GE

„მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ ატესტატი“ – გამოცდების ცენტრი 2021 წლის აბიტურიენტების ნაწილს მიმართავს

მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთა საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია ატესტატის წარმოდგენის შესახებ, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, 2021 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. აღიშნული ინფორმაცია საგამოცდო ცენტრმა დღეს გაავრცელა.

„შეგახსენებთ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია ატესტატის წარმოდგენის შესახებ, 2021 წლის 20 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა მოიტანოთ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში“,  – მიმართავს გამოცდების ცენტრი 2021 წლის აბიტურიენტებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, წინააღმდეგ შემთხვევაში აბიტურიენტი ჩარიცხვებში ვერ მიიღებს მონაწილეობას.

ცენტრი თვალსაჩინოებისთვის აქვეყნებს ფოტოსაც, თუ სად იქნება შესაბამისი მოთხოვნა აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე მითითებული:

აბიტურიენტს ასევე შეუძლია შესაბამისი დოკუმენტი გააგზავნოს ელექტრონულად gancxadebebi@naec.ge-ზე თანდართული განცხადებით. განცხადება უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, ხელმოწერილი და დასკანერებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განცხადებას არ მიეცემა მსვლელობა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაუბრუნდება განმცხადებელს.

განცხადებაში უნდა იყოს აღნიშნული:

  • იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
  • განმცხადებლის ვინაობა, მისამართი (სასურველია – ტელეფონის ნომერი);
    მოთხოვნა;
  • განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა;
  • განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა, მათი არსებობის შემთხვევაში. განცხადებას უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი (იმ შემთხვევაში, თუ განცხადებას წერს პირის კანონიერი წარმომადგენელი, კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის მოწმობის ასლიც), ასევე, ყველა ის საბუთი, რომელთა წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური