GE

მთავარი თემა აბიტურიენტებისთვის – 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი

24 მარტს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების მიერ დასმულ ახალ კითხვებს უპასუხა. მსგავსი შეხვედრა აბიტურიენტებთან პირველად არ ტარდება. აქამდე წამოჭრილი საკითხები შეგიძლიათ იხილოთ ას კითხვასა და ას პასუხში. ამჯერად ონლაინ ღია კარის დღეზე ჩართვა აბიტურიენტებს მთელი საქართველოდან შეეძლოთ. მთავარი თემა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესი იყო. აბიტურიენტებს ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და ცენტრის სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი მაია გაბუნია პასუხობდნენ.

წარმოგიდგენთ ონლაინ შეხვედრის განმავლობაში დასმულ ძირითად კითხვებსა და მათზე პასუხებს:

რატომ შეიძლება ვერ ავირჩიო პროგრამა, თუ ის ცნობარში არის მითითებული?
„ცნობარში აბიტურიენტებისათვის“ მითითებულ ზოგიერთ პროგრამას აქვს მინაწერი იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს წარმოება, ასეთი პროგრამის არჩევას სისტემა არ მოგცემთ, მანამ სანამ წარმოების პროცესი არ დასრულდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგისტრაცია სამ ეტაპად მიმდინარეობს. რას ნიშნავს ეს?
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც სამ ეტაპად ტარდება: ძირითად ეტაპზე (31 მარტის 18:00 საათამდე) აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (15 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

რეგისტრაციის დროს მობილური ტელეფონის ნომერი არასწორად მივუთითე და ეს რაიმე სახის პრობლემას შემიქმნის?
უმჯობესია გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრს მოგვმართოთ განცხადებით ნომრის შეცვლის თაობაზე, რადგან შესაძლოა ეს დაგჭირდეთ. მაგალითად: თუ თქვენ დაგავიწყდათ სისტემაში შესასვლელი პაროლი, გარკვეული ოპერაციების ჩატარების შემდეგ შეძლებთ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიიღოთ ახალი პაროლი რეგისტრაციის დროს მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

რეგისტრაციის დროს შემოქმედებითი ტური რომ ავირჩიო, ამ ტურის თანხაც უნდა ჩავრიცხო?
შემოქმედებითი ტურის არჩევის შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად თქვენ უნდა მიმართოთ შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას.

თუ შეიძლება მოგვწერეთ რეგისტრაციის საფასური.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.

რას ნიშნავს გრაფა „სპეციალური პირობა“, საჭიროა თუ არა მისი მონიშვნა იმ შემთხვევაში, თუ სათვალეს ვატარებ?
სპეციალური პირობის მონიშვნა და შემდგომ ფორმა N100-ის წარმოდგენა, 15 აპრილის 18:00 საათამდე ევალებათ იმ პირებს, რომლებიც საჭიროებენ გამოცდების დროს სპეციფიკური გარემოს შექმნას. მხედველობის სათვალის გამო ამის აუცილებლობა არ არის.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ავირჩევ პროგრამას, რომელსაც აკრედიტაციის ვადა რამდენიმე თვეში გასდის?
მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ჩარიცხვის მომენტში პროგრამა იყოს აკრედიტებული, რადგან სხვა შემთხვევაში გრანტს ვერ მიიღებთ. ცნობარში მითითებული ინფორმაცია განახლებადია და გარკვეული პერიოდულობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ აკრედიტაციის გახანგრძლივების ვადები ცენტრის ვებგვერდზე.

ვაბარებ ქართულ ენაში მოსამზადებელ პროგრამაზე (ოსური ენით) და მაინტერესებს, ამ პროგრამის წარმატებით დასრულების შემდგომ ნებისმიერ ფაკულტეტზე ჩაბარების უფლება მაქვს?
ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელების უფლება (გამოცდების გარეშე) გაქვთ იმავე უმაღლესი სასწავლებლის ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მას შემდეგ რაც შედეგებს გავიგებთ, პროგრამების მხოლოდ დამატება შეგვიძლია თუ წაშლაც?
რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ წაშალოთ, დაამატოთ ან გადაანაცვლოთ საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების შესაძლებლობა აბიტურიენტებს შედეგების გაგების შემდეგაც ექნებათ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღეს შეწყდება. კონკრეტული რიცხვი გამოქვეყნდება.

სად უნდა მოიძიოს აბიტურიენტმა, რომელი პროგრამა რა საგანს ითხოვს და გაზრდილია თუ არა ზღვარი რომელიმე მათგანზე?
ეს ინფორმაცია მითითებულია „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“. ცნობარში მოცემულია ცხრილები, რომლებშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სწავლის საფასური. მსურველებს შეუძლიათ იხილონ ასევე ინფორმაცია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც.

ოქროს მედლის გამო რაიმე პრივილეგიით თუ სარგებლობს აბიტურიენტი?
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს ყველა აბიტურიენტი თანაბარ პირობებში განიხილება. ჩარიცხვის შემდეგ კი შეგიძლიათ გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლოთ, რადგან ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელს აქვს სტიპენდია გამოყოფილი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი პირებისათვის.

სპეციალური პირობის შეცვლა/გაუქმების უფლება როდემდე მაქვს?
ამ მონიშვნის გაუქმება არ დაგჭირდებათ, რადგან თუ არ წარმოადგენთ ცენტრში ფორმა N100-ს, თქვენთვის სპეციალური პირობების შექმნა გამოცდების დროს არც განიხილება.

თუ პროგრამა პირველ ადგილას მაქვს მითითებული, მაგრამ უკეთესი ქულები აქვს იმ აბიტურიენტს, რომელსაც ეს პროგრამა მეორე ან მესამე ადგილას უწერია, ვის მიენიჭება უპირატესობა ჩარიცხვის დროს?
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს აქვს თქვენზე მაღალი ქულები, მაგრამ არ ეყო პირველ და მეორე ადგილზე ჩასარიცხად, სისტემა პირველ რიგში განიხილავს მაღალქულიანი აბიტურიენტის ჩარიცხვის საკითხს მესამე არჩევანზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული პროგრამა თქვენ რეიტინგულ სიაში პირველ ადგილას გქონდათ მითითებული. გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილეს ქულა ეყოფა პირველ არჩევანზე ჩასარიცხად, მომდევნო არჩევანზე მისი ჩარიცხვა აღარ განიხილება.

ასი კითხვა და ასი პასუხი აბიტურიენტებისთვის საინტერესო თემებზე

წინა ღია კარის დღეებზე დასმული კითხვები

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური