GE

ტელეფონი მასწავლებლის ხელში – „დანაშაული“ თუ გადარჩენის ერთადერთი გზა?

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: „ის, რომ პედაგოგი მობილურ ტელეფონს გაკვეთილის მიმდინარეობისას შესაბამის შემნახველ ყუთში მოსწავლეების ტელეფონებთან ერთად მოათავსებს, ეს იქნება მაგალითი მათთვის. ამას მასწავლებლებისთვის არ აქვს აკრძალვის ხასიათი. ეს არის უბრალოდ პირადი მაგალითის მიცემა მოსწავლეებისთვის. თუმცა როგორი იქნება ზუსტად რეგულაცია, ამ წუთას წესი შედგენილი არ არის, ვმუშაობთ. მაგრამ შინაარსი არის ის, რომ მასწავლებელი მაგალითი გახდეს ბავშვისთვის“.

ტელეფონი მასწავლებლის ხელში „დანაშაული“ თუ გადარჩენის ერთადერთი გზა?

სანამ „ზემდგომნი“ კაბინეტებიდან ახალ-ახალ აკრძალვებსა და რეგულაციებს იგონებენ, მოდით, შევიდეთ იმ რეალურ, ხშირად გაუბედურებულ სკოლებში, სადაც განათლება არა სისტემის წყალობით, არამედ მასწავლებლის პირადი ჯიბის ხარჯზე ცოცხლობს.

განათლების რეფორმა თუ მასწავლებლის პირადი ქველმოქმედება? მოდით, ვნახოთ, რა ‘ინფრასტრუქტურაზე’ დგას სინამდვილეში ქართული სკოლა.

– ეს არის მასწავლებელი, რომელიც საკუთარი ხელფასით ნაყიდი ინტერნეტით ცდილობს ბავშვებს სასწავლო რესურსი აჩვენოს, რადგან სკოლაში ინტერნეტი ან არ არის, ან მხოლოდ „ზემდგომების“ კაბინეტებში „იჭერს“.

– ეს არის მასწავლებელი, რომელიც საკუთარი სახსრებით ყიდულობს ბლუთუზ-დინამიკს, რადგან სკოლას მოსასმენი დავალებებისთვის აპარატურა არ გააჩნია.

– ეს არის მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილის ბოლოს დაფას ფოტოს უღებს და კლასის ჩატში უგზავნის მოსწავლეებს, რადგან დრო არ ეყოთ, რესურსი არ ეყოთ და ეს ერთადერთი გზაა, რომ ბავშვს მასალა სახლში გაჰყვეს.

– ეს არის ელექტრონული ჟურნალი, რომელიც მასწავლებელმა საკუთარი ტელეფონით უნდა შეავსოს, რადგან სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.

და ამ ყველაფრის ფონზე, მასწავლებელს უკრძალავენ ტელეფონის გამოყენებას!

მოდით, შევადაროთ:

ეკრანებზე: ვხედავთ “ზემდგომებს” 12 800-ლარიან ხელფასით, რომლებიც პირდაპირ ეთერში, მოურუდებლად და უდარდელად ისწორებენ მაკიაჟს, სქროლავენ სოციალურ ქსელებს და ერთობიან მობილურებით, სანამ ქვეყნის ბედი წყდება. მათთვის ტელეფონი გასართობია.

სკოლაში: მასწავლებლისთვის ტელეფონი ერთადერთი „ინფრასტრუქტურაა“ გაუბედურებულ საკლასო ოთახში. ის ამ ტელეფონით საკუთარ ფულს ხარჯავს, რომ გაკვეთილი არ ჩაუვარდეს. და ამისთვის მას საყვედურობენ!

რა ჰქვია სისტემას, სადაც მენტორ მასწავლებელს 6 წელი სჭირდება იმ თანხის მოსაგროვებლად, რასაც პარლამენტარი 1 თვეში იღებს, მაგრამ ამავდროულად მასწავლებელს საკუთარი ხარჯით უწევს სკოლის ფუნქციონირების უზრუნველყოფა?

სირცხვილია, როცა მასწავლებელს ტელეფონს ართმევ მაშინ, როცა ინტერნეტიც კი არ მიგიწოდებია. სირცხვილია, როცა 81-ლარიან დამრიგებელს აყვედრი იმ კაპიკებს, რომლითაც ის ისევ შენს გაუბედურებულ სკოლას ინახავს.

სისტემა მასწავლებლებსა და მათსავე კეთილ ნებაზე დგას!

ასევე იხილეთ:

„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება

წყარო: Learn English with Levan, ავტორი: ლევან სამადაშვილი, ბლოგერი, ანგლისტი, მასწავლებელი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური