GE

მხატვრული ნაწარმოების ანალიზი – მეთოდური მითითებები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის

ავტორი: ნინო ლომიძე
მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის საგნობრივი პროგრამის სტანდარტში წლის ბოლოს მისაღწევი შედეგებიდან წერის მიმართულების ერთ-ერთი პუნქტში გაწერილია:

მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ნაწარმოების წერილობით გაანალიზება (ქართ. XI. 9.)

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ცნობარშიც აღნიშნულია, რომ აბიტურიენტმა გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად უნდა შეძლოს წაკითხულის (იგულისხმება პროზაული ან პოეტური ტექსტი/ნაწყვეტი) გააზრება და მხატვრული ტექსტის ანალიზი; აგრეთვე ის უნდა ერკვეოდეს მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელ ლიტერატურათმცოდნეობით ტერმინებში;

მოსწავლეებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ტექსტის მხატვრული ანალიზი ყველაზე რთულად შესასრულებელ მითითებად მიაჩნიათ. არადა, ამ მიმართულებას მასწავლებელი, როგორც წესი, პროგრამული მხატვრული ნაწარმოების შესწავლისას გამუდმებით ამუშავებს. თანაც, წლების განმავლობაში ( არა მარტო საშუალო საფეხურზე) და გაკვეთილის ყველა ეტაპზე – შესავალში, გამოწვევის ფაზაში, მინი-ლექცია-საუბრის, ძირითადი ნაწილის მსვლელობისას, ახსნის თუ მსჯელობის დროს, გამოყენებული მხატვრული სახეების, ხერხების და საშუალებების მიმოხილვისას.

ვფიქრობ, პრობლემას ის ქმნის, რომ მოსწავლეები ვერ ახერხებენ მიღებული დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავებას ამ კონკრეტული მითითების მიხედვით, რადგან მითითება საკმაოდ ზოგადად ან ბუნდოვნად ეჩვენებათ. ამაზე მაშინ დავფიქრდი, როდესაც სოციალური ქსელის პირად ფოსტაში ერთ-ერთი მოსწავლის წერილი დამხვდა. „მხატვრული ანალიზი რომ არ დავწერო, გეწყინებათ? იმიტომ, რომ მხატვრული ანალიზის წერა არ ვიცი და მეზარება უაზრობების ჯღაბნა…”

ამ გულწრფელმა თხოვნა-მობოდიშებამ იმაზე დამაფიქრა, რა არ ან ვერ გავაკეთე სათანადოდ, რატომ ჩათვალა საშუალოზე მაღალი შესაძლებლობების მეთორმეტეკლასელმა, რომლისგანაც არაერთხელ მიმიღია საინტერესოდ შესრულებული წერითი დავალება, რომ მან არ იცის, როგორ დაწეროს მხატვრული ანალიზი.

ამგვარი რეფლექსიის შედეგად დავასკვენი – სამუშაო წლის დაგეგმვისას არ იქნება ურიგო, თუ ცალკე დროს გამოვყოფ ამ მიმართულებაზე სამუშაოდ და კონკრეტული მიზნის მიხედვით დავგეგმავ რამდენიმე გაკვეთილს. დავფიქრდი იმაზეც, რომ საშინაო თუ საკლასო წერითი დავალებების სათაურის მოფიქრებისას იშვიათად გამომიყენებია ფორმულირება – მხატვრული ანალიზი. ამიერიდან კი დავალების დასათაურებისას, თუკი დავალებაში, ცხადია, მოიაზრება მხატვრული ელემენტების მიმოხილვა, ტროპის სახეების ამონიშვნა, ამოცნობა, მათი განხილვა ან მხატვრული ანალიზის რომელიმე დეტალი, ფრჩხილებში მივაწერ – მხატვრული ანალიზი. ასე მოსწავლეებისთვის ცხადი გახდება, რომ ეს ავადსახსენებელი მხატვრული ანალიზი რაღაც აბსტრაქცია ან მიუღწეველი მიზანი კი არ არის, არამედ ის სამუშაოა, რასაც ჩვეულებრივ, წარმატებით ართმევენ ხოლმე თავს.

ამგვარი გაკვეთილისთვის საჭირო მასალაზე ფიქრის და სხვადასხვა წყაროს დამუშავების შედეგად ერთგვარი სახელმძღვანელო მეთოდური მითითებები შევკრიბე და ცალკე დოკუმენტად შევინახე. შესაძლოა, ეს გამოცდილება სხვებისთვისაც საინტერესო იყოს…

წერილში გთავაზობთ ლექსის მხატვრული ანალიზისთვის გამოსადეგ მითითებებს. დაინტერესების შემთხვევაში მოგაწვდით პროზაული მხატვრული ტექსტის საანალიზო მეთოდურ მინიშნებებსაც.

საშინაო დავალება – ლექსის ანალიზი

თემაში დასახელებული/მიმოხილული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

ავტორი, სათაური ( დაწერის თარიღი, თუკი ცნობილია/გვახსოვს)

შექმნის ისტორია ( ვის მიეძღნა ლექსი, არის თუ არა რაიმე საინტერესო ფაქტი ცნობილი დაწერის მიზეზსა თუ მიზანზე…)

მიეკუთვნება თუ არა პოეტი რომელიმე ლიტერატურულ დაჯგუფებას, მიმდინარეობას და ჩანს თუ არა ამ კონკრეტულ ლექსში ამ ლიტერატურული დაჯგუფების/მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
თემა, იდეა, ძირითადი აზრი – მოკლედ – რაზეა ლექსი. შესაძლებელია მოკლე პერიფრაზი ან საკვანძო ადგილების ციტირება.

მხატვრული საშუალებების მიმოხილვა: ტროპის სახეები (ეპითეტები, შედარებები, გაპიროვნება, მეტაფორა, ჰიპერბოლა…)

მხატვრული ხერხები – ალიტერაცია, ალეგორია, ალუზია…

ლირიკული გმირი ( ავტორი თავადაა თუ ვისიმე პირით გადმოსცემს სათქმელს…)
ლექსის ფორმა, გარეგნული საბურველი ( რითმა, რიტმი…)

მზა ენობრივი ფორმულები:

ხშირად მოსწავლეებს უჭირთ აბზაციდან აბზაცზე გადასვლა, თანმიმდევრობის შენარჩუნება ან სულაც, დაწყება. მსგავსი ენობრივი ფორმულების გაცნობა მათ ამ სირთულეების დაძლევაში დაეხმარება:

ტექსტში ( ლექსში, პოეტურ ნაწარმოებში, ლირიკულ ნაწარმოებში) საუბარია …აღწერილია…ავტორი ეხება…აღწერს…საუბრობს…მოგვითხრობს….გვიყვება…

თანდართულ ცხრილში კი დაჯგუფებულია ის ძირითადი შეფასებითი/აღწერითი ელემენტები, რომლებიც მხატვრული ტექსტის ანალიზისას გხვდება ლიტერატურამცოდნეების კვლევებში:

ავტორისეული პოზიციის კომენტირება:

(მსჯელობა ტექსტში გადმოცემული აზრის შესახებ)

 

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური