„სწავლა იწყება მაშინ, როცა ბავშვს მასწავლებლისა და მშობლის რწმენა აქვს“ – ახალგაზრდა მასწავლებლის რჩევები
ავტორი: თამარ მიჩიტაშვილი, დაწყებითი საფეხურის მაგისტრი მასწავლებელი თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლაში.
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
სწავლა არ იწყება წიგნებით, დაფით ან გაკვეთილის პირველ სიტყვებში. ის იწყება იმ წუთიდან, როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ მისი შინაგანი ხმა ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია; როდესაც ვიღაცას სჯერა მისი, არა სიტყვებით, არამედ თვალებით, მოქმედებით და მოთმინებით. სწორედ ამ რწმენის ქვეშ იბადება სიმამაცე- მოინდომოს ფიქრი, სცადოს შეცდომა, იპოვოს საკუთარი გზა. ბავშვთა სამყარო არის სულისა და გონების მიკოსმოსი, შიშებით, კითხვებით, სიხარულითა და შთაგონებით აღსავსე.
ამ სივრცეში შეღწევა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც ბავშვი ენდობა. სწორედ ამიტომ მასწავლებლის როლი ბევრად აღემატება საგნის სწავლების ფუნქციას – ის ხდება ხიდი ბავშვსა და სამყაროს შორის. თუ მასწავლებლის მზერა სავსეა მოთმინებით და პატივისცემით, ბავშვი სწავლობს თავისუფალ ფიქრს. მასწავლებელი, რომელიც ბავშვისთვის რწმენად იქცევა, არის შუამავალი ცოდნასა და შინაგან სამყაროს შორის. ის საკუთარ შეცდომას ხედავს როგორც პროცესის ბუნებრივ ნაწილს, სწავლობს არა უბრალოდ პასუხის გაცემას, არამედ აზროვნებას, კითხვების დასმას, პრობლემის გათვალისწინებას. შეცდომას აღვიქვამს არა როგორც მარცხს, არამედ როგორც ღირებული ნაბიჯი ცოდნისკენ. ეს რწმენა კიდევ უფრო ძლიერდება იმ გარემოში, სადაც სიტყვას მნიშვნელობა აქვს. როდესაც მასწავლებელი ამბობს: “მოდი ერთად ვიფიქროთ”, “შეცდომა მხოლოდ ახალი შესაძლებლობაა”, ბავშვი სწავლობს საკუთარ თავთან საუბარს. მასწავლებელი ხდება არა მხოლოდ გარე ავტორიტეტი, არამედ ქვეცნობიერის ხმა, რომელიც გონების კუთხეებში ჩუმად ბიძგს აძლევს, ამხნევებს და დანებების საშუალებას არ აძლევს. რწმენა ჩუმად ყალიბდება. ის ჩნდება მაშინ, როცა ბავშვი გრძნობს, რომ მასწავლებელს სჯერა მისი, მაშინაც კი, როცა თავად ეჭვობს საკუთარ ძალებში. ხშირად სწორედ ეს რწმენა რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორც ქვეცნობიერის ხმა, რომელიც რთულ მომენტებში ახსენდებს: „შენ შემიძლია“.
რჩევები მასწავლებლებისთვის:
- დაინახეთ ბავშვი და არა მხოლოდ მოსწავლე;
- შეცდომა აქციეთ რესურსად;
- ილაპარაკეთ ისე, რომ ბავშვმა საკუთარ თავთან საუბარი ისწავლოს;
- გულწრფელობა არასოდეს იყოს ფარისევლობა.
მაგრამ რწმენა მხოლოდ სკოლაში არ იბადება. მშობლის მაგალითი, მხარდაჭერა და მოთმინება ქმნის დასაყრდენს. მშობლის როლი მასწავლებლისას უდრის. ბავშვის, რომელისაც სახლში სჯერათ, სკოლაში თამამად სწავლობს, ეძებს ახალ ცოდნას და საკუთარ შესაძლებლობებს იკვლევს. მშობელი და მასწავლებელი – ერთობლივი რწმენა – ეს არის ნიადაგი, რომელზეც ბავშვის შინაგანი კონსტრუქცია იზრდება. სწავლის პროცესი არ არის სტრუქტურირებული პროგრამებით ან მეთოდებით ერთი და იგივე. ეს არის ემოციების, შეხედულებების, დამოკიდებულების, გამოცდილების და ურთიერთობების ქსელი. მასწავლებელი, რომელიც რწმენად იქცევა, აძლევს ბავშვს საშუალებას ნება დართოს საკუთარ ინტერესს, საკუთარ ტალანტსა და შეცდომას. მშობელი, რომელსაც სჯერა საკუთარი შვილის, აძლევს საშუალებას, რომ სკოლაში მიღებული რწმენა შინაგან დარწმუნებად აქციოს.
რჩევები მშობლებისთვის:
- ნუ შეადარებთ თქვენს შვილს სხვებს – შეადარეთ გუშინდელ მას;
- მოუსმინეთ ისე, რომ გამოსწორება არ დაასწროთ;
- ნუ დააკნინებთ მასწავლებელს ბავშვის თვალში;
- დაანახეთ, რომ სწავლა ღირებულებაა, არა მხოლოდ ვალდებულება;
- იყავით მისი რწმენის პირველი წყარო.
სკოლა შეიძლება იყოს ადგილი, სადაც ბავშვი უბრალოდ დავალებებს ასრულებს. მაგრამ ის შეიძლება იყოს სივრცე, სადაც ბავშვი საკუთარ თავს აღმოაჩენს. როცა მასწავლებელი და მშობელი ბავშვის რწმენად იქცევიან, სწავლა აღარ არის ვალდებულება. ის ხდება ურთიერთობა, დიალოგი, თანააზროვნება. სწორედ ამ რწმენის ძალით იქმნება არა მხოლოდ ცოდნა, არამედ ადამიანი. მშობლისა და პედაგოგის ამ სიღრმისეულ ურთიერთობაში ბავშვი სწავლობს უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი საგანი შესასწავლისას. ის სწავლობს საკუთარ შესაძლებლობებს, თვითგადატანას, შეცდომის მნიშვნელობას, შიშის დაძლევას, ინტერესის გაღვივებას და რწმენის ძალას – იმ ძალას, რომელიც სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე წარმატების საწინდარია. სწორედ აქ იწყება გზა არა მხოლოდ ცოდნისკენ, არამედ ადამიანის სრულყოფისკენ.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია რომელი სკოლა რა თანხას მიიღებს ერთ მოსწავლეზე კლასების მიხედვით და რამდენი იქნება დამატებითი დაფინანსება – დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
„მასწავლებლის ახალი სქემის მთავარი კრიტიკული ხარვეზი“ – რა გახდება პედაგოგის პრიორიტეტი მოსწავლის ნაცვლად
by განათლებული ბლოგი
-
თანაგიგრძნობ თუ გითანაგრძნობ? – ის, რაც აბიტურიენტმა რთული და კომპოზიტებისგან ნაწარმოები ზმნების მართლწერაზე უნდა იცოდეს
by გრამატიკული ცნობარი