GE

ნაეკი საგამოცდო ცენტრების მოწყობას 25 ივნისიდან იწყებს

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 2021 წლის 15 ივნისს სრულდება. 25 ივნისიდან კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, დროებით, იმ სკოლების შენობები გადაეცემა, სადაც საგამოცდო ცენტრები უნდა განთავსდეს.

მათ შორისაა თბილისის 177-ე საჯარო სკოლა, რომელსაც ელექტროგაყვანილობის პრობლემები აქვს და შესაძლოა გამოცდების მიმდინარეობას საფრთხე შეექმნას.

საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ, სკოლის ეზოში გამავალი და შენობაში შემავალი ძალოვანი კაბელის შეცვლისთვის გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მოთხოვნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. შესყიდვის ღირებულება  12 302.77 ლარია. თანხმობის მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულება 5 ივნისიდან 20 ივნისამდე პერიოდში უნდა გაფორმდეს.

როგორც შესყიდვების დოკუმენტაციით ირკვევა, სკოლის/საგამოცდო ცენტრის შენობას ელექტრო-ენერგია დადგენილი სტანდარტებით არ მიეწოდება, რადგან შენობაში შემავალი ძალოვანი კაბელი, მოკლევადიან შუალედებში სამჯერ დაზიანების და აღდგენის მიუხედავად, კვლავ დაზიანდა.

„გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია სასწავლო პერიოდში სკოლის შენობისთვის ელექტრო-ენერგიის სტაბილური და საიმედო მიწოდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეროვნული გამოცდების პერიოდში, სკოლის შენობაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ელექტრო ენერგიით სტაბილური და საიმედო მომარაგების უზრუნველყოფა. ძალოვანი კაბელი არის ძველი, ამორტიზებული და აღდგენას პრაქტიკულად აღარ ექვემდებარება, რის გამოც საჭიროა მისი შეცვლა, რათა შენობას სტაბილურად და საიმედოდ მიეწოდებოდეს ელექტრო ენერგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება სასწავლო პროცესის და განსაკუთრებით, საგამოცდო პროცესის წარმართვა“, – ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის დასაბუთებაში.

სკოლის შენობა, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საგამოცდო ცენტრის მოსაწყობად 2021 წლის 25 ივნისიდან უნდა გადაეცეს. 2021 წლის ეროვნული გამოცდებისთვის ჯამში 25 საგამოცდო ცენტრი იქნება მოწყობილი.

2021 წლის ეროვნული გამოცდების მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია – სად იგეგმება საგამოცდო ცენტრების მოწყობა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური