GE

მწყემსი აბიტურიენტი ჯავახეთიდან, რომელიც ფეხბურთელობაზე ოცნებობს

ბაგრატ (ბათი) საბაშვილი ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიაში ცხოვრობს.  გარდა იმისა, რომ მშობლებს ეხმარება შინამეურნეობის საქმეებში, ის სოფელში მწყემსადაც მუშაობს. თუმცა ეს არ არის მთავარი – ბათი ამავე დროს 2020 წლის აბიტურიენტია და ერთიან ეროვნული გამოცდებს აბარებს.

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლა წელს 10-მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა. ბათი ერთ-ერთია მათ შორის. ამბობს, რომ პანდემიამ ძალიან დააზარალა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. მისი თქმით, სწავლის ხარისხი ონლაინ სწავლების დროს მნიშვნელოვნად დაეცა.

„როგორც ადრე ვსწავლობდით, ისევ ისე აღარ გაგვიგრძელებია. თავიდან სერიოზულად ვერ აღვიქვით დისტანციური სწავლება. სახლში რომ ვიყავით, არ იყო სასწავლო გარემო და კომპიუტერით სწავლა სერიოზულად ვერ მივიღეთ. თუმცა გაკვეთილები გვიტარდებოდა და მეთორმეტეკლასელები აქტიურად ვებმებოდით სასწავლო პროცესში, რადგან უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები გვქონდა ჩასაბარებელი“, – ამბობს ბათი.

ის EDU.ARIS.GE-ს უყვება სოფელში ცხოვრების სირთულეების შესახებ:

„ვცხოვრობ სოფელში, მივყვები სოფლის მეურნეობას, თან ვსწავლობ. სკოლის შემდეგ სახლში რომ მივდივარ, ვეხმარები მშობლებს. სოფელში ბევრი საქმეა: მიწის დამუშავება, საქონლის მოვლა და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ბევრი ნიჭიერი ბავშვია სოფელში, მაგრამ ზოგჯერ ეს ნიჭი იკარგება აქ ცხოვრების გამო. სულ მუშაობაში არიან და ამის გამო ვერ ახერხებენ სწავლას. კარტოფილის ამოყრის სეზონი როდესაც მოდის, სკოლა, მინიმუმ, ერთკვირიან დასვენებას გვაძლევს, რომ კარტოფილი ავიღოთ. შემდეგ ვუბრუნდებით სასწავლო პროცესს.

სოფელში გასართობი უნდა იყოს, სულ მუშაობა და ერთფეროვნება ძალიან მოსაწყენია. არ გვაქვს სტადიონი, რომ ვითამაშოთ, გავერთოთ. მივმართეთ გამგეობასაც და ველოდებით პასუხს, იქნებ გაგვიკეთონ“, – გვეუბნება ბათი.

ჯავახეთი საქართველოს მაღალმთიან რეგიონს მიეკუთვნება. აქ განსაკუთრებით მკაცრი ზამთარი იცის. წლის ყველაზე აქტიური სეზონი ზაფხულია, როდესაც მოსახლეობა პირუტყვისთვის და თავისთვის საკვებს იმარაგებს. საქონელი მანამ დაჰყავთ საძოვრებზე, სანამ არ მოთოვს. სოფლებში საქონლისთვის მწყემსებს ქირაობენ. ბათიც თანასოფლელის ფერმაში მუშაობს და ცდილობს, ზაფხულის პერიოდი საკუთარი ფულის გამომუშავებისთვის გამოიყენოს.

„უკვე დიდი ბიჭი ვარ და არ მინდა, მშობლებს მოვთხოვო ფული.  ჩემი შრომით მინდა მქონდეს შემოსავალი და რაც მენდომება, მე თვითონ ვიყიდო – ეს იქნება ველოსიპედი, ბურთი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თუ სხვა რამ. არ მიყვარს, როცა მშობლებზე ვარ დამოკიდებული, როდესაც მე მუშაობის ძალა შემწევს“, – გვეუბნება ბათი.

როდესაც საძოვარზე მიჰყავს ნახირი და დილიდან საღამომდე იქ უწევს ყოფნა, ცდილობს არ მოიწყინოს და  რთული და შრომატევადი სამუშაო სხვადასხვანაირად შეიმსუბუქოს.

„ძალიან ლამაზია ჯავახეთი. იქ, სადაც ვაძოვებ საქონელს, ულამაზესი მინდვრებია. რომ ვუყურებ, ვმშვიდდები. ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. ირგვლივ მთებია. ვტკბები ამ სილამაზით. ბუნება მიადვილებს შრომას. როგორღაც ვახერხებ, რომ არ მოვიწყინო. ჩემს თავსაც კი ვესაუბრები ზოგჯერ, დრო რომ გავიყვანო.  ზოგჯერ წიგნებიც დამაქვს, ლექსებს ვსწავლობ“.

პირველ გამოცდაზე, როგორც თავად ამბობს, ძალიან ინერვიულა. უცხო გარემომ მასზე ძალიან იმოქმედა.

„ქართულის გამოცდაზე ნერვიულობამ ამიტანა, ვერ მშვიდდებოდი, მაგრამ როგორღაც მაინც მოვახერხე და დავწერე. მეორე გამოცდა ისტორია მქონდა და იქ უკვე მშვიდად შევედი და დავწერე, მესამე ინგლისური იყო და ისიც არ გამჭირვებია. ქართული პირველი რომ იყო, განვიცადე მაინც. რეპეტიტორებთან არ დავდიოდი“.

ბათის თბილისში უნდა სწავლის გაგრძელება ფიზიკური აღზრდის და მწვრთნელის სპეციალობით. ფეხბურთის გუნდშიც თამაშობდა თბილისში, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სოფლის  ცხოვრებამ შინ დააბრუნა.

„ჩემთვის სპორტი არის ყველაფერი. ადამიანს რაც უყვარს, ის უნდა აკეთოს. მეც გადავწყვიტე, რომ სპორტს გავყვე. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. მოედანზე სათამაშოდ რომ შევდივარ, თავისუფლად ვგრძნობ თავს და ყველაფერი მავიწყდება იმის გარდა, რომ უნდა ვითამაშო.

სპორტი დღესდღეობით მსოფლიოში ძალიან განვითარებულია და საქართველოშიც ექცევა ნელ-ნელა ყურადღება. ეს კარგია. ადრე ასე აქტუალური არ იყო სპორტი. საფეხბურთო კლუბ „კოლხში“ ვთამაშობდი, თუმცა სოფელმა დამაბრუნა თავისთან.

15 წლის რომ ვიყავი,  ჩვენს სკოლაში მოვიდა ახალი ქიმიის მასწავლებელი. მან გვკითხა, ვის რა  პროფესიის არჩევა უნდოდა. მე ვთქვი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა. მაშინ მან მითხრა, რომ მისი სიძე არის ტრენერი და დამპირდა, რომ ჩემ შესახებ დაელაპარაკებოდა. ასეც მოხდა და მომივიდა შემოთავაზება. ანუ ჩემი ქიმიის მასწავლებლის დამსახურებაა ჩემი პირველი ნაბიჯები ფეხბურთის სფეროში.

საფეხბურთო კლუბ „კოლხის“ მწვრთნელმა მითხრა, ჩავსულიყავი თბილისში, შემამოწმებდნენ და თუ მოვეწონებოდი, დამიტოვებდნენ. მე ვერ ვახერხებდი, სოფლის პირობების გამო, წასვლას. ფინანსები გინდა, ბინა – თბილისში.

17 წლის რომ გავხდი, ჩემი მეგობრები ცხოვრობენ თბილისში და აქ ჩამოდიან ხოლმე დასასვენებლად, მათ გაიგეს ამ შემოთავაზების შესახებ. დაელაპარაკნენ ჩემს მშობლებს. გადაწყდა, რომ უნდა წავსულიყავი თბილისში. ჩემ გარდა სხვა ქვეყნებიდანაც იყვნენ კლუბში თამაშის მსურველები, მაგრამ მე ამირჩიეს. 4 მატჩი ჩავატარე. ამ ოთხიდან პირველივე თამაშში გავიტანე გოლი და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სიხარული იყო. ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც მინდოდა, მაგრამ შემდეგ ისევ დავბრუნდი სოფელში, საქმეებმა, სკოლამ აქ დამაბრუნა“, – გვიყვება ბათი.

ბათის დაგეგმილი აქვს, თუ უნივერსიტეტში მოხვდება, სწავლის პარალელურად ფეხბურთიც ითამაშოს. თანატოლებს კი მიმართავს, რომ რა მიზანიც აქვთ, დასახული ცხოვრებაში, აუცილებლად იბრძოლონ მის მისაღწევად.

„პირველ რიგში, წარმატებებს, წინსვლას ვუსურვებ ჩემს თანატოლებს. ქალაქელი ბავშვები კონცენტრირებული არიან მხოლოდ სწავლაზე. მათ არ აქვთ სხვა საქმე, ხელსაც უწყობენ ამაში. მე ვეტყოდი, რომ არ დაიზარონ და ისწავლონ. მათ ამისთვის ყველანაირ პირობა აქვთ. ეს შანსი გამოიყენონ და დრო ფუჭად არ გაფლანგონ! რაც მიზანი აქვთ დასახული, იმ გზას გაყვნენ! შრომის გარეშე ვერაფერს მიაღწევენ.

მინდა მშობლებს მივმართო: თუ ატყობენ რომ მათ შვილებს აქვთ რაღაცის ნიჭი, მიხედონ, ყველანაირად ხელი შეუწყონ!  კი მართალია, სოფელია და შეიძლება ვერ მოახერხონ, მაგრამ შეძლებისდაგვარად ეცადონ მაინც!“, – ამბობს ბათი.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური