეგია სჭირდება მშობლებთან ურთიერთობის მოგვარებასაც. რაღაც ფორმებით უნდა ჩაერთონ სასკოლო აქტივობებში, უშუალო პროცესებში და ამ ყველაფრის დაგეგმვა/განხორციელება უნდა შეასწავლონ მასწავლებლებს. რთულია, მაგრამ ჯერ მშობლებია აღსაზრდელი (უმეტესობა და არა ყველა)“, –  ამბობს მადონა გაბაძე.

ინგლისურის კიდევ ერთი პედაგოგის ქეთევან საბიაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ მშობლები სკოლაში არ დადიან, არც ელექტრონულ ჟურნალს ამოწმებენ და შენიშვნებს უყურადღებოდ ტოვებენ. ამის ფონზე მითითებებს აღარც მათი შვილები ითვალისწინებენ:

„მშობლები ზოგჯერ სასწავლო პროგრამას აკრიტიკებენ. მიუხედავად იმისა, რომ თავად არ აქვთ პედაგოგის პროფესია, მასწავლებელს მიუთითებენ რა და როგორ ასწავლოს. ის არ იცნობს სკოლის სპეციფიკას და ყველაფერი სხვანაირად წარმოუდგენია.

როცა იცი, რომ კლასში პრეტენზიული მშობელი გყავს, ისტრესები. შეიძლება, ასეთ დროს უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, რადგან კარგავ თავისუფლებას და ზოგჯერ, კრეატიულობის უნარს.

დღეს ელ. ჟურნალებიც ურთიერთობების სიმჭიდროვეს ემსახურება. მიმოწერა გვაქვს მშობლებთან, მაგრამ ზოგიერთი მშობელი არც ამოწმებს მინაწერებს და ეს ბავშვზეც ცუდად აისახება, არხეინად აგრძელებს ზარმაცობას. სკოლაში კვლავ მოუწესრიგებელი მოდის, დავალებისა თუ წიგნების გარეშე. მათ არ აქვთ მოტივაცია და ვერც პასუხისმგებლობას გრძნობენ. ხოლო, როცა ბავშვმა იცის, რომ კარგი შეფასების მიღების შემდეგ მშობლებისგანაც შექებას დაიმსახურებს, უფრო მონდომებულია“,- ამბობს პედაგოგი.

117-ე სკოლის მეათე კლასის დამრიგებელ სოფო სიდამონიძის კლასშიც ანალოგიური მდგომარეობაა. მშობლების დიდ ნაწილს ის არათუ ინდივიდუალურად, მშობელთა კრებებზე ვერ ხედავს:

„როგორც დამრიგებელი, მშობლებთან უფრო მეტს ვმუშაობ, ვიდრე ბავშვებთან, მაგრამ საქმე ისაა, რომ არათუ ინდივიდუალურად, კრებებზეც არ მოდიან. თავიანთი შვილის აკადემიური მოსწრების გასაგებად იმ დღესაც ვერ ითავისუფლებენ თავს. ამ უპასუხისმგებლობასა და დაუფასებლობას რომ ხედავს ბავშვი, გასაკვირი არაა, რომ თვითონაც ანალოგიურად მოიქცევა“, – ამბობს სოფო სიდამონიძე.

ნინო ჯიჭონია იმ მშობლების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებსაც პედაგოგები ახირებულ მშობელთა კატეგორიაში წერენ და ნეგატიური დამოკიდებულების დაფარვას, როგორც ნინო ამბობს, პირფერობით ცდილობენ. მისივე თქმით, პედაგოგების აგრესია ბავშვზეც გადავიდა და მასწავლებლებმა აითვალწუნეს კიდეც. ის EDU.ARIS.GE-სთან  იმ პრობლემებზე საუბრობს, რასაც სკოლაში აწყდება:

„სკოლაში მიმყავს და მომყავს ბავშვი და მასწავლებელთან ყოველდღე მაქვს ურთიერთობა. აქტიური მშობელი ვარ და ვეღარ მიტანენ. მეპირფერებიან, როცა არასწორ ქმედებებზე მივუთითებ. პრეტენზია გამოვთქვი, როცა კლასის წინ 3 მასწავლებელი იდგა და სიგარეტს ეწეოდა, როცა დირექტორმა გასულ წელს პირველკლასელთან ფიზიკური ანგარიშსწორებითა და შეურაცხყოფით კლასის დასანახად გაარჩია საქმე და ამ დროს ბავშვი ბრალში საერთოდ არ იყო, ახსნის საშუალებას კი არ აძლევდა.

მგონია, რომ კარგი და პროფესიონალი მასწავლებლების სერიოზული დეფიციტია. დიდი პრობლემაა ისიც, რომ მშობლებს ბევრ რამეზე არასწორი რეაქცია აქვთ და ამბობენ, რომ ჩვენს დროში ამას კიარა, უარესს გვიშვებოდნენო.

მე მეორე წელია სამსახურს თავი დავანებე, რათა ბავშვის გვერდით ვყოფილიყავი და მის განათლებაზე მეზრუნა. სწავლის დონით პირველია კლასში და ამას ამბობს ის მასწავლებელიც, რომელმაც ბევრჯერ სცადა ხელოვნურად დაეწია და არ ეღიარებინა მისი დონე. შენიშვნა უნდა მისცეს მასწავლებელმა, მაგრამ არ უნდა აითვალწუნოს ისე, რომ ეს ბავშვმაც იგრძნოს“, – ამბობს ჯიჭონია.

პედაგოგებსა და მშობლებს შორის არსებული დაპირისპირება უცხო არც ფსიქოლოგებისთვისაა. პრაქტიკოსი ფსიქოლოგი მაია ცირამუა, აღნიშნავს, რომ მშობლები ხშირად აგრესიულად ხვდებიან შვილის მისამართით ნათქვამ შენიშვნებს და არ ცდილობენ პედაგოგებთან თანამშრომლობას:

„პრაქტიკოსები სამუშაო პროცესში ხშირად ვხედავთ, რომ მშობელი არ მოდის თანამშრომლობაზე, მათ აქვთ შიში იმისა, რომ მხარს არ დაუჭერენ, ამაზე პედაგოგებთანაც მისაუბრია. სამწუხაროდ, მასწავლებლები და მშობლები ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირებულ ორ მხარეს წარმოადგენენ, მაშინ, როდესაც ისინი უნდა იყვნენ გაერთიანებულნი ბავშვების საკეთილდღეოდ. როგორც კი მასწავლებელი რაიმე ცუდს იტყვის ბავშვებზე, მშობელს მაშინვე ერთვება დაცვითი ინსტიქტი“, – ამბობს ცირამუა.

რა უნდა ისწავლებოდეს სკოლაში – რას ამბობს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე პედაგოგებზე, დედაენასა და მშობლებზე

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური