GE

„ნაეკი“, სამაგისტრო გამოცდებამდე პასუხების გამოქვეყნების შესაძლო ფაქტზე, იმ აპლიკანტებს აფრთხილებს, ვინც B და C ტიპის ტესტი უნდა წერონ

ფოტო –
მაია მიმინოშვილი , არის ჯი (c)

სამაგისტრო გამოცდის B და C ნაწილის ჩატარებამდე სწორი პასუხების სავარაუდო გამოქვეყნების ფაქტის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს და იმ აპლიკანტებს აფრთხილებს, რომლებმაც B და C ტიპის ტესტები 18-იდან 25 ივლისის ჩათვლით უნდა წერონ.

“მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებიც B და C ტესტებს აბარებენ, ვთხოვთ, არ ენდონ ინფორმაციას, რომ ცენტრის ვებგვერდის მობილური, ანდროიდ ვერსიით აღნიშნული ტესტების სწორი პასუხების ნახვა იყო შესაძლებელი. ამ (ანდროიდ) ვერსიით სწორ პასუხებთან ერთად მართლაც ჩანდა დამატებითი 2 გვერდი, თუმცა ეს მონაცემები არ გახლავთ B და C ტესტების სწორი პასუხები (რაშიც ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნებისთანავე). ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული მონაცემების, როგორც სწორი პასუხების გამოყენება ტესტზე მუშაობისას ერთმნიშვნელოვნად დააზარალებს მაგისტრანტობის კანდიდატს”, – ნათქვამია  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დღეს გამოქვეყნებულ დამატებით განცხადებაში.

როგორც ცნობილია, მაგისტრობის მსურველების ნაწილმა 11 და 12 ივლისს A ტიპის ტესტები წერეს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კი აღნიშნული ტესტები პასუხებთან ერთად გამოცდების დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, A ტიპის ტესტების გარდა, გამოცდების მიერ გამოქვეყნებულ ტესტებში სავარაუდოდ B და C ტიპის ტესტების სწორი პასუხებიც ჩანდა. აღნიშნული ინფორმაცია „ნაეკმა“ უარყო და საპასუხოდ გუშინ განცხადებაც გაავრცელა. 

მაგისტრობის მსურველები B და C ტიპის ტესტებს შემდეგი თანმიმდევრობით აბარებენ:

B ტიპის ტესტი – 18 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
B ტიპის ტესტი – 19 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა;

C ტიპის ტესტი – 24 ივლისი (მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
C ტიპის ტესტი – 25 ივლისი (მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm