GE

„ნაეკში“ 1 900 აბიტურიენტის საჩივარი შევიდა – როდის გახდება ცნობილი აპელაციის შედეგები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სააპელაციო განაცხადების მიღება დასრულდა. ამ უფლებით სულ 1 900-მა აბიტურიენტმა ისარგებლა. საჩივრების განხილვა სპეციალურმა კომისიამ გუშინ დაიწყო და შედეგები ცნობილი 2-3 დღეში გახდება.

თუმცა, როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, არაა გამორიცხული აპელაცია რომელიმე აპლიკანტისათვის წამგებიანიც აღმოჩნდეს და მომატების ნაცვლად ქულები დააკლდეს.

ივა მინდძე: აპელაციების რაოდენობა დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც შარშან -1 900.

– რომელ საგანშია ყველაზე მეტი გასაჩივრება?

ი.მ: ქართულზე. ამ საგანში დაახლოებით 400 საჩივარი შემოვიდა. უნარებშიც არის დაახლოებით 100, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხდები რის გასაჩივრება ხდება ხოლმე ასეთ დროს. ეს ზოგადად გაუგებარია, რადგან უნარებში მთლიანად დახურული დავალებებია, რომელსაც პროგრამა ასწორებს, ამიტომ ძნელი სათქმელია რამდენად აქვს აზრი ამის აპელაციას.

– არ დაფიქსირებულა პრეცენდენტი, როცა ზოგად უნარებში აპელაციამ აბიტურიენტის სასარგებლოდ გამოიღო შედეგი?

ი.მ: არა. პროგრამით სწორდება და ერთადერთი ის შეიძლება, რომ პროგრამამ ჯვარი ვერ წაიკითხოს, თუმცა ასეთი რამ ამ 13 წლის განმავლობაში არ გვქონია.

– ყველაზე ცოტა საჩივარი რომელ საგანში შემოვიდა?

ი.მ: ფრანგულში. ბიოლოგიაში, ფიზიკაში და ქიმიაში რამდენიმე ათეულია.

– ქართულში ყველაზე მეტი საჩივარი რომელ დავალებაზე მოდის?

ი.მ: როგორც წესი თხზულებებზე. როგორც უცხოურ ენაში, ისე ქართულში თხზულება და არგუმენტირებული ესეა ხოლმე პრობლემური. აქ უფრო ფიქრობენ, რომ რაღაც დაწერეს, იგულისხმეს და გამსწორებელმა ეს ვერ გაიგო.

– წელს უცხო ენაშიც და ქართულშიც იყო დავალებები, რომლებიც სპეციალისტების ნაწილმაცა და თავად აბიტურიენტებმაც სადაოდ მიიჩნიეს. როგორ გადაწყდა ეს საკითხები?

ი.მ: მე მგონი ყველა დავალებაცა და შეფასების სქემაც მართებულია. კითხვაც სწორი იყო და პასუხიც.

– რამდენ დღეში დასრულდება საჩივრების განხილვა?

ი.მ: სააპელაციო განაცხადების განხილვა უკვე დაიწყო და ვფიქრობ სამი-ოთხი დღე დასჭირდება.

– წინა წლების მაგალითის მიხედვით, განაცხადების დაახლოებით რამდენი პროცენტი წყდება ხოლმე აბიტურიენტების სასარგებლოდ?

ი.მ: ალბათ, მეხუთედი, მეექვსედი. განხილვამ საპირისპირო შედეგიც შეიძლება მოიტანოს-შეიძლება აბიტურიენტს დააკლდეს ქულა, თუკი კომისია ჩათვლის, რომ ნაშრომი მეტისმეტად ლმობიერადაა გასწორებული. ასეთი შემთხვევები წინა წლებში გვქონდა.

2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები და პასუხები

განათლების სამინისტრო 2017 წლის აბიტურიენტებს აფრთხილებს

2017 წლის აბიტურიენტების წერილი ლიტერატურის გამოცდის თაობაზე და „ნაეკის“ პასუხი

მოამზადა თაკო მათეშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური